გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თამარ ბაღაშვილის, დავით ქაშიაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ
04.04.2023

განმცხადებელი : საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
მოპასუხე : თამარ ბაღაშვილი, დავით ქაშიაშვილი, ქეთი ნადიბაიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

3 მარტი, 2023 წელი

საქმე N – 622

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 4 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულაში” გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11  პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

განხილვის დროს განმცხადებელმა დააზუსტა, რომ პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი სადავოა თამარ ბაღაშვილის მიმართ, მე-10 პრინციპი დავით ქაშიაშვილის მიმართ, ხოლო მე-4 და მე-10 ქეთი ნადიბაიძის მიმართ.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი და მოპასუხე ჟურნალისტი, ქეთი ნადიბაიძე.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მედიაპროდუქტის სათაურია - „ხიდაშელის ინტერესები".

სადავო მასალაში წერია, რომ: „ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი, რუსი სანქცირებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ახლა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტით ინტერესდება. ხიდაშელმა უნივერსიტეტში ფონდი დააფუძნა".

სიუჟეტში თამარ ბაღაშვილი ამბობს:

„ოლიგარქმა ტექნიკური უნივერსიტეტიც ჩააბარა. ხიდაშელმა უკვე შეიძინა რამდენიმე შენობა კოსტავას 77 ნომერში, ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე არსებული დიდძალი ქონების ნაწილი უკვე რუსი ბიზნესმენის სახელზეა“.

განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თამარ ბაღაშვილს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელა.

თავის მხრივ, ქეთი ნადიბაიძემ წარმოადგინა შეპასუხება, სადაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ მიმდინარე წლის, 11 თებერვლის გადაცემაში ინფორმაცია შეასწორა.

შაბათის ფორმულას" დაზუსტება წინა გადაცემაში გასულ რეპორტაჟზე, რომელიც შეეხებოდა დავით ხიდაშელის ინტერესებს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, აღნიშნულ ნაწილში თამარ ბაღაშვილი ამბობს: „ჩვენს წინა გადაცემაში გავიდა რეპორტაჟი დავით ხიდაშელის ინტერესების შესახებ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მან სპეციალური ფონდი უკვე დააფუძნა. სწორედ ამ სიუჟეტის შესავალ ნაწილში, ანუ წამყვანების ტექსტში საუბარი იყო, რომ ხიდაშელმა ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაც შეიძინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. დავით ხიდაშელმა ჯერ-ჯერობით ინვესტიცია ჩადო მხოლოდ ფონდის საქმიანობაში, თუმცა რეალურად და სამომავლოდ რა ინტერესი აქვს ე.წ. „გარეჯის საქმის" მთავარ ანტიგმირს, ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამაზე მუშაობას „შაბათის ფორმულა", უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ძალიან მწვავე რეაქციის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც განაგრძობს".

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის შესავალში ქარტიის 1-ლი პრინციპი დაირღვა და გავრცელდა არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც ნაწილობრივ მედიასაშუალების მხრიდან გაკეთებული შესწორებაც ადასტურებს. სწორედ იმან, რომ ჟურნალისტმა დააკლო გადამოწმების ძალისხმევა და არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოიწვია პირველი პრინციპის დარღვევა.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

სადავო ნაწილში ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდა არასწორად.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული, რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი, თუმცა არც ის მტკიცდება, რომ მას წყარო საერთოდ არ ჰყავდა. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებდა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაყალბებაზე, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაღება მიმდინარეობდა ფარულად, რაც არაეთიკური იყო, რადგან იგი სამუშაო ოთახში იმყოფებოდა და ჟურნალისტი მას სამსახურეობრივ სივრცეში იღებდა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა ამ ფარული ჩანაწერით, არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, არ იყო ამის ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება. განმცხადებლის პოზიციით, არ ჩანდა, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირის პირადი ინფორმაცია. მისი თქმით, ამ ინფორმაციის მიღება სხვა ხერხებითაც იყო შესაძლებელი და ჟურნალისტს ინფორმაციის მოსაპოვებლად არ უნდა გამოეყენებინა არაკეთილსინდისიერი მეთოდი.

თავის მხრივ, ქეთი ნადიბაიძემ აღნიშნა, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა თამაზ ურთმელიძის ჩაწერის მცდელობა, თუმცა მისგან უარი მიიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ფარული ჩანაწერის გამოყენებით სამსახურეობრივი საიდუმლოება არ გამხდარა საჯარო. „მის კაბინეტში გადაღებული რამდენიმე წამიანი მასალა მტკიცებულებაა, რომ ის ნამდვილად ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია" - ამბობს ჟურნალისტი და მიუთითებს, რომ ჩანაწერის გამოყენების მთავარი მიზეზი მხოლოდ ეს იყო.

საბჭოს აზრით, ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვებისას არ გამოუყენებია არაკეთილსინდისიერი მეთოდები. მან მიმართა ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთ ხერხს, რომელიც ამ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს, რადგან მსგავსი თემების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და საჭირო ინფორმაციის მისაღებად მსგავსი ჟურნალისტური მეთოდი დასაშვებია. შესაბამისად, ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მეოთხე პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

„ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, ადმინისტრაციის უფროსი, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი დეპუტატი კარლო კოპალიანია, რომელიც, რეპორტაჟში ნახავთ, რომ ყველაფერთან ერთად, არის უზრდელი” - სიუჟეტში ამბობს დავით ქაშიაშვილი.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ამ ნაწილში დაარღვია მეათე პრინციპი. ასევე, განმცხადებლის თქმით, ქეთი ნადიბაიძე ფარული ჩანაწერის სიუჟეტში გამოყენებით შეიჭრა ადამიანის პირად ცხოვრებაში. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ქეთი ნადიბაიძე ასევე ეცადა კანცლერის ჩაწერას უნივერსიტეტის ეზოში, სამუშაო სივრცეში, ისეთ ინფორმაციაზე, რაც ოფიციალურად უკვე გავრცელებული იყო [როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსზე (IPN)  იყო გამოქვეყნებული].

ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია აღნიშნული პრინციპი და ჩანაწერის ეთერში გაშვების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.

სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება წარმოადგენლეს საზოგადოებრივ ინტერესს. ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობები, რომ სხვა ხერხებით მოეპოვებინა ინფორმაცია, თუმცა, როგორც ამბობს, ვერ შეძლო. ამასთან, უნივერსიტეტის ეზოში კანცლერთან საჯარო ინტერესის მქომე საკითხზე ინტერვიუს ჩაწერა ვერ იქნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ქეთი ნადიბაიძეს არ დაურღვევია ქარტიის პრინციპი.

რაც შეეხება დავით ქაშიაშვილს, სადავო ფრაზა არ არის ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა.

საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნულზე საბჭომ იმსჯელა პირველი პრინციპის ფარგლებში, ასევე, მიიჩნია, რომ დავით ქაშიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მეათე პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, თამარ ბაღაშვილმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისკრედიტაციას.

არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამარ ბაღაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. თამარ ბაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.
  3. ქეთი ნადიბაიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.
  4. დავით ქაშიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.

 

განცხადება

ქეთი ნადიბაიძის შეპასუხება

სადავო მასალა