გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნიკოლოზ გოგლიძე მეგი ნარსავიძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ
15.05.2023

განმცხადებელი : ნიკოლოზ გოგლიძე;
მოპასუხე : მეგი ნარსავიძე, ლევან ჯავახიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 4 პრინციპი; 10 პრინციპი;

12 აპრილი, 2023 წელი

საქმე N – 634

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, ირმა ზოიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნიკოლოზ გოგლიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 10 მარტს ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-4 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ მეგი ნარსავიძე და ლევან ჯავახიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „ნაცმოძრაობის” დამხმარე ძალა უკრაინიდან.

შესავალში ლევან ჯავახიშვილი ამბობს:

       „რადიკალების გეგმები აქციაზე მყოფთა ამოცანას არ ემთხვევა, ახალგაზრდები პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას ცდილობენ. არეულობის მსურველთა რიგებს კი უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები მიემატნენ, პოლიტიკური გზავნილებით და ხელისუფლების შეცვლის მოწოდებებით”

რეპორტაჟში ჟურნალისტი ამბობს:

       „სახელისუფლებო გუნდი ხედავს რისკს, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის შიგნით მყოფ ნაციონალებთან ერთად, აქციებზე დგანან უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები. არეულობა, დაპირისპირება და რევოლუცია - ეს სცენარი რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია - მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს”.

       „ბესო ბენდელიანის გარდა, აქციებზე უკრაინიდან ჩამოსული სხვა მებრძოლებიც აქტიურად დადიან. ქრონიკამ რამდენიმე მათგანს ჩამოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნაწილი აღიარებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო დაბრუნდა, ზოგი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. არიან ისეთებიც, ვისაც ქრონიკის მიერ დასმული კითხვებისგან გამოწვეული გაღიზიანების დამალვა უჭირს”.

სიუჟეტში ვხვდებით ნიკოლოზ გოგლიძის ინტერვიუსაც, სადაც იგი ჟურნალისტს ეკითხება - „ტელეკომპანია იმედს რატომ გავახსენდი, ეგ მითხარით, მოღალატე ტელევიზიას?”... „ვინ გითხრათ, რომ იქ [უკრაინაში] ვიყავი? კი, ვიყავი, მაგრამ თქვენ ვინ გადმოგცათ ეს ინფორმაცია? ალბათ ისევ რუსეთისგან…”. ამის შემდეგ განმცხადებელი ტელეფონს თიშავს.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტურ მასალაში არასწორად იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად, მანიპულაციურად გააშუქა. მან განმარტა, რომ უკრაინიდან შარშან, აპრილის თვეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩამოვიდა. განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში ნახსენებ ადამიანებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა გადამოწმებული ინფორმაცია.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

სიუჟეტში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: ნიკოლოზ გოგლიძეს მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია და ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა, რომ მასთან დაერეკა, თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. 

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. წამყვანის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ „არეულობის მსურველთა რიგებს უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები მიემატნენ”; ჟურნალისტი კი ამბობს, რომ რესპონდენტების „ნაწილი აღიარებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო დაბრუნდა”.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას არ ჰყავდა საკმარისი წყაროები იმისთვის, რომ ჟურნალისტმა უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები „არეულობას” და „ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშიროს.

სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტის მთავარი წყარო სახელისუფლებო გუნდია და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია და რელევანტურ წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულებები.

სიუჟეტში ფაქტები მანიპულაციურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რადგან ჟურნალისტს არ ჰყავს საკმარისი წყაროები, რათა დაადასტუროს, რომ უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები „არეულობის მსურველთა რიგებს” მიემატნენ და ქვეყანაში აქციების გამო დაბრუნდნენ; ასევე, მათი კავშირები „ნაციონალურ მოძრაობასთან” ბუნდოვანია.

შესაბამისად, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ მეგი ნარსავიძემ და ლევან ჯავახიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა ფარულად, ნებართვის გარეშე და ამასთან, მოახდინა მისი იდენტიფიცირება.

