გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ონისე ნიჟარაძე ინა ცარციძის წინააღმდეგ
17.02.2023

განმცხადებელი : ონისე ნიჟარაძე;
მოპასუხე : ინა ცარციძე;
დარღვეული პრინციპები : 4 პრინციპი; 10 პრინციპი;

2 თებერვალი, 2023 წელი

საქმე N – 617

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ონისე ნიჟარაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 6 იანვარს „TV პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ინა ცარციძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

სადავო მასალა უსახლკარო მოქალაქეებს/ოჯახებს ეხებოდა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა ფარულად, ნებართვის გარეშე და ეს კომენტარი კონტექსტიდან ამოჭრილად გამოიყენა.

განმცხადებელის თქმით, მან ჟურნალისტს განუმარტა, რომ არ იყო თანახმა კომენტარზე, თუმცა მედიის წარმომადგენელი არაკეთილსინდისიერად და არასამართლიანად მოიქცა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ოპერატორს კამერა ხელში, დაბლა ეჭირა, ჟურნალისტს კი მიკროფონი მისკენ არ ჰქონდა მიმართული, შესაბამისად, მას არ ჰქონია განცდა, რომ მისი კომენტარი სიუჟეტში მოხვდებოდა. შედეგად, განმცხადებელი განმარტავდა, რომ მისმა სიუჟეტში იდენტიფიცირებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

ამ შემთხვევაში ჟურნალისტს არ სჭირდება შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივ გარემოებასა და გადაწყვეტილების დასაბუთებას შორის, რადგან სახეზე გვაქვს რესპონდენტის თანხმობა, რომ გააკეთოს კომენტარი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ჩაწერაც განხორციელდება და შემდგომ გამოყენებული იქნება როგორც სიუჟეტის შემადგენელი ნაწილი" - აღნიშნა მოპასუხე მედიის წარმომადგენელმა.

ვინაიდან განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მას არ მიუცია ჟურნალისტისთვის კომენტარი, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ რესპონდენტის თანხმობა არსებობდა, ქარტიის საბჭომ დამატებითი დოკუმენტაციის მოკვლევის მიზნით მოპასუხე მედიას სადავო მონაკვეთის შავი მასალის გამოგზავნის თხოვნით მიმართა. მედიასაშუალების იურისტმა განგვიმარტა, რომ კომპანიას არ აქვს რესურსი ყოველდღიურად შეინახოს სიუჟეტების დაუმუშავებელი მასალა, ამიტომ, აღნიშნული ვიდეო, მისი თქმით, უკვე წაშლილი იყო.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვების მეთოდის კეთილსინდისიერად და სამართლიანად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, ჯერ დადგინდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ არსებობს თუ არა საზოგადოების ინტერესი და მხოლოდ ამ ინტერესის შეფასების შემდეგ შეიძლება მოხდეს უშუალოდ ინფორმაციის მიღების გზებზე მსჯელობა.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს, ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტის მთავარი თემის [უსახლკარო მოქალაქეების მიმართ სტატუსის მინიჭების პრობლემები, კრიტერიუმის განსაზღვრების ხარვეზი] მიმართ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა საბჭომ ვერ დაინახა კონკრეტულად განმცხადებლის იდენტიფიცირების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ეხება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას და სენსიტიურ თემას, რომელზე სასაუბროდაც მაღალი ეთიკის სტანდარტიდან გამომდინარე საჭიროა, რომ ჟურნალისტს რესპონდენტის თანხმობა ჰქონდეს [ჩაწერაზე, გადაღებაზე, ვინაობის/ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე].

როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ არ იცოდა, ჟურნალისტი ინტერვიუს თუ იწერდა. ამის მტკიცებულებად მან მოიყვანა ეთერში გასული კადრები, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ ინტერვიუ ჩაწერილია ფარულად.

ჟურნალისტმა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გაიაზროს, ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, რა საფრთხე შეიძლება მიადგეს მას, იფიქროს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას.

ჟურნალისტი ამბობს - „ანუ ხმამაღლა ვერ ილაპარაკებთ”, რაც ნაწილობრივ აჩვენებს, რომ მას გააზრებული ჰქონდა არსებული რისკები და საფრთხე, რაც შეიძლებოდა პირს მიდგომოდა. თუ ჟურნალისტმა სიუჟეტში განმცხადებლის კომენტარის ჩასმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოტივით გადაწყვიტა და რესპონდენტის ეს ფრაზა არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ კონკრეტულ ადამიანს საფრთხეს უქმნიდა და კომენტარის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, იდენტიფიცირებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

ფარული  ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ ეს შეფასება არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  საბჭო ასეთ დასკვნამდე გარემოებების შეფასების შედეგად მივიდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევაში არ იყო  იმის საჭიროება, რომ რესპონდენტის ვინაობა გასაჯაროებულიყო, ჟურნალისტს შეეძლო დაეფარა მისი ვინაობა და დაეცვა მისი პირადი ცხოვრება.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვა ყველა გზა მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის — იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერი, ან პირის გამჟღავნებულ ვინაობას რაიმე სიკეთის მოტანა თუ შეუძლია საზოგადოების ინფორმირებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში არ მტკიცდება, რომ ჟურნალისტს ჰქონდა რესპონდენტის თანხმობა ჩაწერასთან დაკავშირებით. პირის ვინაობის გამჟღავნება არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში და მოახდინა მისი იდენტიფიცირება, რის შედეგადაც, ახლობლები/მეგობრები შეძლებდნენ მის ცნობას. მისი თქმით, მისი პიროვნების მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სიუჟეტი ეხებოდა საკითხს, რომელზეც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, რესპონდენტი აკეთებდა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას და ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მის პირად ცხოვრებაში არ შეჭრილა.

„სიუჟეტის ავტორს მიაჩნია, რომ შეუძლებელია პრობლემის გამოკვლევასა და სიუჟეტის შექმნას ეწოდოს სრულყოფილი, თუ მასში არ ფიქსირდება საზოგადოების წევრთა აზრი. სხვაგვარად ის არღვევს ჟურნალისტური ეთიკის პირველ პრინციპს, რომლის მიხედვითაც - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია" - აღნიშნავს წერილობით შეპასუხებაში მოპასუხის წარმომადგენელი.

საზოგადოებრივ ინტერესზე საბჭომ იმსჯელა მეოთხე პრინციპის განხილვისას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო ასეთ მიზანს და საჭიროებას ვერ ხედავს.

ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. პირადი ცხოვრების ქონის უფლება ყველას აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი ყურადღებისგან, არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, რომელიც უკავშირდება მის ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, საცხოვრებელ მდგომარეობას და ა.შ.

საბჭო სადავოდ არ ხდის იმას, რომ სიუჟეტის მთავარი თემის ირგვლივ საზოგადოებაში არსებობს კითხვები. ამავდროულად, საბჭოს შეფასებით,  მხოლოდ ეს სადავო მონაკვეთი არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ თავშესაფარში მცხოვრებ ადამანებს ხმის ამოღების ეშინიათ.  განმცხადებლის თქმით, მას არსებულ თავშესაფარში პრობლემა არ შექმნია და პირობებიც შესაბამისი აქვს. მას არ სურდა იდენტიფიცირებული ყოფილიყო, სიუჟეტში კი მისი ვინაობის ამოცნობა შესაძლებელია, რის მიმართაც არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი. 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ინა ცარციძემ დაარღვია ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო  მასალა