გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცოტნე გეგეჭკორის და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
23.12.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
მოპასუხე : ცოტნე გეგეჭკორი, ირაკლი ჩიხლაძე;

2 დეკემბერი, 2022 წელი

საქმე N – 600, 601

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [შემდგომ „საია”], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი; ასევე, 2022 წლის 9 ოქტომბერს წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე მედიასაშუალებას შეპასუხება წერილობითაც არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტები არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა. განმცხადებელი სადავოს ხდის საიას მიმართ გამოთქმულ ფრაზებს.

პირველი სიუჟეტი ეთერში გავიდა სათაურით „მდიდარი ენჯეოების კლანი“, სოციალურ ქსელში კი - „მდიდარი NGO-ების დაფარული ხარჯები“. იგი შეეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებს, მათ ხარჯებს, ხელმძღვანელების/თანამშრომლების ხელფასებს, საზოგადოების მხრიდან მათდამი ნდობას, პოლიტიკურ ძალებთან კავშირებსა და სხვა საკითხებს.

2 ოქტომბერს ეთერში გასულ სიუჟეტში ცოტნე გეგეჭკორი ამბობს:

       “მიუხედავად დაბალი ცნობადობისა და დაბალი ნდობისა, მდიდარი ენჯეოების ნაწილი დღეს თავს სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებს. ისინი ამ ფსევდო ლეგიტიმაციით ცდილობენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში ისევე იყვნენ ჩართულები, როგორც ქვეყნის ის კანონმდებლები, რომელთაც ეს ლეგიტიმაცია არჩევნების გზით ასი ათასობით მხარდამჭერის ხმის მოპოვების შედეგად მიიღეს”;

       “სხვადასხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების გარეშე ძალაუფლებისკენ მსწრაფი ორგანიზაციების ხელმძღვანელების და მათი თანამშრომლების ხელფასები მკვეთრად აღემატება მთავრობის წევრების, კანონმდებლებისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას. იმედის კვირის წყაროს მიერ ერთი კვირის უკან მოწოდებული ციფრები ენჯეოების ხელმძღვანელთა ხელფასების შესახებ ზუსტი აღმოჩნდა, რაც რეპორტაჟის გასვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მისდაუნებურად დაგვიდასტურა, როცა ჩვენს წერილზე პასუხად გვამცნეს, რომ თურმე ენჯეოების მთავარი მენეჯერების პერსონალური მონაცემები კანონდარღვევით გამოვაქვეყნეთ”;

       “ენჯეოების მთავარი მიზანი ისევ და ისევ მეტი უცხოური გრანტია, ამიტომ უტყუარია, რომ ისინი საზოგადოების ინტერესის ნაცვლად იმ პოზიციას გამოხატავენ, რაც მათ უფრო მეტ უცხოურ გრანტს და მაღალ ანაზღაურებას მოუტანს”;

       “ხშირ შემთხვევაში „საიას”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, „სამართლიანი არჩევნებისა” და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ განხორციელებული პროექტები ერთმანეთს იმეორებს. ქართული გაგებით ისინი სამოქალაქო საზოგადოებად ითვლებიან. მაშინ, როცა მათ დამფუძნებელთა საერთო რიცხვი 20 ადამიანს არ აღემატება და ერთი ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციის დამფუძნებლადაც გვევლინებოდეს, ფინანსდებოდეს უცხოური გრანტებით და იმართებოდეს ავტორიტარულად, იმგვარად, რომ მის მართვაში, გადაწყვეტილების მიღებაში მის თანამშრომლებს არანაირი არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ და მხოლოდ მენეჯმენტის მითითებებს, დავალებებს ასრულებენ”;

       “სამწუხაროდ, საქართველოში მოღვაწე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტში ვერ ჯდებიან, რადგან ისინი უბრალოდ არ წარმოადგენენ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში, არც მათი წევრებისა და თანამშრომლების ინტერესებს. ასეთი ტიპის ორგანიზაციები წარმოადგენენ იმ ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც დღეს მათ პოლიტიკოს დამფუძნებლებს და ზოგ შემთხვევაში, უცხოურ დონორებსაც აწყობთ. მდიდარ ენჯეოებს კი აზარტად ექცათ იმ ფულით ცხოვრება, რომელსაც დონორები მათ უხვად, გრანტების სახით უგზავნიან”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტის ავტორი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს აჟღერებს საიას მიმართ, რაც აუდიტორიაზე მანიპულაციას ისახავს მიზნად. განმცხადებლის თქმით, შეცდომაში შემყვანია სათაურიც და მაყურებელს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ საია „მდიდარია”, რაიმე „კლანის“ წევრია და ამავდროულად, თითქოს მისი „ხარჯები დაფარულია”.

განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „არჩევნების გარეშე ძალაუფლებისკენ მსწრაფი”, „დაბალი ცნობადობისა და დაბალი ნდობის მქონე“, პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებულნი არიან, ცდილობს მაყურებელი განაწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა გადაუმოწმებელი, დაუბალანსებელი ინფორმაცია და არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

საიას წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუდიტორიას მანიპულაციურად მიეწოდა იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ თითქოს საიამ მისდაუნებურად დაადასტურა ინფორმაცია NGO-ების ხელმძღვანელების ხელფასების შესახებ. საიამ იმედს უთხრა: „პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებით, ცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, თუმცა, განმცხადებლის თქმით, მან ასევე მიაწოდა ინფორმაცია, სად შეიძლებოდა საიას საქმიანობის ანგარიშების ნახვა, თუმცა ეს ნაწილი მიიჩქმალა და დეტალურად არ გაშუქდა.

9 ოქტომბერს ეთერში გასულ გადაცემაში ირაკლი ჩიხლაძე ამბობს:

       “კონკრეტულად რაში იხარჯება დონორების მიერ პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონები, ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხს ვიღებთ, რომ ყველა ანგარიში მათ ვებ-გვერდზეა, თუმცა ეს მონაცემები ძალიან მწირია და მხოლოდ პროექტის საერთო ღირებულებაზეა საუბარი კონკრეტულ აღწერაში”;

       “ამ შედეგს ნამდვილად სჯობდა, ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირას გეხვეწებოდით კომენტარებს და გესაუბრათ თქვენს მიერ გაკეთებულ საქმეებზე. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართავ და ბუნებრივია, ამხელა ტრიბუნა უნდა გამოგეყენებინათ, თუნდაც აი, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მეტად გაიგებდნენ თქვენი საქმიანობის შესახებ, თუ რა თქმა უნდა, რამე რეალურად გაქვთ გაკეთებული”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ წამყვანმა გაავრცელა არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია. მისი თქმით, საია ყოველთვის სცემდა პასუხს ტელეკომპანია „იმედის” შეკითხვებს და მანამდე მომზადებულ სიუჟეტებშიც ჟურნალისტებს მათ პოზიციას აცნობდა. თუმცა, განმცხადებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალება ძირითადად არაეთიკურად, მანიპულაციურად და არასწორად აშუქებდა მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ამჯერად სატელევიზიო კომენტარზე უარი უთხრა.

განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით განცხადებაში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

საბჭო მიიჩნევს, რომ ცოტნე გეგეჭკორმა და ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული არცერთი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ „არჩევნების გარეშე ძალაუფლებისკენ მსწრაფი ორგანიზაციების ხელმძღვანელების და მათი თანამშრომლების ხელფასები მკვეთრად აღემატება მთავრობის წევრების, კანონმდებლებისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას"; არასამთავრობო ორგანიზაციები „არ წარმოადგენენ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს"; მათი „მთავარი მიზანი მეტი უცხოური გრანტია". ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც მხარის პოზიცია. საიას მედიასაშუალებამ ელექტრონულად მისწერა, თუმცა მისი წერილიდან მხოლოდ ნაწილი გაშუქდა და არაფერი იყო ნათქვამი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ წლიურ ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებზე, რომელიც საიამ ჟურნალისტს მიაწოდა. მეორე გადაცემაში ირაკლი ჩიხლაძემ თქვა, „კონკრეტულად რაში იხარჯება დონორების მიერ პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონები, ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხს ვიღებთ, რომ ყველა ანგარიში მათ ვებ-გვერდზეა, თუმცა ეს მონაცემები ძალიან მწირია და მხოლოდ პროექტის საერთო ღირებულებაზეა საუბარი კონკრეტულ აღწერაში"; შესაძლებელია, წამყვანმა მიიჩნია, რომ ანგარიშები მწირია, თუმცა ისინი არ გააცნო აუდიტორიას, რათა მაყურებელს თავად შესძლებოდა ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

საიამ ტელეკომპანია „იმედს" 2 ოქტომბრის გადაცემის მომზადებისას კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად მაყურებელს უნდა მიღო ინფორმაცია იმის შესახებ, სად და როგორ შეეცადა ჟურნალისტი სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტების გადამოწმებას/დაზუსტებას. მით უმეტეს, რომ კომენტარზე უარის მიუხედავად, საიამ იმედის ჟურნალისტს მიაწოდა ანგარიშები, საიდანაც მას ინფორმაცია არ გამოუყენებია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტს შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია [თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, მათ საიამ მიაწოდა ინფორმაცია, რაც არ გამოიყენეს] და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს განზრახ, რადგან მომხდარიყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საქმიანობის მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივება და მათი დისკრედიტაცია.

საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას დაადგინა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

რაც შეეხება ქარტიის მე-11 პრინციპს, საბჭომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედზე" შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა. ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ეს დასტურდება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით, მაგალითად გადაწყვეტილება საქმეებზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე რუსა შელიას და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ"; „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“, „საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძის წინააღმდეგ”.

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სიუჟეტების სერიაც სათაურით „მდიდარი ენჯეოების კლანი”, მიეძღვნა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ჰქონდა კამპანიური ხასიათი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო მასალებიც ამ კამპანიის ნაწილია.

ასევე, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. სიუჟეტში ჩანს, რომ საიამ მედიასაშუალებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა ინფორმაცია, სად შეიძლებოდა დეტალური ინფორმაციის მოძიება, 2022 წლის 11 სექტემბერს გასულ სიუჟეტში კი ამავე თემაზე ნიკა სიმონიშვილის კომენტარიც გვხვდება, თუმცა ირაკლი ჩიხლაძე მაინც ამბობს, რომ ორგანიზაციებს „იმედის” ტრიბუნა უნდა გამოეყენებინათ და ხალხისთვის გაეცნოთ, რას აკეთებდნენ. „თუ რა თქმა უნდა, რამე რეალურად გაქვთ გაკეთებული” - ეს ფრაზა აჩენს არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, წამყვანის მხრიდან უგულებელყოფილია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა, მათ მართლაც არაფერი ჰქონდეთ გაკეთებული. განმცხადებლის თქმით, საია ტელეკომპანია „იმედში” სპეცდანიშნულების რაზმის 2007 წლის 7 ნოემბერს შეჭრასთან დაკავშირებით მის თანამშრომლებს სასამართლოში იცავდა და ამის შესახებ განცხადებებიც აქვთ გაკეთებული, შესაბამისად, ეს ფაქტები წამყვანს/ჟურნალისტს უნდა სცოდნოდათ.

საბჭო მიიჩნევს, რომ „საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალებში მოყვანილი ბრალდებები ვერ იქნება შემთხვევითი და ორივე შემთხვევაში დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი
  2. ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

 

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

განცხადება