განმცხადებლის თქმით, სიუჟეტში მის კომენტარშიც ჩანს, რომ არ სურდა მედიასაშუალებასთან საუბარი და გაუთიშა ტელეფონი, ამასთან, არ ჰქონია მოლოდინი, რომ მისი კომენტარი ჟურნალისტურ პროდუქტში იქნებოდა გამოყენებული, რადგან ეს ყველაფერი ჟურნალისტს მისთვის არ განუმარტავს.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვების მეთოდის კეთილსინდისიერად და სამართლიანად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, ჯერ დადგინდეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ არსებობს თუ არა საზოგადოების ინტერესი და მხოლოდ ამ ინტერესის შეფასების შემდეგ შეიძლება მოხდეს უშუალოდ ინფორმაციის მიღების გზებზე მსჯელობა.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს, ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

საბჭომ სადავო შემთხვევაში ვერ დაინახა განმცხადებლის იდენტიფიცირების საჭიროება. როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ არ იცოდა, ჟურნალისტი ინტერვიუს თუ იწერდა.

ფარული  ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ ეს შეფასება არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  საბჭო ასეთ დასკვნამდე გარემოებების შეფასების შედეგად მივიდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევაში არ იყო  იმის საჭიროება, რომ რესპონდენტის ვინაობა გასაჯაროებულიყო, ჟურნალისტს შეეძლო დაეფარა მისი ვინაობა და დაეცვა მისი პირადი ცხოვრება.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვა ყველა გზა მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის — იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერი, ან პირის გამჟღავნებულ ვინაობას რაიმე სიკეთის მოტანა თუ შეუძლია საზოგადოების ინფორმირებისთვის.

ჟურნალისტმა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გაიაზროს, რა საფრთხე შეიძლება მიადგეს რესპონდენტს, იფიქროს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას.

მოცემულ შემთხვევაში არ მტკიცდება, რომ ჟურნალისტს ჰქონდა რესპონდენტის თანხმობა ჩაწერასთან დაკავშირებით. პირის ვინაობის გამჟღავნება არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერა „არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მეგი ნარსავიძემ დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი. ვინაიდან, ლევან ჯავახიშვილი არ იდენტიფიცირდება, როგორც სიუჟეტის ავტორი, მას მეოთხე პრინციპის დარღვევა არ დაუდგინდა.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში და მოახდინა მისი იდენტიფიცირება, რის შედეგადაც, ახლობლები/მეგობრები შეძლებდნენ მის ცნობას. მისი თქმით, მისი პიროვნების მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი. განმცხადებელმა თქვა, რომ სწორედ ამ სიუჟეტიდან გაიგეს მისი უკრაინაში ყოფნის შესახებ მისმა შვილებმა და ახლობლებმა.

საზოგადოებრივ ინტერესზე საბჭომ იმსჯელა მეოთხე პრინციპის განხილვისას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო ასეთ მიზანს და საჭიროებას ვერ ხედავს.

ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. პირადი ცხოვრების ქონის უფლება ყველას აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი ყურადღებისგან, არ გაასაჯაროოს ისეთი დეტალები, რომელიც უკავშირდება მის ჯანმრთელობას, მდგომარეობას, პირად ურთიერთობებს და ა.შ.

რესპონდენტს არ სურდა იდენტიფიცირებული ყოფილიყო, მისთვის ჟურნალისტს ეს კითხვაც არ დაუსვამს, სიუჟეტში მისი ვინაობა პირდაპირ დაასახელა [ფოტო, სახელი, გვარი], რის მიმართაც არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. საბჭო იმასაც ითვალისწინებს, რომ განმცხადებელი არის კერძო პირი. 

ზოგადად, სიუჟეტში განხილული მთავარი თემის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოების ინტერესი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ ვერ დაინახა განმცხადებლის იდენტიფიცირების აუცილებლობა, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია არ იყო სათანადოდ გადამოწმებული, დაბალანსებული. 

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მეგი ნარსავიძემ დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი.  ვინაიდან, ლევან ჯავახიშვილი არ იდენტიფიცირდება, როგორც სიუჟეტის ავტორი, მას მეათე პრინციპის დარღვევა არ დაუდგინდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მეგი ნარსავიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-4 და მე-10 პრინციპი.
  2. ლევან ჯავახიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  3. ლევან ჯავახიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა