გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანასტასია ლოსაბერიძე სოფიო ბეროშვილის წინააღმდეგ
29.11.2022

განმცხადებელი : ანასტასია ლოსაბერიძე;
მოპასუხე : სოფიო ბეროშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

3 ნოემბერი, 2022 წელი

საქმე N – 598

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანასტასია ლოსაბერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის დილაში” რუბრიკაში „თათების იმედის მეგობრები" ჟურნალისტმა სოფიო ბეროშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლი. მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ცხოველთა სასტუმროს და იქ შეფარებული ლეკვების სიკვდილს ეხებოდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არ დაიცვა ბალანსი და გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისი თქმით, იგი სიუჟეტის მთავარი გმირია, თუმცა არავინ დაკავშირებია კომენტარის ჩასაწერად. განმცხადებლის თქმით, იმის გამო, რომ მისი პოზიცია არ იყო ასახული სიუჟეტში, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი [ნოდარ მაწკეპლაძე] მოიხსენიებს, როგორც ლიზა ჯორჯაძის პარტნიორს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ იგი მესამე პირი იყო, სასტუმროს ყოფილი თანამშრომელი და რაიმე ვალდებულება ან პასუხისმგებლობა არ ჰქონია ლეკვების პატრონთან, თუმცა იგი წარმოჩენილია ისე, თითქოს მისი ბრალეულობაა პატრონის არაინფორმირებულება ან ლეკვების სიკვდილი.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. სიუჟეტში არ ჩანს მოპასუხე მხარე, ანასტასია ლოსაბერიძე, ჟურნალისტს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია მასთან. მას, როგორც ამბის მონაწილე პირს, შეეძლო ჟურნალისტისთვის მიეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია და იმას, რაც მაყურებელმა ნახა, აკლდა გადამოწმება, ბალანსი და წყაროები.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო არ მსჯელობს, გავრცელებული ინფორმაცია იყო თუ არა სწორი, არამედ აფასებს, მიეწოდა თუ არა მკითხველს ინფორმაცია გადამოწმებული, დაბალანსებული სახით. სახეზეა, რომ სიუჟეტში არ არის ანასტასია ლოსაბერიძის კომენტარი, თუმცა აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის  ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა დედამისისგან [სოფო ლოსაბერიძე] აიღო ინტერვიუ, სადაც საუბრის ბოლოს უთხრა, რომ ჩაწერას მორჩა და მიკროფონს ხსნიდა, თუმცა ჩაწერა მაინც მიმდინარეობდა და დედამისის საუბარი მოხვდა სიუჟეტში.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის მე-4 პრინციპი არ დარღვეულა. ჟურნალისტს რესპონდენტთან ჰქონდა ინტერვიუ, შესაბამისად, წყაროს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ მისი ნათქვამი გამოყენებული იქნებოდა სიუჟეტში. ჟურნალისტს არ მოუპოვებია ინფორმაცია არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდებით.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელმა წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, ესაუბრება მედიასაშუალების პროდიუსერს. მასალაში ჩანს, რომ განმცხადებელი თავისი პრეტენზიების შესახებ ინფორმაციას აწვდის მედიასაშუალებას.

ცნობილია, რომ მედიასაშუალებამ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არ გაუსწორებია და შესაბამისად, ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ინფორმაცია არ შესწორებულა ქარტიის საბჭოს მიერ რეკომენდირებული წესით, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მაყურებელმა თავად მედიასაშუალებიდან იცოდეს, რომ გავრცელებული იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მას სიუჟეტის ავტორთან წლებია აქვს დაპირისპირება და ჟურნალისტმა მის წინააღმდეგ პოლიციაში სამჯერ შეიტანა საჩივარი. განმცხადებელმა წარმოადგინა მასალები, სადაც ჩანს მათი ურთიერთობა სოციალური ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა განზრახ.

ქარტიის პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას დადგინდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო ცალმხრივი, ბალანსი არ იყო დაცული. დამატებით, საბჭოს შეფასებით, იკვეთება განზრახვაც. ამის საფუძველს საბჭოს აძლევს შემდეგი გარემოება: სიუჟეტის ავტორს წინასწარი განწყობები ჰქონდა თემასთან/განმცხადებელთან დაკავშირებით; ჩანს მისი ინტერესთა კონფლიქტი; მას საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებში ჰქონდა დაპირისპირება ანასტასია ლოსაბერიძესთან.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სოფიო ბეროშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
  2. სოფიო ბეროშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა