განმცხადებელი : საქართველოს ძიძების ასოციაცია;
მოპასუხე : ნინი ტაველიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
12 აპრილი, 2023 წელი
საქმე N – 632
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, მაია წიკლაური
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ძიძების ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 5 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის „კურიერი P.S.”-ში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნინი ტაველიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის და მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენლები.
საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-5
პრინციპთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალა ძიძების მხრიდან ბავშვზე ძალადობას ეხებოდა. სიუჟეტის აღწერაში ვკითხულობთ „მოძალადე ძიძები - კურიერი P.S.-ის სოციალური ექსპერიმენტი".
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: „ძიძების მხრიდან ძალადობის შემთხვევები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ხშირია. ოფიციალური სტატისტიკა კი — საგანგაშო, თუმცა რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან სტატისტიკაში არ ხვდება აღმზრდელების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა, ისევე, როგორც ეს ჩვენი ექსპერიმენტის შემთხვევაში მოხდა".
სიუჟეტში ვხვდებით მშობლის, ასევე, ძიძების სააგენტო „გადიას" დამფუძნებლის და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის კომენტარებს. გარდა ამისა, ჟურნალისტს გამოყენებული/გახმოვანებული აქვს Facebook-ზე დაწერილი სტატუსები, სადაც აღმზრდელების მხრიდან არასათანადო ქცევის ფაქტებია აღწერილი.
სიუჟეტის დასაწყისში არის ჟურნალისტური ექსპერიმენტი, გათამაშებული/დადგმული სცენა, რომელსაც მოჰყვება ჟურნალისტის ტექსტი - „საზოგადოების მხრიდან ასეთი ფაქტების უგულებელყოფა მსგავსი შემთხვევის იდენტიფიცირებას და პრევენციას ართულებს. შედეგად, მშობლების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ ძიძის მიერ სასეირნოდ გაყვანილი ბავშვი, შესაძლოა, აღმზრდელისგან ძალადობის მსხვერპლი იყოს".
განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში წარმოჩენილი მთავარი თემა, რომ ძიძები მოძალადეები არიან და ბავშვებზე ძიძების მხრიდან ძალადობის სტატისტიკა საგანგაშოა, დამაზიანებელია და მანიპულაციურად არის გაშუქებული.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალაში წარმოჩენილი არ არის ძიძების პოზიცია, რომელიც რელევანტურია, რადგან სიუჟეტი კონკრეტულად მათთან მიმართებით არის მომზადებული. განმცხადებლის თქმით, წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია განზოგადებულია და ძიძები წარმოჩენილნი არიან მოძალადეებად.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჟურნალისტი კონკრეტულ წყაროებს დაეყრდნო, სტატისტიკასთან დაკავშირებით მოიძია ინფორმაცია ჯგუფებში და მართალია არ დაასახელა წყარო, თუმცა სიუჟეტი მასზე დაყრდნობით მოამზადა.
საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. სხვადასხვა წყაროს წარმოდგენა არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა აჩვენა ყველა რელევანტური მხარე, ეს ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება კონკრეტულ ჯგუფს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მართალია, ბრალდების კონკრეტული ადრესატი არ არის დასახელებული, თუმცა ჟურნალისტი საუბრობს ძიძებზე მხოლოდ ერთ ჭრილში, რომ ისინი არიან „მოძალადეები".
ამასთან, საყურადღებოა ფრაზა „ძიძების მხრიდან ძალადობის შემთხვევები როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ხშირია. ოფიციალური სტატისტიკა კი საგანგაშო, თუმცა რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან სტატისტიკაში არ ხვდება აღმზრდელების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა, ისევე, როგორც ეს ჩვენი ექსპერიმენტის შემთხვევაში მოხდა".
გაურკვეველია, რომელ ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა ჟურნალისტი, როდესაც ამ დასკვნას აკეთებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტში იყოს დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ქარტიის სხდომაზე დამსწრე ძიძებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მედიის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების გამო უნდობლობაა ძიძების მიმართ, რაც მათი უფლებების დარღვევას იწვევს.
სადავო სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს არ ჰყავს წარმოდგენილი მეორე - ძიძების მხარე და დაუბალანსებელ ინფორმაციას მანიპულაციურად აწვდის აუდიტორიას.
ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.
ასევე, ქარტია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მიუთითებს, რომ დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია. სადავო სიუჟეტში ეს განმარტება თავიდანვე არ ჩანდა და არც ტექსტის სახით იყო მითითებული, მხოლოდ ბოლო ნაწილში გააჟღერა ჟურნალისტმა. შესაბამისად, საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ხერხის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, მედიამ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია.
მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.
მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევებში განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ წყარო - სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ძიძების მხრიდან ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელს გვაჩვენებს, არ არსებობდა. მოპასუხემ კი მიუთითა, რომ ჟურნალისტი ეყრდნობოდა Facebook ჯგუფებში გავრცელებულ ინფორმაციას.
ჟურნალისტმა ინფორმაცია სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების დაცვით არ გააშუქა, რაც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა, თუმცა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ წყარო საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად ვერ დაადგინა.
მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვების მეთოდის კეთილსინდისიერად და ობიექტური საზოგადოების ინტერესი განმარტებულია მე-10 პრინციპზე მსჯელობისას. სამართლიანად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, ჯერ დადგინდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ არსებობს თუ არა საზოგადოების ინტერესი და მხოლოდ ამ ინტერესის შეფასების შემდეგ შეიძლება მოხდეს უშუალოდ ინფორმაციის მიღების გზებზე მსჯელობა.
საბჭოს აზრით, ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვებისას არ გამოუყენებია არაკეთილსინდისიერი მეთოდები. ზოგადად, სიუჟეტში განხილული მთავარი თემის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოების ინტერესი. ჟურნალისტმა ინფორმაცია დისკრიმინაციულად, დაუბალანსებლად და არაეთიკურად გააშუქა და საბჭომ დარღვევა აღნიშნული პრინციპების ფარგლებში დაადგინა, ხოლო მე-4 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო კლასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევა — სიუჟეტში ძიძები წარმოჩენილნი იყვნენ მოძალადეებად. განმცხადებლის მხარეს წარმოადგენდნენ ძიძები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი სიუჟეტები მათ აზიანებს, საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობასა და სიძულვილს აღვივებს, რაც დამაზიანებელია.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
საბჭო მიუთითებს, რომ საზოგადოებაში უკვე არსებობს სტიგმა ძიძებთან მიმართებით, რომ „ძიძას საკუთარი შვილი არ უნდა ანდო", ამასთან, ძიძების შესახებ ნეგატიურ ჭრილში კომენტარებს ვკითხულობთ სადავო სიუჟეტზეც.
მასალის მომზადების არამგრძნობიარე/საზიანო ფორმაა, როდესაც ერთ კონკრეტულ ჯგუფს მტკიცებულებების გარეშე წარმოაჩენ მოძალადედ, ამასთან, არ აჩვენებ მეორე მხარეს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სიფრთხილით აჩვენოს ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც ხელს უწყობს სტერეოტიპული წარმოდგენების გამძაფრებას. მაგალითად, სიუჟეტის დასაწყისში გათამაშებული სცენა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად ძიძებთან.
როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.
მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.
განმცხადებლის პოზიციით, გათამაშებულ კადრებში ირღვევა ბავშვის ინტერესები, რადგან მასზე ხორციელდება ზეწოლა, რომელიც არ ვიცით რა კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე.
მოპასუხე მხარემ კი დააზუსტა, რომ სიუჟეტში მონაწილე ბავშვს გააზრებული ჰქონდა, რომ ამ კადრების გათამაშება ხდებოდა, იყო დედამისთან ერთად, აქვს მსგავსი ტიპის გამოცდილება სარეკლამო ტიპის გადაღებებში და მედიას არ დაურღვევია მისი ინტერესები.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, მშობლის ან მეურვის ფორმალური თანხმობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჟურნალისტი გათავისუფლდეს ეთიკური პასუხისმგებლობისგან არასრულწლოვანთან დაკავშირებული სიუჟეტების მომზადებისას. თუმცა, გასათვალისწინებელია მოპასუხის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია, რომ სიუჟეტში მონაწილე ბავშვი იმყოფებოდა დედასთან და იცოდა, რომ გათამაშებულ სცენაში იღებდა მონაწილეობას, ასევე, შეუძლებელი იყო მისი სახის ამოცნობა. საბჭო ვერ გამორიცხავს, რომ ბავშვს სურდა ამ ვიდეოში მონაწილეობა, ისევე, როგორც იმას, რომ არ სურდა. თუმცა არსებული მტკიცებულებებით ბავშვთა უფლებების დარღვევა აღნიშნულ მონაკვეთში ვერ დადგინდა. შესაბამისად, საბჭომ ქარტიის მერვე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან“.
განმცხადებლი გამოთქვამდა ეჭვს, რომ სიუჟეტი მომზადებული იყო ძიძის გადასამზადებელი კურსების რომელიმე ცენტრის დაკვეთით, რადგან, მისი თქმით, სიუჟეტში ჟღერდებოდა მოწოდება და რეკომენდაცია ძიძების აუცილებელი პროფესიული გადამზადების შესახებ.
მედიასაშუალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მასალა არ იყო სარეკლამო. მისი თქმით, მედიას მაუწყებელთა შესახებ კანონის მიხედვით, ისედაც არ აქვს საინფორმაციო გამოშვებაში რეკლამის გაშვების უფლება და სიუჟეტი არ გაკეთებულა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.
ხშირ შემთხვევაში, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ატარებს სტანდარტული სარეკლამო მასალის ნიშნებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ მასალა შექმნილი იყოს დამკვეთის მიერ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.
სადავო შემთხვევაში არ დასტურდება, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ატარებდა ფინანსურ ინტერესს და ჟურნალისტმა მასალის სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღო, ამისთვის საბჭოს არ აქვს დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად საბჭომ მეცხრე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
სახელმძღვანელო წესებში - სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა ნათქვამია, რომ მეცხრე პრინციპის მთავარი მიზანია, მედიასაშუალებამ არ შეიყვანოს აუდიტორია შეცდომაში - არ მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება. შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე, ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე. მედია ანგარიშვალდებულია აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნინი ტაველიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
- ნინი ტაველიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პრინციპი.