გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია დავით მჟავანაძის და შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ
31.05.2023

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;
მოპასუხე : დავით მჟავანაძე, შოთა დიღმელაშვილი;

12 მაისი, 2023 წელი

საქმე N – 637

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 3 აპრილს „ფლანგვის დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11  პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ დავით მჟავანაძე და შოთა დიღმელაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლის წარმომადგენელი და მოპასუხე, დავით მჟავანაძე.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალა გამოქვეყნდა მედიასაშუალების Facebook გვერდზე. ფოტოზე იყო წარწერა „მერისთვის მანქანის შეძენა ქუთაისს 118 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ორ თვეში ამ მანქანის მოვლისათვის ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი ტენდერის ავლით დაიხარჯა“; ხოლო პოსტის აღწერაში მოცემული იყო შემდეგი ინფორმაცია:

       იოსებ ხახალეიშვილმა შკოდას მარკის ჯიპი 2 თვის წინ 118,211 ლარად იყიდა.

       ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს ავტოცენტრი თბილისმა - კომპანიამ, რომელიც დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ქართული ოცნების შემომწირველ დავით გოგორიშვილთან. კონკურენტი კომპანია მერიას მიწოდების ვადის 1 თვით გაზრდას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მსგავსი ავტომობილის უფრო ბიუჯეტურ ფასად მიწოდებას სთავაზობდა. ახალთახალი მანქანის გეგმიური ტექნიკური მომსახურებისთვის ქუთაისის მერმა თბილისის ავტოცენტრში უნდა იაროს, რისთვისაც 13 ათასი ლარი ისევ ავტომობილის მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადა.

       ქუთაისის მერმა ავტომობილის ბამპერი ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დააზიანა, თუმცა შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ არ დახარჯულა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალებამ გაავრცელა არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც შეცდომაში შეჰყავდა აუდიტორია.

განმცხადებელმა განმარტა, რომ „ავტომობილი „შკოდა“ ქუთაისის მერიამ ტენდერის (NAT230000310) საშუალებით შეიძინა 118, 121 ლარად. მომწოდებელ კომპანიასთან გაფორმებული სტანდარტული ხელშეკრულების თანახმად, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში (5 წლის მანძილზე), ავტომობილმა დაწესებულ ვადებში, პერიოდულად, უნდა გაიაროს გეგმიური ტექნიკური შემოწმება, რათა საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს საგარანტიო პირობებმა და მომსახურებამ. ამ პროცესებისთვის არანაირი დამატებითი ტენდერის გამოცხადება არ არის საჭირო".

განმცხადებლის თქმით, ამ შემთხვევაში მერია არ იყო ვალდებული, რომ ახალი ტენდერი გამოეცხადებინა და გამარტივებული შესყიდვით შეეძლო ავტომობილის შეძენა, ამიტომ სიტყვები „ტენდერის ავლით" შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასეთი ფორმულირება მკითხველს უჩენდა აღქმას, თითქოს ქუთაისის მერია კანონდამრღვევია.

ამასთან, განმცხადებლის პოზიციით, სიცრუეა, თითქოს ქუთაისის მერმა ავტომობილის ბამპერი ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დააზიანა. მათი თქმით, ავტომანქანის ბამპერი არ დაზიანებულა და მისი გამოცვლის საჭიროებაც არ ყოფილა. ამასთან, განმცხადებელი ამბობს, რომ სიცრუეა სტატიაში მითითება იმაზე, რომ მომწოდებელი, შპს „ავტო ცენტრი თბილისი“ დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ქართული ოცნების შემომწირველ დავით გოგორიშვილთან.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა შემდეგ ფრაზასაც - „მანქანის მოვლისათვის ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი ტენდერის ავლით დაიხარჯა“. მისი თქმით, „2023 წლის 9 მარტს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მომწოდებელს, შპს „ავტო ცენტრი თბილისი“-ს შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია „ქალაქ ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 12947 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 26 იანვრამდე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მოწოდება მომწოდებლის მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან მისთვის არანაირი თანხა არ არის გადახდილი".

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტის თქმით, ფრაზა „ტენდერის გვერდის ავლით დაიხარჯა" მედიასაშუალების აუდიტორიას არ აღუქვამს როგორც „კანონდარღვევა", შესაბამისად, შინაარსს არ ცვლიდა ის, თუ სიტყვების როგორ ფორმულირებას [„უტენდეროდ, ტენდერის გვერდის ავლით თუ ტენდერის გარეშე"] გამოიყენებდა მედია.

