გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ
22.11.2022

განმცხადებელი : სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
მოპასუხე : ნანუკა ჟორჟოლიანი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

3 ნოემბერი,  2022 წელი

საქმე N – 595

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს „მთავარი არხის” გადაცემაში „სხვა ნანუკა” წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-4 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები და მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

რეპორტაჟი ეხებოდა დედას, რომლის შვილებიც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არ გამოიჩინა პატივისცემა საზოგადოების მიმართ და არ გადაამოწმა ინფორმაცია ორ წყაროსთან. განმცხადებლის თქმით, პრობლემურია, რომ ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს: „ბავშვებთან განშორების მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ სიდუხჭირე და გაჭირვება“. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტი ტელეფონით უკავშირდება სოციალურ მუშაკს, უსახელებს მშობლის სახელს და გვარს და სთხოვს მიზეზების განმარტებას, სოციალურ მუშაკს კი არ ჰქონდა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის უფლება სხვა პირზე. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების” აზრით, ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად უნდა დაკავშირებოდა სხვა რელევანტურ წყაროს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში აჩენს/აღვივებს უნდობლობას სოციალური მუშაკების მიმართ, რაც დამაზიანებელია ამ ინსტიტუტისთვის.

მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მასალაში არ გავრცელებულა არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მან წარმოადგინა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომელიც, მისი თქმით, ზუსტად იმეორებდა სოციალური მუშაკის დასკვნას. ამიტომ, ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ დადასტურებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშობელი შვილებისგან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო იყო დაშორებული. ასევე, ჟურნალისტის თქმით, მან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ინფორმაციის გავრცელებამდე ჟურნალისტს ჰქონდა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება.

საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი გაშუქება. რეპორტაჟში გავრცელებული ინფორმაცია არ ყოფილა განზოგადებული და ჟურნალისტი მაყურებელს აწვდიდა ერთი კონკრეტული რესპონდენტის ისტორიას, რომელშიც გავრცელებული ინფორმაცია სხვა წყაროებთანაც იყო გადამოწმებული.

საბჭომ ვერ გამოკვეთა გარემოება/ინფორმაცია, რომელიც არსებითად არაზუსტი იყო და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა, ან არ იყო გადამოწმებული, ამიტომ ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მეოთხე პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”.

განმცხადებელის თქმით, რამდენიმე შემთხვევაში რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რომ მათი საუბარი იწერებოდა და ეთერში მოხვდებოდა, რაც არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანია.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იგი სოციალურ მუშაკებთან დარეკვის დროს თავის ვინაობას აცნობდა და მათ უნდა ჰქონოდათ მოლოდინი საუბრის ჩაწერის. რაც შეეხება მინდობით აღმზრდელს, ჟურნალისტის თქმით, მისი მიზანი არასწორი დამოკიდებულებების მხილება და პრობლემის მაყურებლისთვის ჩვენება იყო, შესაბამისად, თუ გაამხელდა, რომ ბიოლოგიურ დედასთან მის საუბარს იწერდა, იყო საფრთხე, მას აღარ ეპასუხა.

საბჭოს აზრით, ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვებისას არ გამოუყენებია არაკეთილსინდისიერი მეთოდები. მან მიმართა ჟურნალისტური გამოძიების ხერხს, რომელიც ამ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს, რადგან მსგავსი თემების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და საჭირო ინფორმაციის მისაღებად მსგავსი ჟურნალისტური მეთოდი დასაშვებია. შესაბამისად, ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მეოთხე პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნანუკა ჟორჟოლიანს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-4 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა