გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ეკა ჭოლოკავა ირაკლი ჩიხლაძის, იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
04.04.2023

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ეკა ჭოლოკავა;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე, იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;

22 თებერვალი, 2023 წელი

საქმე N – 620, 621

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ეკა ჭოლოკავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტსა და „იმედი ნიუსზე” გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე მედიას სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

„იმედი ნიუსზე” სადავო მასალის სათაურია „სააკაშვილის მედდა: ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს", ხოლო „იმედის კვირაში” - „ძალადობა სამედიცინო პერსონალზე”.

სიუჟეტის დასაწყისში ირაკლი ჩიხლაძე ამბობს:

„მეორე წელია გვესმის, რომ ექსპრეზიდენტი წუთი-წუთზე შეიძლება დაიღუპოს. სააკაშვილიც და მისი გარემოცვაც პატიმრის ჯანმრთელობით სისტემატურად სპეკულირებს. რეალობა კი სულ სხვაა და ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე გეტყვით, რომ არავის არ უნდა ყოფილი პრეზიდენტის დაუძლურება, პირიქით, ყველა იბრძვის მსჯავდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს და ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, მაგრამ სიტყვა ღირსება სააკაშვილის შემთხვევაში, სამწუხაროდ, რელევანტური აღარ არის. თქვენ ახლა მოისმენთ შოკისმომგვრელ ამბებს, როგორ ძალადობს სააკაშვილი სამედიცინო პერსონალზე. შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ტერორი პაციენტ ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვისგან „ვივა მედის” ექიმებისთვის და ექთნებისთვის უკვე ყოველდღიურობაა. ზოგი ამას უძლებს, ზოგი - ვერ. ახლა მოვუსმენთ მედდას, რომლისთვისაც სააკაშვილის პალატაში მუშაობა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა”.

მასალაში არის ინტერვიუ პირთან, რომელიც ამბობს, რომ იყო სააკაშვილის მედდა, თუმცა სტრესის გამო გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება.

ინტერვიუს დროს რესპონდენტი ამბობს:

„ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი, დამეწყნარებინა. ვცდილობდი, ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“.

ჟურნალისტის შეკითხვები შემდეგი იყო: „ჩანს კადრებში, რომ ისვრის ნივთებს მიხეილ სააკაშვილი, ასევე ვარდება საწოლიდან და ეგ ეპიზოდი თუ შეგიძლიათ, რომ მომიყვეთ”, „გადმოვარდა საწოლიდან თუ განზრახ იყო ეს?”, „თქვენი დაკვირვებით, იღებდა თუ არა ის იმ საკვებს, რაც აქვს დანიშნული? ნინო ნადირაძემაც თქვა, რომ პაციენტს არ აქვს საშუალება ანუ ახლობლებს არ მოაქვთ შესაბამისი საკვები”, „რაც დანიშნული ჰქონდა იმ მედიკამენტებს იღებდა თუ არა, თუ რა მდგომარეობა იყო?”, „თქვენ რამდენხნიანი გამოცდილება გაქვთ, როგორც ექთანს?” და ა.შ.

წყაროს მიერ ნათქვამი ფრაზები გადმოტანილია „იმედი ნიუსის” მასალაში და წერია, რომ მედდა „ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სტრესზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილის მკურნლობისას მიიღო”.

განმცხადებლის თქმით, მასალებში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მას საზოგადოების მიმართ გამოეჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაემოწმებინა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ასევე, განმცხადებლის თქმით, ინფორმაცია მანიპულაციურად გაშუქდა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ რესპონდენტი არ იყო კვალიფიციური იმ ინფორმაციაზე [პაციენტის კალორაჟი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა] სასაუბროდ, რასაც იგი ჰყვებოდა და, შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურ წყაროდ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტების მცდელობა, რომ ისინი შეეცადნენ ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. მასალებში რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებულია ბრალდებები, რომელთა გადამოწმების მცდელობა ჟურნალისტების მხრიდან არ ჩანს, მხოლოდ წარმოდგენილია ვიდეოები.

ირაკლი ჩიხლაძე ამბობს: „თქვენ ახლა მოისმენთ შოკისმომგვრელ ამბებს, როგორ ძალადობს სააკაშვილი სამედიცინო პერსონალზე, შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ტერორი პაციენტ ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვისგან, „ვივა მედის” ექიმებისთვის და ექთნებისთვის უკვე ყოველდღიურობაა”; რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მასზე „ფსიქოლოგიური ზეწოლა” ხორციელდებოდა; მისი თქმით, „ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“; წყარო ამბობდა, რომ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს; მისი თქმით, სააკაშვილი ამბობდა, რომ მისი დაკავება სურდა და ა.შ. ამასთან აღსანიშნავია, რომ რესპონდენტს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალზე ძალადობდა.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება, წყაროები და საპასუხო პოზიციის ამსახველი კომენტარები.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი. 

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა პაციენტის პირად ცხოვრებაში, გადმოსცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაკომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით. მისი თქმით, მასალებში გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურებოდა, რადგან იყო არაზუსტი.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ ასეთი ინფორმაციის ცოდნა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესები გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და მისი ადვოკატებიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ხშირად საუბრობდნენ. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში იმსჯელა, ხოლო აღნიშნულ შემთხვევებში ვერ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ირაკლი ჩიხლაძემ, იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ირაკლი ჩიხლაძეს, იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მეათე პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა