გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - დავით ჭიჭინაძე და გიორგი ტუმასიანი ვასილ ჩიქოვანის, იმედის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
12.08.2023

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
განმცხადებელი : დავით ჭიჭინაძე, გიორგი ტუმასიანი;
მოპასუხე : ვასილ ჩიქოვანი, იმედის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;

16 ივნისი, 2023 წელი

საქმე N – 660, 661, 662, 663, 664

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სოფო ჟღენტი, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს დავით ჭიჭინაძემ და გიორგი ტუმასიანმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 15 მაისს ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ეთერში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი; ხოლო „პირველი არხის” ეთერში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. „პირველი არხის” მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ვასილ ჩიქოვანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ტელეკომპანია „POSTV”-მ და „პირველმა არხმა” შეპასუხება წერილობით წარმოადგინეს, სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ; ტელეკომპანია „იმედს” შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალებია:

  1. ტელეკომოანია „იმედის” ვიდეო სათაურით - „დავით ჭიჭინაძის პარტიის, „ტრიბუნას” ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში მცხოვრები სომხები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია”.
  2. ტელეკომპანია „იმედზე” გამოქვეყნებული მასალა, სადაც წერია „ავლაბრის მაჟორიტარის, დავით ჭიჭინაძის პარტიის, „ტრიბუნას" ლიდერმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”.
  3. ტელეკომპანია „იმედის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” განცხადება [Facebook გვერდზე დადებული სტატუსის სქრინი].
  4. ტელეკომპანია „POSTV”-ს გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო სათაურით - „დავით ჭიჭინაძის პარტიის, “ტრიბუნას” ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში მცხოვრები სომხები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია”.
  5. ტელეკომპანია „პირველი არხის” საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში” გასული მასალა, სადაც ჟურნალისტი ამბობს: „პარტია ტრიბუნას წევრი ლაშა არსენიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა”.

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ჟურნალისტებმა აუდიტორიას არ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია. მათი თქმით, ისინი მასალაში ძირითადად ახსენებდნენ დავით ჭიჭინაძეს და არა ლაშა არსენიძეს, რომელსაც პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებდნენ, რაც, განმცხადებლის თქმით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ის არ არის და არასდროს ყოფილა პარტიის წევრი, იყო აქტივისტი. ამასთან, მათი თქმით, როდესაც მედიასაშუალებებმა ვიდეო გაავრცელეს, პარტიის ჩარევით იგი უკვე წაშლილი იყო და მიუხედავად ამისა, მათ ვიდეო წაშლის შემდეგ გამოაქვეყნეს.

განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ საკითხზე დავით ჭიჭინაძეს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა ამ თემაზე, თუმცა ტელეკომპანია „იმედს” და „POSTV”-ს პარტიის განცხადება არ გაუშუქებიათ და არც მანამდე ჰქონიათ მცდელობა, რომ მათ დაკავშირებოდნენ.

თავის მხრივ, „პირველი არხის” წარმომადგენელმა წერილობით შეპასუხებაში აღნიშნა, რომ არ აპირებს ქარტიის სხდომაში მონაწილეობას და განმცხადებელს მოუწოდა შიდა თვითრეგულირების ორგანოს მიმართოს.

ტელეკომპანია „POSTV”-მ აღნიშნა, რომ განცხადება უსაფუძვლოა.

„განმცხადებლები აცხადებენ, რომ მიწვეული იყო პოსTV ტრიბუნას მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, რაზეც არ გვქონდა ინფორმაცია.

განმცხადებლები ცდილობენ, კავშირის არარსებობის ჩვენებას ტრიბუნასა და უშუალოდ განცხადების გამავრცელებელს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო-ჩანაწერი სწორედ რომ პარტია ტრიბუნას შენობაში იყო ჩაწერილი, მათი დროშის ფონზე და ასევე გასათვალისწინებელი სხვა გარემოებებიც (გასათვალისწინებელია, რომ უშუალოდაც ადასტურებენ, რომ დაკავშირებული პირია ტრიბუნასთან)” - ნათქვამია მედიასაშუალების მიერ წარმოდგენილ წერილობით შეპასუხებაში.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭომ სადავო შემთხვევებში მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

ჟურნალისტებს ლაშა არსენიძე მოხსენიებული ჰყავთ, როგორც „დავით ჭიჭინაძის პარტიის, „ტრიბუნას” ერთ-ერთმა ლიდერი"; „პარტია ტრიბუნას წევრი"; რაც, განმცხადებლის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდნენ დავით ჭიჭინაძეს და მასთან დაეზუსტებინათ ინფორმაცია, მოეპოვებინათ მისი კომენტარი.

ამასთან, საჯარო წყაროებით ცალსახად არ არის ცხადი,  რომ არსენიძე პარტიის ლიდერი ან წევრია. „ტრიბუნას” ვებგვერდზეც მისი სახელი და გვარი მხოლოდ 2020 წლის მაჟორიტარებში იძებნება. არსანიძე არ იძებნება არც პარტიის საჯარო რეესტრის დუკუმენტებში. შესაბამისად, ჟურნალისტს აღნიშნული ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს მასალები დისკრიმინაციული იყო, ხელს უწყობდა სიძულვილის ენის გავრცელებას. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ვიდეო ასევე იყო აზერბაიჯანელებზე, თუმცა ჟურნალისტებმა მხოლოდ სომხებზე გაამახვილეს ყურადღება, რამაც წაახალისა დისკრიმინაცია სადავო მასალების კომენტარებშიც.

სახელმძღვანელო წესებში სიძულვილის ენასთან ბრძოლასთან დაკავშირებით წერია:

სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას:

        ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. რესპონდენტის პოზიციის არგაზიარება შესაძლებელია სხვა ფორმით და სხვა ტექსტით გამოიხატოს.

        როდესაც გადაწყვეტთ, რომ ამხილოთ რომელიმე საჯარო პირი ან უწყება მაგალითად, ჰომოფობიასა თუ სხვა ტიპის დისკრიმინაციაში, უმჯობესია, სათაურში მიუთითოთ „დეპუტატმა ჰომოფობიური გამოთქვამი გამოიყენა”; „მინისტრმა სექსისტური ეპითეტით მიმართა ოპონენტს”, „საკრებულომ დისკრიმინაციული შეზღუდვები დააწესა” და ა.შ.

სადავო მასალებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ემიჯნება პირის გაკეთებულ განცხადებას [მას მხოლოდ შეურაცხმყოფელს უწოდებს]; არ განმარტავს აუდიტორიისთვის, რომ მასალა არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული.

სათანადო გამიჯვნის შემთხვევაში, სიძულვილის ენის შემცველი ციტატის გამოყენება დასაშვები იქნებოდა, თუ ჟურნალისტს სურს აჩვენოს თანამდებობის პირისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან სიძულვილის გაღვივება, შეუსაბამო ტერმინოლოგიით საუბარი; თუმცა, მედიას არ გადაუმოწმებია ინფორმაცია ლაშა არსენიძე იყო თუ არა პარტია „ტრიბუნას" წევრი. განმცხადებლების თქმით, იგი არ არის პარტიის ლიდერი. ამასთან, საჯარო წყაროებით არ დასტურდება, რომ არსენიძე არის პარტიის ლიდერი ან წევრი,  შესაბამისად, მის მიერ გაჟღერებული სიძულვილის ენის შემცველ მასალას არ ჰქონდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც მედია საჭიროდ ჩათვლიდა გაშუქებას. არასაჯარო პირის მხრიდან სიძულვილის ენის გაშუქებამ, მით უფრო, შესაბამისი გამიჯვნის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ტირაჟირება. საბჭომ ლაშა არსენიძის არმენოფობიური განცხადების ამ ფორმით გაშუქება მიიჩნია დისკრიმინაციად და დაადგინა ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევა.

ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებულ მესამე სადავო მასალაში ქარტიის მეშვიდე პრინციპს საბჭო დარღვეულად არ მიიჩნევს. მასალაში ნათქვამია, რომ „ტრიბუნა” განცხადებას ავრცელებს და ნაჩვენებია პოლიტიკური მოძრაობის Facebook პოსტი. მასალაში საბჭომ დაინახა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მეშვიდე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია, რადგან იგი არ შეიცავს დისკრიმინაციულ შინაარსს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს განზრახ, რათა მომხდარიყო პარტიის დისკრედიტაცია.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

გარდა ამისა, მე-11 პრინციპის დარღვევის არგუმენტაციაში განმცხადებელი ამბობდა, რომ ლაშა არსენიძემ დისკრიმინაციული განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართაც გააჟღერა, თუმცა მედიებმა მიზანმიმართულად მხოლოდ ეთნიკურად სომხების ნაწილი გამოიყენეს. საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ გამოგზავნილ დამატებით მასალას და დაადგინა, რომ ლაშა არსენიძეს ნამდვილად აქვს დისკრიმინაციული განცხადებები გაჟღერებული ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართაც, თუმცა სხვა ვიდეოში. საბჭოს არ შეუძლია დაადგინოს, ეს ვიდეო ჰქონდათ თუ არა მედიასაშუალებებს ნანახი, რათა მის მიზანმიმართულად მიჩქმალვაზე იმსჯელოს.

ამასთან, განმცხადებელი განზრახულობას ხედავდა იმაშიც, რომ მედიასაშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს მაშინ, როცა პარტიას უკვე გაკეთებული ჰქონდა განმარტება, ვიდეოები კი უკვე წაშლილი იყო. აქაც, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, ჟურნალისტებს მასალის დადებისას უკვე ჰქონდათ თუ არა ნანახი პარტიის განმარტება და განზრახ გაავრცელეს თუ არა დაუბალანსებელი ინფორმაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვასილ ჩიქოვანმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. იმედის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
  3. იმედის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.
  4. იმედის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს მესამე სადავო მასალაში არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.


სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

სადავო მასალა 3

სადავო მასალა 4

სადავო მასალა 5

განცხადება

„პირველი არხის” შეპასუხება

„POSTV”-ს შეპასუხება