განმცხადებელი : თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი;
მოპასუხე : ია ასათიანი, ნონა ქვლივიძე, ნინიკო გიგაური, ანა მდივანი, TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
13 ოქტომბერი, 2022 წელი
საქმე N – 585, 586, 587, 588
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა
ქველიაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს მედიაგამოცემა „აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი; 2022 წლის 10 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” და „TV პირველის” სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი; ამავე დღეს „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კი დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრნენ „აი, ფაქტის” ჟურნალისტები ია ასათიანი და ნონა ქვლივიძე; „მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინიკო გიგაური და „TV პირველის” ჟურნალისტი ანა მდივანი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
„TV პირველის" სადავო სტატიაზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, „აი,
ფაქტის” ჟურნალისტები და წარმომადგენლები.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
„აი, ფაქტის” სადავო მასალა, სათაურით „NCDC-ის პრივილეგირებულთა ალიანსი ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს", დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრს ეხებოდა.
სადავო მასალის მიხედვით:
ბოლო ათწლეულია, “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” ქვეყანაში სიგარეტის მწეველთა რიცხვის შემცირებაზე ზრუნავს. ცვლილებების მონიტორინგისთვის კი ქირაობს სულ ერთსა და იმავე ორგანიზაციას, რომელსაც ასიათასობით ლარს უხდის. თუმცა, არავინ იცის, რამდენად ეფექტიანია ამ ფულის ხარჯვა და რეალურად შემცირდა თუ არა მწეველთა რიცხვი ქვეყანაში. ცენტრის მიერ დაქირავებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ახლა “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” თანამშრომელია.
სტატიაში ნათქვამია, რომ ნანა ფეიქრიშვილი (ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი) „ცენტრში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობს. თუმცა, NCDC-სთან ადრეც თანამშრომლობდა. ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 2016 წელს ნანა ფეიქრიშვილი NCDC-ის ტენდერში თარჯიმნად მუშაობდა”.
განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია ის იყო, რომ ჟურნალისტებმა სტატიაში ნანა ფეიქრიშვილის თარჯიმნად მუშაობის ფაქტი მანიპულაციურად გამოიყენეს და მკითხველს არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდეს. მისი თქმით, აღნიშნული „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის" ტენდერებში მონაწილეობას არ უკავშირდება და მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ფაქტს შესაძლოა რაიმე გავლენა მოეხდინა ტენდერებში ორგანიზაციის მონაწილეობასა და გამარჯვებაზე.
სტატიაში ნათქვამია:
● „ორგანიზაციას მოგებული აქვს NCDC-ის 23 ტენდერი და გაფორმებული აქვს 8 გამარტივებული შესყიდვა. ჯამში, ბიუჯეტიდან 2.7 მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო”.
● „კანონის გამკაცრების შემდეგ NCDC-მ ამ ორგანიზაციასთან 2,1 მილიონი ლარის 16 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან კონკურენტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰყავდა. თუმცა, პროცესი ისე წარიმართა, რომ საბოლოო გამარჯვება მაინც ბახტურიძე-ფეიქრიშვილს დარჩა”.
განმცხადებლის თქმით, მათი ორგანიზაცია აღნიშნულ ტენდერებს იგებდა იმიტომ, რომ აკმაყოფილებდა მის კრიტერიუმებს და ათწლეულებია, ისინი თამბაქოს კონტროლსა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სხვადასხვა მიმართულებაში მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, რასაც მოწმობს კონკრეტული ანგარიშები/შედეგები, რომელთა გაცნობასაც სტატიის ავტორებმა სპეციალურად აარიდეს თავი. გიორგი ბახტურიძის თქმით, სტატიაში არ ჩანს მისი პოზიცია, ჟურნალისტები წერენ მის საქმიანობაზე, თუმცა მისგან კომენტარი არ აუღიათ.
განმცხადებელს სტატიის სხვა ნაწილებთან დაკავშირებითაც ჰქონდა პრეტენზია და აღნიშნავდა, რომ მასალა მკითხველს უტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას თითქოს ორგანიზაციას აქვს „კორუფციული” კავშირები, ეწევა უკანონო საქმიანობას და ა.შ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და აუდიტორია შეცდომაში შეყავს.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მასალაში არ არის უზუსტობები, ყველა ფაქტი ეყრდნობა კონკრეტულ წყაროს, დოკუმენტებს, საჯარო ინფორმაციას, რეესტრის მონაცემებს. რაც შეეხება პრეტენზიას გიორგი ბახტურიძის არჩაწერასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების თქმით, ეს იყო ავტორების სარედაქციო გადაწყვეტილება, მათ უკვე ჰქონდათ მხარის, ნანა ფეიქრიშვილის კომენტარი, შესაბამისად ბალანსს იცავდნენ და არ არღვევდნენ ქარტიის პრინციპებს.
