გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
21.12.2022

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო;
მოპასუხე : მარიკა ბაკურაძე;

8 დეკემბერი,  2022 წელი

საქმე N – 611

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ხატია ღოღობერიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „იმედის დღე” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიკა ბაკურაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო სიუჟეტის სათაურია - „რატომ ამკვიდრებს ჰოლივუდი "ქალური" მამაკაცის იმიჯს? - მარიკა ბაკურაძის მიმოხილვა".

ჟურნალისტი საუბრობს 40-50-იანი წლების ჰოლივუდის მსახიობ კაცებზე, რომლებიც, მისივე თქმით, „თავიანთ პერიოდში ამკვიდრებდნენ მამაკაცების სტილს". სიუჟეტში მარიკა ბაკურაძე ამბობს:

       „ვოგი პირველად ბეჭდავს მხოლოდ მამაკაცს თავის გარეკანზე… კონკრეტულად ინდივიდუალური გარეკანის მატარებელი არის მხოლოდ ტიმოთი შალამე და ჰარი სტაილსი და ისინი ზუსტად ამ ფორმაში, რაც გიორგიმ ახლა გაიკვირვა. მაგალითად, ჰარი სტაილსი წარმოდგენილი გახლავთ კაბით ამ ფოტოსესიაში, ხოლო ტიმოთი შალამეს ფოტო ვნახოთ, ნახევრად შიშველი რომელიც არის, ქალის მარგალიტის მძივით, ეს განსაზღვრება აქვს მინიჭებული ამ ფოტოს”.

       „ხომ არ მკვიდრდება უფრო მეტად გაქრობა მასკულინური მხარისა მამაკაცის თვისებაში და წინ წამოწევა ფემინისტური, ფემინური თვისებების, ასე ვთქვათ. აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრება უნდა ვთქვათ, რომ არცერთი მათგანი, არც ტიმოთი შალამე და არც ჰარი სტაილსი, არ გახლავთ ჰომოსექსუალი, ისინი არ არიან ელგებეტეჯიქიუ თემის წარმომადგენლები, ისინი არიან ჩვეულებრივი ჰეტერო მამაკაცები…”

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი იყო დისკრიმინაციული, არაეთიკური, გენდერულად არამგრძნობიარე და სტერეოტიპული მოსაზრებების გამამყარებელი. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქვიარ თემის სტიგმატიზებას და გამოიყენა არასწორი ტერმინოლოგია.

განმცხადებელმა განმარტა, რომ ფემინურობა და მასკულინობა, არ არის უპირობოდ განსაზღვრული მოცემულობა და მახასიათებელი კონკრეტული სქესისთვის და არ ნიშნავს, რომ კაცი აუცილებლად უხეში უნდა იყოს, რადგან კაცია და პირიქით. მისი თქმით, ეს არის სოციალურად კონსტრუირებული რწმენა-წარმოდგენა, რომელიც ზოგიერთ თვისებებს, ხასიათს, ვიზუალურ გამოვლინებებს და გარკვეულ როლებს ანიჭებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს, შესაბამისად სწორედ ამის გამოა, რომ გვგონია, კაცი აუცილებლად აგრესიული უნდა იყოს, ხოლო ქალი ნაზი და მორჩილი. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, კარგად დაფიქრდეს მსგავსი ტიპის ფრაზებისა თუ მოსაზრებების გაჟღერებისას, მით უფრო იმ ფონზე, როცა ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის, შემდგომში კი ფემიციდის საფუძველი ე.წ. გენდერული როლები და ის მოლოდინებია, რასაც პატრიარქალური საზოგადოებები ქალებს უწესებენ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

ქარტიის საბჭოს აზრით, მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო ქვიარ თემის ეგზოტიზაციასა და მარგინალიზაციას.

განსახილველ შემთხვევაში, თავად ჟურნალისტი და მისი ფრაზები იწვევს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სტიგმის გაძლიერებას. „ისინი არ არიან ელგებეტეჯიქიუ თემის წარმომადგენლები, ისინი არიან ჩვეულებრივი ჰეტერო მამაკაცები" - ამ ფრაზით ჟურნალისტი აძლიერებს სტერეოტიპს, რომ ფემინურობა ქალების ან ქვიარ თემისთვის დამახასიათებელი თვისებაა და არა ჰეტერო კაცების. ამასთან, სიტყვა „ჩვეულებრივის” ამ კონტექსტში გამოყენება მაყურებელს უქმნის წარმოდგენას, რომ ჰეტეროსექსუალობა არის ნორმალური, ხოლო ლგბტქი ადამიანები არიან „არაჩვეულებრივები” და ნორმიდან ამოვარდნილები. გარდა ამისა, ჟურნალისტი იყენებს არასწორ ტერმინს — მას შეეძლო ეთქვა ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) ან ქვიარ თემი და არა „ელგებეტეჯიქიუ”. ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მიზნით ხშირად იყენებენ ტერმინს „ელგებეტე”.

გადაცემის მთავარ თემაზე საუბრისას ჟურნალისტები ამბობენ: „ძალიანაც არ მომწონს, მძიმედ შევხედე ამ ყველაფერს", „რა გაცვია სულ ერთი არ უნდა იყოს", „აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჰეტეროსექსუალ ჩვეულებრივ მამაკაცს აცვია კაბა", რითაც ხელს უწყობენ საზოგადოებაში უკვე არსებულ სტერეოტიპების გაღრმავებას, რომ კონკრეტული ტანსაცმელი, სამკაული თუ აქსესუარი ეკუთვნის რომელიმე გენდერს. 

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას. 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიკა ბაკურაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.