გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სალომე გოცირიძე ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ
29.05.2023

განმცხადებელი : სალომე გოცირიძე;
მოპასუხე : ნიკოლოზ მჟავანაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;

28 აპრილი, 2023 წელი

საქმე N – 647

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე, საბა წიწიკაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სალომე გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 11 აპრილს ტელეკომპანია „სეზონის” ეთერში გასულ გადაცემაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ მხარეებს.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის პირველ, მე-5 და მე-11 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემის ნაწილს, სადაც საუბარია მეგი გოცირიძეზე.

წამყვანი ამბობს: „ახლა მე ვფიქრობ ხათუნა სამნიძის, ანა წითლიძის და მეგი გოცირიძის, ძალიან რთული მისია მერგო, მაგრამ ეგენიც უნდა რაღაცნაირად დავაოჯახო, აგერ უკვე ერთი ქალი გავაბედნიერე, ეს ფოტოები რომ წარვადგინე, ვიღაც გამოჩნდა, ჩემი შეყვარებულია და ცოლად მომყავსო. სიმართლე, რომ გითხრა მეგი გოცირიძის გათხოვება ცოტა რთული იქნება მემგონი”.

გადაცემის სტუმარია დიტო ჩუბინიძე, რომელიც ამბობს: „მეგი გოცირიძეს ბოლოს ვიცი მე ვინ მოიყვანს. მეგი გოცირიძეს ბოლოს მოიყვანს ბადრი შუბლაძე”.

რაზეც წამყვანი პასუხობს - „ვერ გაუძლებს ბადრი მაგხელა ზეწოლას და მაგხელა პრესს”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა დისკრიმინაციული იყო გენდერული ნიშნით.

საბჭომ სადავო შემთხვევაში ქარტიის მეშვიდე პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. საბჭომ სადავო მასალაში დაინახა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და სტიგმის გაძლიერება.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალა დისკრიმინაციული, არაეთიკური, გენდერულად არამგრძნობიარე და სტერეოტიპული მოსაზრებების გამამყარებელია.

ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად:

სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესამაბისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი.

სადავო შემთხვევაში რესპონდენტიც და ჟურნალისტიც აჟღერებენ სტერეოტიპულ გამონათქვამებს და დამცინავად მოიხსენიებენ კონკრეტულ პირებს. გადაცემაში ხდება ქალის ობიექტივიზაცია და „ნივთად" წარმოჩენა, რომლის „გათხოვება ძალიან რთული მისიაა".  მასალა ქალს არასრულფასოვნად და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად წარმოაჩენს, რაც მიუღებელია და დამაზიანებელი შედეგები მოაქვს. წამყვანი რამდენჯერმე ამბობს: „კორექტულობისკენ მოგიწოდებთ”, თუმცა ამასთან თავად იცინის რესპონდენის სიტყვებზე.

აქვე, საბჭო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული ფრაზები გადაცემის სხვა ნაწილებშიც ისმის, რაც ანალოგიურად დამაზიანებელია.

მედია უნდა მოერიდოს სტერეოტიპული ტერმინების გამოყენებას, ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და მისი წახალისება, სტიგმა და სენსიტიური გამონათქვამები.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.

საბჭომ ჩათვალა, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს, კონკრეტულად „მეგი გოცირიძის გათხოვება”, მისი პირადი ცხოვრება და ა.შ., მიუხედავად იმისა, სიმართლეა ეს ინფორმაცია თუ არა, ნიკოლოზ მჟავანაძემ პატივი არ სცა მეგი გოცირიძის პირად ცხოვრებას. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.