განმცხადებლისა და „აი, ფაქტის” მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია დეტალურად მოცემულია მათ მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].
რაც შეეხება „მთავარი არხის” სადავო მასალას, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მათ ჟურნალისტი არ დაკავშირებიათ და გაავრცელეს ცალმხრივი ინფორმაცია, თუმცა სიუჟეტში აღნიშნეს, რომ გიორგი ბახტურიძემ უარი განაცხადა კომენტარზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„მთავარი არხის” ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, „ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვების დასმა ვცადეთ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის და ასევე თამბაქოს კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისთვის და მისი მეუღლისთვის, რომელიც ასევე დასაქმებული არის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კომენტარზე უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადა თამბაქოს კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემაც, შესაბამისად ჩვენ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ".
საბჭომ „მთავარი არხის” წარმომადგენელთან დააზუსტა, ჰქონდა თუ არა მცდელობები ჟურნალისტს მხარესთან ინფორმაციის გადამოწმების. მედიასაშუალების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჟურნალისტი ცდილობდა გიორგი ბახტურიძესთან დაკავშირებას და მას ბევრჯერ დაურეკა, ნანა ფეიქრიშვილს კი მისწერა სოციალურ ქსელში, თუმცა მათ არ უპასუხიათ.
„TV პირველმა”, განმცხადებლის თქმით, არც სცადა დაკავშირება მხარესთან და გაავრცელა დაუბალანსებელი ინფორმაცია, როგორც სტატიაში, ასევე სიუჟეტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ „აი, ფაქტის" სტატიაში არსებითი უზუსტობა და არასწორი ინფორმაციის არსებობა არ დასტურდება. მასალაში მოცემულ ინფორმაციებში ჩანს, საიდან მოიპოვეს ჟურნალისტებმა მასალები. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა მოიგო 23 ტენდერი. ეს ინფორმაცია საჯაროა და დასტურდება.
ჟურნალისტებმა დაიცვეს ბალანსი და წარმოადგინეს ყველა რელევანტური მხარე. ამასთან, ჟურნალისტები შეეცადნენ, მიეღოთ ინფორმაცია „დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან”. უწყებისგან პასუხი ვერ მიიღეს და ამის შესახებ მკითხველსაც აცნობეს. ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ნანა ფეიქრიშვილს, რომელიც ა(ა)იპ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა, შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ მცდელობა, წარმოედგინათ მხარის პოზიცია.
საბჭო მიიჩნევს, რომ „აი, ფაქტის" ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი.
რაც შეეხება, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, მან თქვა, რომ კომენტარზე „უარი განაცხადა თამბაქოს კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემაც”. დადასტურდა, რომ ჟურნალისტი გიორგი ბახტურიძეს, მცდელობების მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა. შესაბამისად ბახტურიძე კომენტარზე უარს ვერ განაცხადებდა, რადგან ნინიკო გიგაურს მასთან არ უსაუბრია. აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მოპასუხე მხარე არ იყო წარმოდგენილი „TV პირველის” სადავო მასალებშიც. არ ჩანს, ჟურნალისტი შეეცადა თუ არა მათთან დაკავშირებას. შესაბამისად, ანა მდივანმა და „TV პირველის" არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.
აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, „აი, ფაქტის” ნაწილში გამორიცხა მე-3 პრინციპის დარღვევაც.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, „აი, ფაქტის” ნაწილში გამორიცხა მე-5 პრინციპის დარღვევაც.
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტების მიერ გაშუქებული მადისკრედიტებელი ინფორმაცია პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციული იყო მისი და მისი ოჯახის მიმართ.
ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”), იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.
საბჭო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ გამოიკვეთა კონკრეტული ნიშანი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გიორგი ბახტურიძის ან მისი ოჯახის დისკრიმინაცია. შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი „აი, ფაქტის” შემთხვევაში საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-11 პრინციპის დარღვევაც.
განმცხადებელი მე-11 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა „TV პირველის” და „მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებშიც.
არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა „TV პირველის” და „მთავარი არხის” ჟურნალისტებს განზრახ შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ ქარტიამ განიხილა საქმე
გიორგი ბახტურიძე ნანი სისვაძის
წინააღმდეგ,
სადაც „მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტში პირველი პრინციპი
დარღვეულად მიიჩნია. აღნიშნული საქმე მეორე შემთხვევაა, სადაც
ჟურნალისტურ მასალას აკლდა გადამოწმება და ფაქტები, თუმცა, მიუხედავად
ამისა, საბჭო არ მიიჩნევს, რომ კამპანიურობას აქვს ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ია ასათიანს და ნონა ქვლივიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.
- ნინიკო გიგაურმა, ანა მდივანმა და TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
- ნინიკო გიგაურს, ანა მდივანს და TV პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.