გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ბადრიძე ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
28.04.2023

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი ბადრიძე;
მოპასუხე : ნათია სონღულაშვილი;

10 მარტი, 2023 წელი

საქმე N – 631

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ბადრიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნათია სონღულაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „ნაციონალური მოძრაობის არაფორმალური მმართველი ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს აფორმებს. დეტალებზე შეხვედრა ლონდონში გაიმართა. ფოტოზე, რომელიც ექსკლუზიურად ქრონიკას მიაწოდეს, ჩანს დავით კეზერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, დავით ტყეშელაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი და ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე. ახალი გარიგების მიხედვით, კომპანიამ მთავრობის დისკრედიტაციაზე უნდა იმუშაოს, დაგეგმოს ანტი-სახელისუფლებო კამპანია ტრადიციულად „ქართული ოცნების” პრორუსულობასა და სააკაშვილის წამებაზე.

გიორგი ბადრიძე, რომელიც გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების მონაწილეა, ამბობს, რომ იყო მეგობრული შეხვედრა, თუმცა თქვა ისიც, რომ დავით კეზერაშვილი და დავით ტყეშელაშვილი პირველად ნახა. ბადრიძის განმარტებით, მან კაფეში მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა”.

       „ქრონიკის ინფორმაციით, ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს სწორედ გიორგი ბადრიძე და თემურ იაკობაშვილი აწარმოებენ, მათ კი ანგარიში კეზერაშვილსა და ტყეშელაშვილს ჩააბარეს”.

სიუჟეტში ვხვდებით გიორგი ბადრიძის კომენტარსაც.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერი გზებით მოპოვებული მასალების საფუძველზე ფაქტები არასწორად და მანიპულაციურად გადმოსცა.

განმცხადებელის თქმით, მან ჟურნალისტს განუმარტა, რომ ფოტოზე ასახული შეხვედრის დროს არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკებები და ლობისტები. როგორც ის აღნიშნავს, ჟურნალისტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგი კატეგორიულად უარყოფდა რაიმე ტიპის ურთიერთობას ლობისტებთან და რაიმე ტიპის ფინანსურ კავშირებს, მაგრამ ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა. განმცხადებელმა განმარტა, რომ ფოტოზე გამოსახული სამი ადამიანიდან მხოლოდ თემურ იაკობაშვილს იცნობდა, დანარჩენ ორს კი პირველად შეხვდა.

თავის მხრივ, ჟურნალისტის თქმით, სიუჟეტში არის ნათქვამი, რომ ფოტო ასახავს ლობისტურ კომპანიასთან შეხვედრას.

„გადმოვეცით მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ქრონიკას წყარომ მიაწოდა - ბატონები ბადრიძე და იაკობაშვილი ტყეშელაშვილს და კეზერაშვილს უყვებოდნენ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკების შედეგებს. წყარო და ინფორმაციის მოღების შესაძლებლობაც რომ რეალურია, მის მიერვე მოწოდებული ფოტოც ადასტურებს. სიუჟეტში ასევე არსად არის ნათქვამი, რომ გიორგი ბადრიძემ დაადასტურა ლობისტურ კომპანიასთან შეხვედრა. რაც შეეხება ბრალდებას მიკერძოების შესახებ: მე, როგორც ჟურნალისტი, დავუკავშირდი ყველა მხარეს და ვინც კომენტარს დათანხმდა, სიუჟეტში ყველას პოზიცია გამოყენებულია", - ამბობს ნათია სონღულაშვილი.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ ის შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო (მასალაში ვხვდებით გიორგი ბადრიძის კომენტარსაც), მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. ჟურნალისტის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ „გიორგი ბადრიძე გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების მონაწილეა”, „ქრონიკის ინფორმაციით, ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს სწორედ გიორგი ბადრიძე და თემურ იაკობაშვილი აწარმოებენ, მათ კი ანგარიში კეზერაშვილსა და ტყეშელაშვილს ჩააბარეს”. აღნიშნული ფოტოც იმ კონტექსტშია გამოყენებული, როცა ჟურნალისტი კონტრაქტზე საუბრობს („ნაციონალური მოძრაობის არაფორმალური მმართველი ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს აფორმებს. დეტალებზე შეხვედრა ლონდონში გაიმართა. ფოტოზე, რომელიც ექსკლუზიურად ქრონიკას მიაწოდეს, ჩანს დავით კეზერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, დავით ტყეშელაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი და ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე"), რის გამოც მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ფოტო სწორედ ლობისტურ კომპანიასთან შეხვედრას ასახავს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირის გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. სიუჟეტით იქმნება ფონი, რომ ბადრიძე მართლაც „გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების წევრია”, „ბრიტანულ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს” და „ანგარიშს კეზერაშვილს და ტყეშელაშვილს აბარებს”. ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სიუჟეტში არ ჩანს. მას აქვს მხოლოდ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ფოტო და ინფორმაცია, რასაც გიორგი ბადრიძე უარყოფს.

საბჭო აღნიშნავს, რომ გიორგი ბადრიძეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, ეპასუხა აღნიშნულ ბრალდებებზე, მაყურებელს უნდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეეცადა თუ არა ჟურნალისტი ამ ფაქტის გადამოწმებას/დაზუსტებას როგორც გიორგი ბადრიძესთან, ასევე, სხვა წყაროებთან. სიუჟეტში არ იყო მითითებული არავითარი დამატებითი მტკიცებულება.

ჟურნალისტს უფლება აქვს დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია და რელევანტურ წყაროებთან გადამოწმებისთვის. თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულებები.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

გიორგი ბადრიძის თქმით, ნათია სონღულაშვილმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას. ამასთან, განმცხადებელმა მოიყვანა მაგალითები, როცა ტელეკომპანია „იმედის” მხრიდან სხვა დროსაც ყოფილა მის მიმართ ფაქტების მანიპულაციურად გაშუქება.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია სონღულაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნათია სონღულაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება