გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გურამ კახაძე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მე ომბუდსმენი" და ზაზა პაპიძე ნანიკო ხაზარაძის, რუსკა მაყაშვილის და გია ჯაჯანიძის წინააღმდეგ
21.11.2022

განმცხადებელი : გურამ კახაძე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მე ომბუდსმენი", ზაზა პაპიძე;
მოპასუხე : ნანიკო ხაზარაძე, რუსკა მაყაშვილი, გია ჯაჯანიძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი;

11 ნოემბერი,  2022 წელი

საქმე N – 603, 604, 605

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს გურამ კახაძემ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „მე ომბუდსმენი", ზაზა პაპიძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2022 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „ჩვენი ოჯახი” წამყვანებმა - ნანიკო ხაზარაძემ, რუსკა მაყაშვილმა და გია ჯაჯანიძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე”. განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადებები და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

გადაცემის სადავო მონაკვეთში ერთ-ერთი სტუმარი, თამარ მაყაშვილი ამბობს: „არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს (თამარ მაყაშვილის შვილიშვილი) არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური. კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი მეთქი..."

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ რესპოდენტმა დამცინავად მოიხსენია ხულოელი ბავშვები, რაზეც გაეცინათ ჟურნალისტებსაც და ამ განცხადებას არ გაემიჯნენ. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ გადაცემის წამყვანებს უნდა ესმოდეთ მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ უნდა დაეცვათ ბავშვთა უფლებები.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. თამარ მაყაშვილის კომენტარი იყო დისკრიმინაციული, ჟურნალისტებმა კი არაფერი იღონეს მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. პირდაპირი ეთერის დროს იგი უნდა გაემიჯნოს სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებას, ხოლო ჩანაწერის შემთხვევაში, საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის, თუმცა ცალსახად უნდა ჩანდეს ჟურნალისტის პოზიცია, რომ იგი არ იზიარებს ამას.

აღნიშნულ შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ გამოუჩენიათ ძალისხმევა, რომ ხელი შეეშალათ დისკრიმინაციის წახალისებისთვის, პირიქით, საკუთარი რეაქციით/სიცილით ხელი შეუწყვეს ამას. წამყვანებს არ უჩვენებიათ აუდიტორიისათვის, რომ არ იზიარებდნენ რესპონდენტის ფრაზას, რომელიც ხულოელი ბავშვის მარგინალიზებას ახდენდა; ნეგატიურ კონტექსტში გამოარჩევდა მას ტრადიციით, ჩაცმის წესითა თუ სხვა კულტურული გარემოებით. სადავო ფრაზის კონტექსტი აჩვენებდა იმას, რომ „ბეშუმური კაბა” დაკავშირებული იყო უგემოვნობასა ან უშნოსთან.

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ღონე იხმაროს მისი თავიდან ასაცილებლად.

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ბავშვის საუკეთესო ინტერესზე.

არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე. უნდა შეფასდეს, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ჟურნალისტურმა მასალამ გამოიწვიოს არასრულწლოვნის ბულინგი, დისკრიმინაცია ან სტიგმატიზება.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადაცემაში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და შესაძლო ნეგატიური შედეგები. არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნულ კომენტარს ნეგატიური ემოციური ზეგავლენა ჰქონდეს ხულოელ ბავშვებზე არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც, რადგან შესაძლებელია საზოგადოების ნაწილმა ისინი მათი ჩაცმულობით გამოარჩიოს.

განსახილველ შემთხვევაში, წამყვანებმა სრულად უგულვებელყვეს ბავშვთა ინტერესები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნანიკო ხაზარაძემ, რუსკა მაყაშვილმა და  გია ჯაჯანიძემ დაარღვიეს ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპები.