განმცხადებელი : თამარ ჯიშკარიანი;
მოპასუხე : მირანდა ტყემალაძე;
დარღვეული პრინციპები : 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
10 თებერვალი, 2023 წელი
საქმე N – 618
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ
ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა თამარ ჯიშკარიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 30 იანვარს „Prime Time”-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-5, მე-9 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მირანდა ტყემალაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ მხარეები, მათ პოზიცია წერილობით
წარმოადგინეს.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
სადავო მასალის სათაურია „VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, როცა სტადიონიდან შეყვარებული დაინახა".
განმცხადებელი სადავოს ხდის ფოტოს, რომელიც, მისი თქმით, საქართველო-იტალიის საკალათბურთო თამაშზე თავად გადაიღო, ჟურნალისტმა კი იგი ავტორის მითითების გარეშე გამოიყენა, რითაც, განმცხადებლის თქმით, დაარღვია საავტორო უფლებები.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ სადავო მასალის ქვემოთ განათავსა კომენტარი, სადაც აღნიშნავდა, რომ ფოტო მისი გადაღებულია.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის
პრეტენზიების შესახებ ქარტიიდან წერილის მიღების შემდეგ შეიტყო,
მასალა ჩაასწორა, მიუთითა ფოტოს ავტორი და მისი ვებ-გვერდის
ბმული.
ქარტიის საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ დაწერილ კომენტარს და მიიჩნია, რომ აღნიშნული მიმართვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაედგინა მეხუთე პრინციპის დარღვევა. განმცხადებლი წერს - „ჩემი გადაღებული კადრის გამოყენების უფლება, მახსოვს, არ მომიცია (კვარა, ნიცასთან ერთად)... ინფორმაცია გადაამოწმეთ და შემდეგ, ფოტოს გამოყენების უფლება აიღეთ".
საბჭო აღნიშნავს, რომ კომენტარში განმცხადებლის პრეტენზია ჩანს, შესწორების დროს კი არ არის დაცული შესწორების სტანდარტი.
საბჭოს პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რომ მართლაც შესწორდეს ინფორმაცია, აუცილებელია, აუდიტორიისთვის ნათელი გახდეს დაშვებული შეცდომის შესახებ. ქარტიას შემუშავებული აქვს შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესები, სადაც მითითებულია, რომ მასალის შესწორების დროს:
● აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად, ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ქარტიის მიერ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, სადავო მასალის ბოლოს მიუთითა ფოტოს ავტორი და მისი ვებ-გვერდი, თუმცა შესწორების შესახებ აუდიტორიისთვის არ გამხდარა ცნობილი, შესაბამისად, ჟურნალისტის ქმედება არ იყო საკმარისი, იმისათვის, რომ შესწორება ეთიკურად ჩაითვალოს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მირანდა ტყემალაძემ დაარღვია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
აქვე, საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც განმცხადებელს სურს ჟურნალისტმა გააკეთოს მასალის შესწორება, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებას მიმართოს სხვა ფორმებითაც, რადგან დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, მედიასაშუალების მხრიდან ყველა კომენტარის კონტროლი/მონიტორინგი ზოგიერთ შემთხვევაში რთულია.
მეორე მხრივ, რედაქციამ ყურადღება უნდა მიაქციოს აუდიტორიის მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე დატოვებულ შეტყობინებებს, რომლებიც შეცდომაზე მიუთითებს.
ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან“.
განმცხადებლის თქმით, ფოტო გამოყენებულია მარკეტინგული მიზნებისთვის, ნახვების გასაზრდელად და რეიტინგის მოსამატებლად, შესაბამისად, ფინანსური სარგებლის მისაღებად.
ჟურნალისტის თქმით კი, ფოტოს გამოქვეყნებით მისი სახელფასო ანაზღაურება ან სააგენტოს შემოსავალი არ გაზრდილა.
ხშირ შემთხვევაში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ატარებს სტანდარტული სარეკლამო მასალის ნიშნებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ მასალა შექმნილი იყოს დამკვეთის მიერ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ. ამასთან, რთულია დადასტურდეს, რომ მედიაპროდუქტი ატარებდა კომერციულ ხასიათს, რასაც ადასტურებს ქარტიის პრაქტიკაც.
სადავო შემთხვევაში არ დასტურდება, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ატარებდა ფინანსურ ინტერესს და ჟურნალისტმა მასალის სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღო, ამისათვის საბჭოს არ აქვს დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად საბჭომ მეცხრე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
სახელმძღვანელო წესებში - სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა ნათქვამია, რომ მეცხრე პრინციპის მთავარი მიზანია, მედიასაშუალებამ არ შეიყვანოს აუდიტორია შეცდომაში - არ მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება. შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე. მედია ანგარიშვალდებულია აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი“.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სადავო მასალაზე, თავდაპირველად, არ იყო მითითებული ფოტოს ავტორი. მოპასუხე ჟურნალისტის თქმით:
● „სადავო ფოტო აღებულია Google-ის საძიებო სისტემიდან. ფოტოს მოძიების შედეგად ცალსახა იყო, რომ იგი მრავალჯერ იქნა გამოყენებული სხვადასხვა გამოცემის მიერ, რის გამოც გამიჩნდა გონივრული რწმენა, რომ ფოტოს გამოყენება მისი ავტორის მიერ არ იყო აკრძალული, ან რაიმე ფორმით შეზღუდული.
● ფოტოს არ ჰქონია ლოგო, ამიტომაც, ავტორის იდენტიფიცირება ჩვენი მხრიდან შეუძლებელი იყო. ამასთან, ავტორი მითითებული არ იყო ზემოაღნიშნულ არცერთ წყაროში”.
ქარტიის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით შეთანხმებულია პლაგიატის განმარტება: პლაგიატი სხივისი მასალის კოპირება ან იმიტირება და საკუთარ მასალად გასაღებაა. თემის პლაგიატი არ არსებობს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში დაირღვა საავტორო უფლებები. როდესაც მედიასაშუალება/ჟურნალისტი იყენებს Google-ს საძიებო სისტემიდან აღებულ ფოტოს, იგი არ ეკუთვნის მას და ასევე, ვერ ადგენს ავტორის ვინაობას, მან უნდა გამოიჩინოს აუდიტორიის მიმართ პატივისცემა და მკითხველს/მაყურებელს ამის შესახებ აცნობოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტმა ფოტოს ავტორისა და პირველწყაროს დასადგენად გასწიოს დამატებითი ძალისხმევა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მოძებნადია მასალები, სადაც აღნიშნულ ფოტოზე მითითებული იყო, რომ თამარ ჯიშკარიანი იყო ფოტოს ავტორი.
პლაგიატი აქტუალური პრობლემაა მედიაში, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ვიდეო, აუდიო, ფოტო თუ ტექსტური მასალის მარტივად კოპირების ან/და ჩამოტვირთვის და გამოყენების საშუალებას. შესაბამისად, ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პლაგიატის თავიდან აცილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მირანდა ტყემალაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.
- მირანდა ტყემალაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-9 პრინციპი.