გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „შუ პუ სუ" ნიკა საჯაიას წინააღმდეგ
05.12.2022

განმცხადებელი : შპს „შუ პუ სუ";
მოპასუხე : ნიკა საჯაია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

13 ოქტომბერი, 2022 წელი

საქმე N – 583

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „შუ პუ სუმ", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულას” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელის წარმომადგენელი და მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალა „ბარ-სახელოსნოში” მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „დაშავებულების მსგავსად მედიასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს ბარის ადმინისტრაციაც, დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, თუმცა ფაქტი ვერ გაიხსენეს, ამტკიცებდნენ, რომ მათი თანამშრომლები არ დაშავებულან”.

       „არსებული ინფორმაციით კი, ბრალდებულმა იარაღი მაშინ გამოიყენა, როცა ის ბარში არ შეუშვეს. “ფორმულას” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სავარაუდო ბრალდებულსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირებაც იყო, თუმცა ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ადამიანი კი, რომელიც “ფორმულას” დაუკავშირდა, ამბობს, რომ ჩხუბი და დაპირისპირება სახელოსნოში ყოველდღიურად ხდება”.

სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:

       „დაცვებთან აქვს ყველას პრობლემა, ეს დაცვები ხალხს არ ინდობენ. ერთ-ერთმა ტიპმა თითები დაამტვრია მომხმარებელს და მტკვარში ჩააგდო თუ გადააყუდა თუ რაღაც. არასრულწლოვანი ბავშვებით არის გატენილი მანდაურობა, როგორ ყიდიან იცი სასმელს არასრულწლოვან ბავშვებზე”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რამაც დაწესებულებას რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

განმცხადებლის თქმით, ბარის ადმინისტრაციას ჟურნალისტთან კომუნიკაციაზე უარი არ განუცხადებია, მათ თანამშრომელს ბარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმოწერა ჰქონდა ტელეკომპანია „ფორმულას” თანამშრომელთან [არა სიუჟეტის ავტორთან]. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციამ ჟურნალისტს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც თავად ჰქონდა, ამიტომ ჟურნალისტს არ უნდა ეთქვა, რომ „მედიასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს ბარის ადმინისტრაცია”.

ასევე, განმცხადებლის თქმით, ბრალდებული ბარის ტერიტორიაზე იარაღით მივიდა, სროლა დაიწყო და ბარში შესვლის მცდელობა არ ჰქონია, ამიტომ მცდარია ინფორმაცია - „ბრალდებულმა იარაღი მაშინ გამოიყენა, როცა ის ბარში არ შეუშვეს”.

ამასთან, განმცხადებელმა განმარტა, რომ ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან არასდროს ყოფილა ძალადობის მცდელობა ბარის სტუმრებზე. შესაბამისად, სიუჟეტში წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ჟურნალისტს აღნიშნული ფაქტები უნდა გადაემოწმებინა, რათა  ამ ბრალდებებზე ადმინისტრაციის მხრიდანაც ჰქონოდა საპასუხო პოზიცია.

მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მის თანამშრომელს ბარის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რაც ჟურნალისტისთვის მანამდეც ცნობილი იყო. ნიკა საჯაიას თქმით, მან განუმარტა მხარეს, რომ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება სურდა, თუმცა გადაამისამართეს იურისტთან, რომელიც ზარებს არ პასუხობდა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მან სათანადო ძალისხმევა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად, შესაბამისად, არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები.

პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის, საბჭომ ზუსტად დაადგინოს, გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს; საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

„პატივი სცეს სიმართლეს“ - ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობები, რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს [ბარის ადმინისტრაციას, იურისტს] და მოეპოვებინა მათგან ოფიციალური კომენტარი. მოპასუხე ჟურნალისტის თანამშრომელთან ბარის მფლობელის მიმოწერა არის კერძო ხასიათის და ვერ ჩაითვლება სიუჟეტის ავტორთან ოფიციალურ კომუნიკაციად, რადგან  ჟურნალისტი ცდილობდა ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას.

ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ დამატებით მასალებში ჩანდა, რომ ჟურნალისტს სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც სურდა ინფორმაციის გადამოწმება და საპასუხო პოზიციის მოპოვება. ამავე დროს, წყაროს/წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ჟურნალისტს მაყურებლისთვის არ მიუწოდებია, როგორც დადასტურებული ფაქტი, ის ყველა შემთხვევაში აღნიშნავდა, რომ ეს იყო სავარაუდო, დაუდასტურებელი, თუმცა წყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, საბჭომ ეს ძალისხმევა ჩათვალა საკმარისად და მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-5 პრინციპის დარღვევაც.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკა საჯაიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

განსხვავებული აზრი:  საბჭოს 5-მა წევრმა გადაწყვიტა, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა საბჭოს წევრი - სოფო ჟღენტი.

მისი აზრით, სიუჟეტის ავტორმა ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი სიუჟეტის მეორე ნაწილში დაარღვია. იმ ნაწილში, სადაც არა უშუალოდ სროლის ფაქტზე, არამედ ბარის ტერიტორიაზე სხვა სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე გაავრცელა ინფორმაცია.

უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტს ჰყავს ჩაწერილი რესპონდენტი კონფიდენციალურობის დაცვით, რომელიც ჰყვება ბარის ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებსა და არასრულწლოვანებზე ალკოჰოლის მიყიდვის შესახებ:

        „დაცვებთან აქვს ყველას პრობლემა, ეს დაცვები ხალხს არ ინდობენ. ერთ-ერთმა ტიპმა თითები დაამტვრია მომხმარებელს და მტკვარში ჩააგდო თუ გადააყუდა თუ რაღაც. არასრულწლოვანი ბავშვებით არის გატენილი მანდაურობა, როგორ ყიდიან იცი სასმელს არასრულწლოვან ბავშვებზე”.

მაყურებელი იღებს ინფორმაციას, რომ ბარის ადმინისტრაცია, საკმაოდ მძიმე მუხლებით, სავარაუდოდ არღვევს კანონს, თუმცა მაყურებელმა ვერ ნახა კონკრეტულად ამ ბრალდებაზე ბარის ადმინისტრაციის პოზიცია, განმარტება ან უარი პასუხზე. სოფო ჟღენტის აზრით,  ჟურნალისტი არ ეცადა სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმაცია სხვა წყაროებთანაც გადაემოწმებინა (შსს, თვითმხილველები ან სხვა რელევანტური წყარო).

რაც შეეხება მეორე მხარესთან ინფორმაციის დაზუსტებას, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ დამატებით მასალებში - მიმოწერაში ბარის ადმინისტრაციასთან, ნამდვილად ჩანდა, რომ სიუჟეტის ავტორს სროლის ფაქტზე კომენტარის გარდა, სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც სურდა ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა, მიმოწერაში არ ჩანდა, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს არასრულწლოვანებზე ალკოჰოლის გაყიდვასა და სტუმრებზე ძალადობის ფაქტებში სდებდნენ ბრალს და ამ მიმართულებითაც ცდილობდა ჟურნალისტი ინფორმაციის მოკვლევას. ჟურნალისტმა წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ბარის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ეუბნება, რომ „დაცვის აგრესიულობაზეც არის ბრალდებები, რომლის ნაწილს უშვებს და ნაწილს არა”..

არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვის ბრალდების ნაწილში, დოკუმენტები ჟურნალისტმა ვერ წარმოადგინა, თუმცა სხდომაზე განაცხადა, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ბარის კიდევ ერთი წარმოამდგენელს უთხრა.

ვინაიდან ბრალდებები საკმაოდ მძიმეა, სოფო ჟღენტი ფიქრობს, რომ სიუჟეტის  ამ ნაწილში ჟურნალისტმა დააკლო ძალისხმევა - საზოგადოებას მიეღო ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია. ერთი მხრივ, სხვა წყაროებთან გადაემოწმებინა ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, ნათლად მიეწოდებინა ინფორმაცია ბარის ადმინისტრაციისთვის რაში სდებდა ბრალს მათი რესპოდენტი.

ეთიკის ქარტიის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღნიშნული სიუჟეტის ავტორმა მიუთითა იმაზე, რომ მასალაში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე საუბრობდა წყარო, რომლის მიერაც მანამდე მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდა და მას ჰქონდა წყაროს ნდობა, ეს მაინც ვერ იქნება ჯეროვანი არგუმენტი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებისთვის საკმარისი. თავისთავად, რესპონდენტის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ეთერში გაშვებამდე აუცილებელი იყო, მისი არა მხოლოდ მეორე მხარესთან, არამედ სხვა წყაროებთანაც გადამოწმება.