განმცხადებელი : გიორგი ტაბატაძე;
მოპასუხე : Pia.ge-ს, Ambebi.app-ს, for.ge-ს, POSTV-ს და იმედის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები, ლიზა გეგეჭკორი, დიტო ჩუბინიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი;
25 მაისი, 2023 წელი
საქმე N – 649, 650, 651, 652, 653, 654, 656, 657
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ
ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა გიორგი ტაბატაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 24 აპრილს Pia.ge-ს, Ambebi.app-ს, for.ge-ს, POSTV-ს და იმედის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-4, მე-5 და მე-10 პრინციპი; ხოლო 2023 წლის 26 აპრილს POSTV-ს გადაცემა „მედია რენტგენსა” და ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-4, მე-5 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ლიზა გეგეჭკორი და დიტო ჩუბინიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. წერილობით შეპასუხება წარმოადგინა ტელეკომპანია „POSTV”-მ, დანარჩენ მედიებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალებების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალები განმცხადებლის პოსტს ეხებოდა, სადაც მან დაწერა: „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის".
- Pia.ge-მ გამოაქვეყნა Facebook პოსტი აღწერით: „სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ტალახაძის ევროპის ჩემპიონობას შემდეგნაირად გამოეხმაურა", ფოტოზე კი გადმოტანილი იყო განმცხადებლის პოსტის ტექსტი - „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის".
- Pia.ge-მ ასევე ვებ-გვერზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია: „სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ეხმიანება, სადაც ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა. „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის,“ - წერს გიორგი ტაბატაძე".
- Ambebi.app წერს - „Rustavi2: გიორგი ტაბატაძე: ლაშა ტალახაძე ქოცია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის | Rustavi2".
- For.ge წერს - „ილიაუნის ლექტორი: ლაშა ტალახაძე ქოცია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის".
- POSTV-ს პოსტში ნათქვამია - „კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის - გიორგი ტაბატაძის განცხადებას გამოეხმაურა: „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი "ქოცია", "ქოცი" კი რუსია, შესაბამისად, არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის“. როდემდე?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს სიბოროტე ილიას (!) სასწავლებელში?! გვიკვირს მერე, რატომ იმეტებენ დასაწვავად მამებს!“.
- იმედი წერს - „ილიაუნის ლექტორი: ლაშა ტალახაძე ქოცია, შესაბამისად, არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის".
- POSTV გადაცემა „მედია რენტგენის" აღწერაში ნათქვამია - „თავდასხმები და ბინძური ბრძოლა კონკრეტული ადამიანების გაშავების მიზნით. როგორ ცდილობს ყველა ბრძოლაში დამარცხებული ოპოზიცია და მათ მიერ მართული ტელევიზიები ოპონენტების მოშორებას და რაზეა წამსვლელი ამ ხრწნილი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა დასახული მიზნის მისაღწევად". მასალაში გამოყენებულია განმცხადებლის მიერ დაწერილი ორივე პოსტი - პირველი, სადაც სადავო ფრაზას აჟღერებს, მეორე, სადაც ამბობს, რომ პოსტი ირონიულად დაწერა.
- ასავალ-დასავალის სტატიაში წერია - „ილიაუნის ლექტორი გიორგი ტაბატაძე იმ წყეული პოლიტიკის პროდუქტია, როცა სააკაშვილის კანალიზატორმა მინისტრმა, უწიგნურმა ლომაია-რანკოვიჩის ხროვამ ილია ჭავჭავაძის სახელით ილია ჭავჭავაძის იდეებს შეუტია და განათლების სისტემის რეფორმით, რომელსაც სწორედ „ილია ჭავჭავაძე" უწოდეს, სკოლაში ილია მოკლა".
განმცხადებელი ამბობდა, რომ სადავო მასალებში გამოყენებული პოსტი იყო ირონიული და ეხებოდა პირებს, რომლებიც ახდენდნენ სპორტის ზედმეტ პოლიტიზაციას და პარტიული ნიშნით განიხილავენ ქართველ სპორტსმენებს.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად გაშუქდა, მას ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი სტატუსები მანამდეც ხშირად დაუწერია და მისი ირონიული, სარკასტული პოსტი არასწორად იყო აღქმული. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ იგი „ილიაუნის ლექტორად" მოიხსენია, რაც ასევე არ შეესაბამებოდა სიმართლეს — როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 2009-12 წლებში იყო ილიაუნის ლექტორი სამართლის სკოლაში, თუმცა ახლა აღარ არის. მისი თქმით, არცერთ ჟურნალისტს მასთან დაკავშირების მცდელობა არ ჰქონია.
თავის მხრივ, მედიასაშუალება POSTV-მ წერილობით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას. „გიორგი ტაბატაძის განცხადება გავრცელდა არაერთ მედიასაშუალებაში. საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციაზე განხორციელდა ინფორმაციის განთავსება facebook გვერდის საშუალებით. რაც შეეხება მედია რენტგენის გადაცემას. გადაცემაში მოყვანილია განმცხადებლის თავდაპირველი სტატუსიც, და ასევე მისი გავრცელებული ახსნა-განმარტება. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება, რომ რაიმე საკითხი ცალმხრივად გაშუქდა, არასწორია. განმცხადებელი ცდილობს სუბიექტური შეფასებებით გაიმართლოს თავი" - ნათქვამია შეპასუხებაში.
სადავო შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა სათანადოდ არ დაიცვეს სიზუსტის პრინციპი. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
სადავო მასალებში არ ჩანს ჟურნალისტების მცდელობა, დაკავშირებოდნენ პოსტის ავტორს და გადაემოწმებინათ ინფორმაცია, დაესვათ დამაზუსტებელი შეკითხვები.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა შეიძლება ვერ გამოიცნოს, რა იგულისხმა პოსტის ავტორმა, თუმცა არასაჯარო პირის მიერ განთავსებული ფართო აუდიტორიისთვის დახურული პოსტი უკვე უნდა იყოს გადამოწმების და ავტორთან შეთანხმების საფუძველი. ამასთან, როცა პოსტის კონკრეტული ნაწილი არ არის ცხადი და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, ჟურნალისტმა დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს ინფორმაციის გადასამოწმებლად. აუდიტორიას უფლება აქვს, მიიღოს დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია, მოისმინოს მხარის პოზიცია.
ასევე, For.ge-მ, იმედმა, POSTV-მ და ასავალ-დასავალმა დაწერეს, რომ გიორგი ტაბატაძე ილიაუნის ლექტორია, რაც, განმცხადებლის თქმით, არაზუსტია, შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმების მცდელობით ჟურნალისტებს შეეძლოთ აღნიშნული დაეზუსტებინათ. ამასთან, ასავალ-დასავალში ავტორი განმცხადებელს „უდღეურ პროფესორადაც" მოიხსენიებს, ლიზა გეგეჭკორი კი მიუთითებს, რომ „ბინძურ ბრძოლაშია” ჩართული.
მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად მოიპოვეს, რადგან მისი სტატუსი იყო მხოლოდ Facebook მეგობრებისთვის დაწერილი. საბჭოს არ აქვს ინფორმაცია ჟურნალისტებმა რა მეთოდების გამოყენებით მოიპოვეს განმცხადებლის სტატუსი. ჟურნალისტურ პროდუქტში არ არის მითითებული ვინ არის მასალის გავრცელების პირველი წყარო, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს ინფორმაციის მოპოვების მეთოდებთან დაკავშირებით და მეოთხე პრინციპს არ მიიჩნევს დარღვეულად.
არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური ამ შემთხვევაში არის მასალის გავრცელების ფორმა, მოპოვების მეთოდებზე კი საბჭო მოკლებულია აღნიშნულის შეფასების შესაძლებლობას.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ სადავო მასალების ქვემოთ განათავსა კომენტარი, სადაც აღნიშნავდა, რომ მისი პოსტი იყო ირონიული და მოპასუხეს აცნობდა მისი პრეტენზიების შესახებ ინფორმაციას. ასევე, დამატებით მიუთითა, რომ ტელეკომპანია „იმედს", Pia.ge-ს და For.ge-ს დაურეკა, „ასავალ-დასავალს" კი Facebook ჩატის მეშვეობით მიწერა.
ქარტიის საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ დაწერილ კომენტარებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული მიმართვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაედგინა მეხუთე პრინციპის დარღვევა.
საბჭო აღნიშნავს, რომ კომენტარში/მიმოწერაში განმცხადებლის პრეტენზია ჩანს, მედიასაშუალებებს კი შესწორება არ გაუკეთებიათ.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისაგან.
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ, ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.
საბჭომ ჩათვალა, რომ მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მეათე პრინციპი.
მედიისთვის საჯარო პირს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიაზრება ყველა, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. აღნიშნულ შემთხვევაში მედიასაშუალებებს გამოყენებული აქვთ კერძო პირის Facebook პოსტი, რომელიც მას მხოლოდ შეზღუდული აუდიტორიისთვის, Facebook მეგობრებისთვის ჰქონდა დაწერილი.
გარდა ამისა, საბჭო დამატებით აღნიშნავს, რომ “ასავალ-დასავალის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოყენებულია სიძულვილის ენა, სტატიის ავტორი იყენებს ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა ტიპის მედიასაშუალებას, ხელს ნუ შეუწყობს და ნუ გააღვივებს სიძულვილსა და დისკრიმინაციას, გაიაზროს მედიის პოზიტიური როლი და იბრძოლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
შენიშვნა:
საბჭო დამატებით განმარტავს, რომ ambebi.app აპლიკაციაა, რომელიც,
სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებიდან შეგროვებულ
ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
წყაროდ გამოყენებული იყო რუსთავი 2, თუმცა მიმაგრებულ
ბმულზე
მასალის სათაური და შინაარსი არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ფოტო.
Ambebi.app-ის გვერდიდან სხვა ბმულების შემთხვევაში, შესაძლებელია
გადასვლა უშუალოდ მასალის ბმულზე.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- Pia.ge-ს, Ambebi.app-ის, for.ge-ს, POSTV-ს, იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა, ლიზა გეგეჭკორმა და დიტო ჩუბინიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-10 პრინციპი.
- Pia.ge-ს, Ambebi.app-ის, for.ge-ს, POSTV-ს, იმედის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს, ლიზა გეგეჭკორს და დიტო ჩუბინიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-4 პრინციპი.