განმცხადებელი : ვანო მინდორაშვილი, გიორგი ბოლქვაძე;
მოპასუხე : მარიკა ბაკურაძე;
დარღვეული პრინციპები : 4 პრინციპი; 10 პრინციპი;
8 დეკემბერი, 2022 წელი
საქმე N – 612, 613
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად
ქორიძე, ხატია ღოღობერიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს ვანო მინდორაშვილმა და გიორგი ბოლქვაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „იმედის დღე” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიკა ბაკურაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხე
ჟურნალისტმა შეპასუხება წარმოადგინა წერილობით.
სამოტივაციო ნაწილი
მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.
სადავო მასალაში მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა და მათთან საუბარი სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.
„რატომ გააადვილა სოციალურმა ქსელმა სხვისი შეურაცხყოფა და როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელებად?" - ნათქვამია სიუჟეტის წარდგენისას.
განმცხადებლებმა განმარტეს, რომ მარიკა ბაკურაძე მათ დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ დატოვეს ნეგატიური კომენტარები მის სიუჟეტზე. მათი თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული, რომ საუბარი იწერებოდა და კომენტარს ჟურნალისტურ მასალაში გამოიყენებდნენ. ასევე, განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გაუგებარი იყო, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მათი ტელეფონის ნომრები. ვანო მინდორაშვილის თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ეს იყო პირადი საუბარი და არა სატელევიზიო კომენტარი, საბოლოოდ კი ჟურნალისტმა იგი კონტექსტიდან ამოჭრილად გამოიყენა. გიორგი ბოლქვაძემაც აღნიშნა, რომ საუბრის ჩაწერაზე გაფრთხილებული არ იყო.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობით მიუთითა, რომ სატელეფონო ნომრები მოიპოვა პირადი კონტაქტების გამოყენებით, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში. მისი თქმით, რესპონდენტები არ მოუტყუებია და არ მოქცეულა არაკეთილსინდისიერად.
„სატელეფონო საუბრის დროს მე ვთქვი, რომ ამ თემაზე ვმუშაობდი - რატომ აყენებენ ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას სოც. ქსელში. ეს იყო ჩემი კვლევის საგანი. კონკრეტულად ჩანაწერის შესახებ ბრალდებას რაც შეეხება, ეს განპირობებული იყო ჩემი გეგმიდან, რომელიც იმთავითვე ვიცოდი - არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში" - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
როგორც აღინიშნა, ჟურნალისტი დაუკავშირდა რესპონდენტებს და მართალია, გაუმხილა, რომ იყო ჟურნალისტი და დაასახელა ვინაობა, თუმცა არ განუმარტავს, რომ მათთან საუბარი იწერებოდა და გამოყენებული იქნებოდა გადაცემაში.
როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა.
ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას.
საბჭო აღნიშნავს, რომ ეს შეფასება არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბჭო ასეთ დასკვნამდე გარემოებების შეფასების შედეგად მივიდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევაში არ იყო იმის საჭიროება, რომ რესპონდენტები არ გაეფრთხილებინათ ჩაწერაზე, რადგან შესაძლოა, ისინი თანახმანი ყოფილიყვნენ, რომ ჟურნალისტისთვის სატელევიზიო კომენტარი მიეცათ.
მე-4 პრინციპში აღნიშნული „კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდი” ეწოდება ფარულ გადაღებას, იდენტობის შეცვლას ინფორმაციის მოსაპოვებლად ან სხვა მეთოდებს, როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი კი მაღალია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (რომლის გაზომვაც მყარი პარამეტრებით შეუძლებელია) ეთიკის კუთხით ამართლებს ინფორმაციის, ფოტოს ან დოკუმენტის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას, თუ სხვა გზა არ არსებობს.
სიუჟეტში არ ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა რესპონდენტების ინფორმირება ჩაწერასთან დაკავშირებით. შეპასუხებაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა - არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში, თუმცა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტი მათ სახელებსა და გვარებს არ ასახელებდა და, როგორც თავად ამბობს, რესპონდენტებს ხმა აუდიოეფექტით შეუცვალა, მაგრამ იგი ამბობდა, რა კომენტარები დაწერეს კონკრეტულმა პირებმა/ისინი ჩანდა ეკრანზე. დღეს, ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობებში, შესაძლებელია მაყურებელს თავად მოეძებნა სიუჟეტი [მასალა ვიზუალურად ჩანდა ფონზე] და კომენტარების ველში პირების იდენტიფიცირება მოეხდინა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც სხვა ყველა გზა ინფორმაციის მოსაპოვებლად მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერია; მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს რესპონდენტებისგან იმავე კომენტარის მიღება არ შეეძლო ან შეუძლებელი იქნებოდა მათი გაფრთხილების შემდეგ (არც შეპასუხებაში და არც სიუჟეტში არ ყოფილა აღნიშნული რომ ჟურნალისტმა სცადა სხვა Facebook მომხმარებლებთან დარეკვა და მათთვის კომენტარის თხოვნა, უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა არ გაეფრთხილებინა დანარჩენი რესპონდენტები ჩაწერის შესახებ); ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა ამ ჩანაწერის შედეგად, არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას (საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საბჭომ ასევე იმსჯელა მეათე პრინციპის განხილვისას). შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერა „არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, ახლობლებმა/მეგობრებმა შეძლეს მათი ცნობა, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
ვანო მინდორაშვილის თქმით, მასალით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი იყო „კლავიატურას ამოფარებული facebook მომხმარებელი, რომელიც ონლაინ ტოვებს შეურაცხმყოფელ კომენტარებს”. მან აღნიშნა, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ რამდენიმე მეგობარმა/ნაცნობმა მისი ხმა ამოიცნო. ანალოგიურად, გიორგი ბოლქვაძის თქმით, მისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იყო.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ყველა რესპონდენტის ხმა იყო აუდიო-ეფექტით შეცვლილი და მან სხვადასხვა ღონისძიებები [არ დაასახელა რესპონდენტის სახელი და კონკრეტული მონაცემები] გაატარა, რათა მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო ასეთ მიზანს და საჭიროებას ვერ ხედავს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რესპონდენტების პირადი ცხოვრების პატივისცემის მიზნით ყველა გზა გაიარა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. Facebook მომხმარებელს შეეძლო მოეძებნა სიუჟეტი, საიდანაც ჟურნალისტი კომენტარებს კითხულობდა და ამოეცნო რესპონდენტები. მაგალითად: დადასტურებულია, რომ გიორგი ბოლქვაძის იდენტიფიცირება რამდენიმე მომხმარებელმა სწორედ აქედან შეძლო, რასაც მისი კომენტარის გამოხმაურებაში ვკითხულობთ.
ობიექტური ინტერესის შესაფასებლად მინიმუმ შემდეგ კითხვებზე უნდა ხდებოდეს პასუხის გაცემა:
● რას და ვის ამხელს ეს მასალა?
● რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?
● ამ დეტალების გარეშე შეიძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
● რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
შესაბამისად, სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას. სწორედ ამიტომ საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სადავო მედიაპროდუქტს 2022 წლის 28 ნოემბერს ქარტია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ საბჭო „არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა".
ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ „ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს”.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მარიკა ბაკურაძემ დაარღვია ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.