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მანქანის ბამპერის დაზიანების ნაწილზე ეყრდნობოდა info imereti-ის მიერ გავრცელებულ ფოტო-მასალას. მისი თქმით, ცხადია, რომ მერიის მანქანა ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დაზიანდა, სტატიის ავტორის მიზანი კი ამის ჩვენება იყო, ამიტომ დაზიანებულია ბამპერი თუ მისი ზემოთა ნაწილი, მოპასუხის თქმით, წარმოადგენს უმნიშვნელო უზუსტობას.

განმცხადებლის და მოპასუხის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტებში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის მასალის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. მასალაში ეწერა, რომ „ორ თვეში მანქანის მოვლისათვის ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი ტენდერის ავლით დაიხარჯა“, თუმცა დადგინდა, რომ თანხა ჯერ არ არის დახარჯული, რაც ჟურნალისტებმა ჩასწორეს კიდეც, შესაბამისად, ამ ნაწილში მასალაში არ იყო სიზუსტე დაცული.

გარდა ამისა, მასალაში მითითებული „ტენდერის ავლით” ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მერიამ კანონის ამ მოთხოვნას გვერდი აუარა. დავით მჟავანაძის თქმით, ჟურნალისტებმა შესყიდვის ფორმაზე მოახდინეს საზოგადოების ინფორმირება და, მისი პოზიციით, როგორი ფორმითაც არ უნდა დაეწერათ, იქნებოდა ეს „უტენდეროდ”, „ტენდერის გვერდის ავლით” თუ „ტენდერის გარეშე”, არ ცვლიდა იმ მოცემულობას, როგორ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. საბჭო მიიჩნევს, რომ თუ ჟურნალისტს ზოგადად გამარტივებულ შესყიდვაზე სურდა ყურადღების გამახვილება, შეეძლო გავრცელებულ ინფორმაციაში ამ საკითხზეც ესაუბრა, რაც მკითხველს არ დაუტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ქუთაისის მერიამ კონკრეტული ქმედება კანონის გვერდის ავლით განახორციელა.

ამასთან, მასალაში წერია, რომ „ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს ავტოცენტრი თბილისმა" და დადგინდა, რომ ჩატარდა „გამარტივებული შესყიდვა", შესაბამისად, სიტყვები „უკონკურენტოდ მოიგო" იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და არ არის ზუსტი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელმა წარმოადგინა მედიასაშუალებასთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ მედიასაშუალებას ჰქონდა ინფორმაცია განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ.

მიუხედავად ამისა, მედიასაშუალებამ შესწორება გააკეთა მხოლოდ ორ ნაწილში და სადავო მასალას დაემატა მონაკვეთი - „შესწორება: თავდაპირველად ქარდზე გვეწერა, რომ ავტომობილის მოვლა-შენახვისთვის 13,000 ლარი დაიხარჯა, რაც არასრული ინფორმაციაა, რადგანაც ამ თანხის ათვისება - 2026 წლამდე უნდა მოხდეს, შესაბამისად ქარდი შეცვლილია"; ფრაზიდან „ქუთაისის მერმა ავტომობილის ბამპერი ყიდვიდან რამდენიმე კვირაში დააზიანა, თუმცა შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ არ დახარჯულა" სიტყვა „ბამპერი" იქნა ამოღებული.

დავით მჟავანაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჩასწორდა მას შემდეგ, რაც ამოიწურა მასალის Facebook რეკლამაზე მითითებული დრო, რადგან დარეკლამებული დროს პოსტის ჩასწორება შესაძლებელი არ იყო.

საბჭომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ ნაწილების გასწორება იყო არასაკმარისი და სადავო მასალაში გამოიკვეთა სხვა დეტალებიც, რომლებიც შეცდომაში შემყვანი იყო, შესაბამისად, ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ინფორმაცია არ შესწორებულა სრულყოფილად.

ამასთან, საბჭო რეკომენდაციას გასცემს, რომ მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში. გონივრული ვადა განისაზღვრება მედიის ტიპის, აუდიტორიის მოცულობის, შესაბამისად, ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.

დასპონსორებულ მასალაზე რეკლამის გასვლის დრო არ არის გონივრული ვადა და თუ ჟურნალისტი ჩათვლის, რომ მასალა გასასწორებელია, შეუძლია შეაჩეროს რეკლამირება და ჩასწორებული მასალა თავიდან დაარეკლამოს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რაც მიზნად ისახავდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციას.

არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტებს განზრახ შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. დავით მჟავანაძემ და შოთა დიღმელაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. დავით მჟავანაძეს და შოთა დიღმელაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა