გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მაგდა პაპიძე მარიამ ნებიერიძის წინააღმდეგ
15.05.2023

განმცხადებელი : მაგდა პაპიძე;
მოპასუხე : მარიამ ნებიერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 10 პრინციპი;

21 აპრილი, 2023 წელი

საქმე N – 627

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მაგდა პაპიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია „ჯორჯიან ტაიმსის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5, მე-6, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ ნებიერიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე მედიასაშუალებამ შეპასუხება წერილობით წარმოადგინა, სხდომას არ დასწრებია.

საბჭოს სამდივნოს მცდელობა ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო მაგდა პაპიძესაც, გაუგზავნა წერილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუმცა, მათ განმცხადებლის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტის მიხედვით, „მაგდა პაპიძე ციხეში თავის თანაკლასელზე გათხოვდა”. მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

       „პატიმრის ახალი რჩეული მისივე თანაკლასელია. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მან ხელი ციხეში რამდენიმე თვის წინ მოაწერა. თუმცა, მას მეუღლესთან ამ დრომდე არ მოუთხოვია ხანგრძლივი პაემანი. იგივეს გვიდასტურებს ქალთა დაწესებულების თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება, ბუნებრივია, არ ისურვა".

       „რა გახდა უვადო პატიმრის კიდევ ერთხელ გათხოვების მიზეზი ჩვენთვის უცნობია. მას მედიასთან საუბარი აღარ სურს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი სწორედ ამ გზით ცდილობს სასჯელის შემსუბუქებას და შეწყალების კიდევ ერთხელ მოთხოვნას".

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მაგდა პაპიძის ქორწინების შესახებ სიცრუეა და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს. განმცხადებლის წარმომადგენელის თქმით, ჟურნალისტს ჰქონდა ამ ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმების შესაძლებლობა, მათ შორის, თავად მაგდა პაპიძის ადვოკატთან [განმცხადებლის თქმით, თუ ადვოკატის შესახებ ჟურნალისტს არ ჰქონდა ინფორმაცია, შეეძლო ეს პენიტენციური დაწესებულებიდან მოეპოვებინა] და ასევე, შეეძლო მაგდა პაპიძისთვისაც მიეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში. განმცხადებლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტს არ მიუმართავს დედისთვისაც და პაპიძის ოჯახის სხვა წევრებისთვის.

როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი მიუთითებდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაგდა პაპიძე ოჯახმაც მიატოვა და დედა იშვიათად აკითხავს ციხეში, სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტს ეს ინფორმაციაც უნდა გადაემოწმებინა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მაგდა პაპიძე გათხოვდა" დადასტურებულ ფაქტად არის წარმოჩენილი.

აღნიშნულის დასადასტურებლად ჟურნალისტს სიუჟეტში ჰყავს რამდენიმე წყარო - კონფიდენციალურად ჩაწერილი ოჯახის ახლობელი [მისი კომენტარი შეცვლილი ხმით და გამოსახულებით არის ჩაწერილი და ნაჩვენები სიუჟეტში.], ქალთა დაწესებულების თანამშრომელი [ინფორმაციას ჟურნალისტი თავის ტექსტში კითხულობს, რესპონდენტი არ არის ჩაწერილი]. ამასთან, ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს მაგდა პაპიძის ყოფილი ქმრის დედასთან და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან.

„პაპიძის დაოჯახების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება უვადო პატიმრის ოჯახის წევრებთან გადავწყვიტეთ, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი აღარ სურთ და კონტაქტის დამყარებაც გაგვიჭირდა" - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში, თუმცა მაყურებელი რეალურად ვერ ხედავს მართლა სცადა თუ არა ჟურნალისტმა პაპიძის ოჯახთან დაკავშირება; განმცხადებელის წარმომადგენელი კი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტს მაგდა პაპიძის დასთან და დედასთან დაკავშირების მცდელობა არ ჰქონია.

ამასთან, განმცხადებლის წარმომადგენელთან დაზუსტდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტს შეეძლო სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მაგდა პაპიძის ადვოკატის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა, ასევე, შესაძლებელი იყო პატიმრისთვის თავად მიეწერა, რის მცდელობასაც ჟურნალისტის მხრიდან ვერ ვხედავთ.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციის გადამოწმებას პენიტენციურ სამსახურთან შევეცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ პატიმრის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ, მით უფრო მაშინ, როცა აღნიშნულზე არც თავად პატიმარი საუბრობს" - ამბობს ჟურნალისტი, თუმცა მაყურებლისთვის აქაც ბუნდოვანი რჩება, საიდან აკეთებს ჟურნალისტი დასკვნას, რომ აღნიშნულზე პატიმარი არ საუბრობს.

„რა გახდა უვადო პატიმრის კიდევ ერთხელ გათხოვების მიზეზი ჩვენთვის უცნობია. მას მედიასთან საუბარი აღარ სურს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი სწორედ ამ გზით ცდილობს სასჯელის შემსუბუქებას და შეწყალების კიდევ ერთხელ მოთხოვნას" - ჟურნალისტის ამ ტექსტშიც არ არის დაზუსტებული, ვის ეკუთვის ეს ვერსია.

ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჰყავდეს კონფიდენციალური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა. თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

არ დადასტურდა, რომ განმცხადებელმა ჟურნალისტს/მედიასაშუალებას მიმართა შესწორების მოთხოვნით, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

მე- 6 პრინციპი: „ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურადმოპოვებული ინფორმაციის წყარო“.

წყაროს კონფიდენციალურობა ასახულია კანონმდებლობაშიც, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად კი, პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ დაკითხვისა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება ჟურნალისტს არ ეკისრება.

კონფიდენციალური წყარო, უმეტესწილად, ნდობის ნაკლები ხარისხით სარგებლობს, მაგრამ, ამასთან, შესაძლებელია, ასეთი წყარო ფლობდეს მნიშვნელოვან, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაზეც მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით დასთანხმდეს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წყაროს მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა საზოგადოების მხრიდან ნდობა და უნდობლობა არ ცვლის ამ მუხლის შინაარსს: კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება დაუშვებელია.

დაუშვებელია როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით კონფიდენციალური წყაროს პირდაპირ ან ირიბად იდენტიფიცირება. მსგავსი ქმედება ხელს უწყობს წყაროთა უნდობლობას, ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ და, შესაბამისად, იზრდება რისკი, წყაროებმა ინფორმაცია არ მიაწოდონ ჟურნალისტებს იმის შიშით, რომ მათ შესახებ ინფორმაცია გახდება საჯარო.

განმცხადებლის არგუმენტაციის მიხედვით, ჟურნალისტი ბოროტად იყენებდა აღნიშნულ პრინციპს.

სადავო შემთხვევაში ჟურნალისტს ჰყავს კონფიდენციალური წყარო და არ ასახელებს მის ვინაობას, შესაბამისად, არ არღვევს ქარტიის მეექვსე პრინციპს.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი ამბობს: „შვიდი წელია საქართველოში ერთადერთი უვადო პატიმრობამისჯილი ქალი, მაგდა პაპიძე გისოსებს მიღმა, ქალთა დაწესებულებაში იმყოფება. ქალთა დაწესებულების თანამშრომლებისგან ვგებულობთ, რომ მაგდა პაპიძე მარტოსულია, ბევრს არ საუბრობს, არ აქვს კომუნიკაცია არცერთ პატიმართან, ხატავს, ქარგავს და ასე ითვლის უვადო პატიმრობის დღეებს”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ გაშუქებული ინფორმაცია მაგდა პაპიძის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.

საბჭომ სადავო შემთხვევაში ქარტიის მეშვიდე პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. საბჭომ სადავო მასალაში დაინახა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტის მხრიდანაც არის რამდენჯერმე ხაზგასმული, რომ პატიმარი ქალია. 

თემის არასტერეოტიპულად გაშუქებისთვის, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მედია ამ თემით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ შვილისა და ქმრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ქალია.

ამასთან, სიუჟეტის დასაწყისშივე ისმის ფრაზა „მაგდა პაპიძე ციხეში გათხოვდა". ქარტია „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ" მედიას მიუთითებს, რომ გამოიყენოს „ისეთი ლექსიკა და ტერმინოლოგია, რომელიც თავიდან აგაცილებთ სტერეოტიპული ფორმულირებების გავრცელებას და ხელს შეუწყობს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას". ტერმინი „გათხოვება" პრობლემატური და სტერეოტიპულია, ამით ხდება ქალის ობიექტივიზაცია და „ნივთად" წარმოჩენა, რომლის „თხოვება" შესაძლებელია.

მედია უნდა მოერიდოს სტერეოტიპული ტერმინების გამოყენებას, ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და მისი წახალისება, სტიგმა და სენსიტიური გამონათქვამები.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.

საბჭომ ჩათვალა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს, კონკრეტულად „მაგდა პაპიძის გათხოვება”, შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მარიამ ნებიერიძემ დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელს ჰქონდა ეჭვები, რომ ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, საბჭოს ამის შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ ნებიერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-10 პრინციპი.
  2. მარიამ ნებიერიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5, მე-6 და მე-11 პრინციპი.

განცხადება 1

განცხადება 2

შეპასუხება

სადავო მასალა