გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნოდარ რუხაძე გიორგი აბაზაძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ
29.11.2022

განმცხადებელი : ნოდარ რუხაძე;
მოპასუხე : გიორგი აბაზაძე, ლევან ჯავახიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

10 ნოემბერი, 2022 წელი

საქმე N – 597

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნოდარ რუხაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” წამყვანმა, ლევან ჯავახიშვილმა და ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, ყალბი აღმოჩნდა; სიუჟეტის მიხედვით, ჩატს, სადაც თითქოს ამ აქციის ორგანიზება დაიგეგმა, „რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირში მყოფი” მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ერნსტ ხეჩუმოვი მართავდა, რასაც იგი უარყოფდა; „სირცხვილიას" კიდევ ერთი აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კი, რომელიც აქციის გასაპროტესტებლად სოციალურ ქსელში აქტიურობდა, „იმედთან" საუბარს თავს არიდებდა .

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით, ჟურნალისტის განცხადება [„რადიკალური ოპოზიციასთან კავშირში მყოფი მოძრაობა სირცხვილია”], „სირცხვილიას” წარმოაჩენდა ოპოზიციური პარტიების ნაწილად.

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი არის მანიპულაციური, რომ თითქოს ნოდარ რუხაძე და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" დგანან პრორუსული, მძიმე პროვოკაციული აქციის დაგეგმვის უკან.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ განმცხადებელი დაკავშირებულია აქციასთან და ამ ინფორმაციას „ქრონიკის წყარო" ადასტურებს.

ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჰყავდეს კონფიდენციალური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა. თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ რუხაძემ უარი განაცხადა კომენტარზე, ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ეთიკური პასუხისმგებლობისგან, რომ გააშუქოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.

მესამე პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული, რა წყაროს ეყრდნობიან ჟურნალისტები, თუმცა არც ის მტკიცდება, რომ მათ წყარო საერთოდ არ ჰყავდათ. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებდა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაყალბებაზე, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

„სიუჟეტი არის მანიპულაციური და საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რომ თითქოს ნოდარ რუხაძე და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" დგანან პრორუსული, მძიმე პროვოკაციული აქციის დაგეგმვის უკან“ - აღნიშნავდა განმცხადებელი. ქარტიის საბჭოს კითხვაზე, სხვა დროსაც გაავრცელა თუ არა ტელეკომპანია „იმედმა” მოძრაობა „სირცხვილიასთან" დაკავშირებით არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, განმცხადებელმა წარმოადგინა დამატებით მასალები.

აღნიშნულ სტატიებშიც ინფორმაციები არ არის სათანადოდ გადამოწმებული და ნეგატიურ შინაარს ატარებს მოძრაობა „სირცხვილიას" მიმართ, რაც საბჭოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიერ არაზუსტი/გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს. ერთი მედიასაშუალების მიერ კონკრეტულ სუბიექტზე არასწორი ინფორმაციის პერმანენტულად გავრცელება მიანიშნებს განზრახვაზე და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დაირღვა მე-11 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი აბაზაძემ და ლევან ჯავახიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. გიორგი აბაზაძეს და ლევან ჯავახიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა