განმცხადებელი : მიხეილ მშვილდაძე;
მოპასუხე : ხატია ქვათაძე, გიორგი აბაზაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
6 ივლისი, 2023 წელი
საქმე N – 665
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მიხეილ მშვილდაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 22 მაისს ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხატია ქვათაძე და სიუჟეტის ავტორი გიორგი აბაზაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, გიორგი აბაზაძემ შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
საქმის განხილვის დახურულ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ
მაია წიკლაურს. მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალის დასაწყისში ხატია ქვათაძე ამბობს:
„ევროპის სახელით შეცვლილი რიტორიკით და ხელოვნური არგუმენტებით არქივმა ამჯერად მიშა მშვილდაძე ამხილა. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შექმნან განცდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება, მიზეზად რუსეთის მიერ აღდგენილ ფრენას ასახელებენ - იმ რუსეთიდან, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სასარგებლოს უწოდებდნენ”.
სიუჟეტის დასაწყისში გამოყენებულია მიხეილ მშვილდაძის ვიდეო არქივიდან, სადაც ამბობს:
„ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე, თუ ამას ეს მოჰყვება, მეტს ვიდრე დღეს შოულობს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი”.
გიორგი აბაზაძე სიუჟეტში ამბობს:
● „ასე ფიქრობდა მიშა მშვილდაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ, როცა რუსეთში ყველაფრის ექსპორტს ემხრობოდა. ამ გზით კი ქვეყანაში ფულის შემოსვლას პატრიოტული მიდგომითა და ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესით ხსნიდა”.
● „ის, რაც წლების წინ მოსწონდა, ახლა მისთვის ევროპული კურსის საწინააღმდეგო პოლიტიკაა”.
განმცხადებელმა განმარტა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გადაცემაში, სადაც აღნიშნული კომენტარი გააჟღერა, მან ასევე თქვა - „უნდა ვისაუბროთ ოკუპაციაზე, რუსეთი განვიხილოთ როგორც სამყაროს ნაწილი და არა, როგორც სამყაროს ცენტრი. მე ერთადერთ რამეზე ვწუხვარ - ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს გამოთქმული უკვე თავისი დასაბუთებული ნება, პლებისციტის შედეგად, ამ ქვეყნის მომავალს, მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ევროატლანტიკურ ალიანსში. არ გვინდა პოლიტიზება ამ კულტურული კავშირების, იყოს კულტურული კავშირები, არ ვარ წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იყოს ვინმე წინააღმდეგი ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის..."
განმცხადებელი ამბობს, რომ სიუჟეტში თარიღიც არასწორად არის გაჟღერებული და გადაცემა ეთერში 2013 წელს გავიდა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა გადაცემის სრული ბმული.
„თარიღზე განზრახ არასწორად მითითებას მნახველში უნდა გამოეწვია აღქმა, რომ თითქოსდა ჩემი შეხედულებები საგარეო ვექტორზე მმართველი გუნდების ცვლილებასთან ერთად იცვლება. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2011 წელს, თურმე სახელისუფლებო დაკვეთას ვასრულებდი და აქედან გამომდინარე, ვეთანხმებოდი პოლიტიკურ კავშირებს რუსეთთან, ახლა კი, ოპოზიციის როლში ვაკრიტიკებ ,,ქართულ ოცნებას’’ ჩემივე გადაცემის ეთერიდან მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირების და დაკვეთების შესრულების მოტივით” - ამბობს მიხეილ მშვილდაძე.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა და ჟურნალისტის მხრიდან თემის ცალმხრივად, მანიპულაციურად გაშუქება მისი დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა.
განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].
თავის მხრივ, გიორგი აბაზაძემ შეპასუხებაში აღნიშნა, რომ სიუჟეტის მიზანი კონკრეტული წლის დასახელება არ ყოფილა და ვიდეო აღებულია ერთ-ერთი Facebook გვერდიდან.
„მომჩივანი დავობს, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილია, რაც არასწორია. მიშა მშვილდაძის ფრაზა ნამდვილად ეკუთვნის მას და არ არის დამონტაჟებული. რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, ალბათ უცხო არ უნდა იყოს თქვენთვის, 3 წუთიან სიუჟეტში რამდენია სინქრონის/კომენტარის ხანგრძლივობა და მთელ გადაცემაში რაც ილაპარაკა, თავიდან ბოლომდე ვერ ჩავსვამდით" - ამბობს გიორგი აბაზაძე.
სადავო შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა სათანადოდ არ დაიცვეს სიზუსტის პრინციპი. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების გათვალისწინებით. ჟურნალისტების მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ „არქივმა მიშა მშვილდაძე ამხილა" და მას ორმაგი სტანდარტები აქვს; ახლა აკრიტიკებს რუსეთში ფრენებს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ რუსეთთან „სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სასარგებლოს უწოდებდა".
დადასტურებული ფაქტია, რომ მასალა 2013 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა და არა - 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 წლის შემდეგ, 2011 წელს. სადავო მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ გაეწია დამატებითი ძალისხმევა და გადაემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია, ეპოვა გადაცემის სრული ჩანაწერი.
გარდა ამისა, სადავო მასალებში არ ჩანს ჟურნალისტების მცდელობა, დაჰკავშირებოდა მიხეილ მშვილდაძეს და მისგან მოეპოვებინა დამატებით/დამაზუსტებელი კომენტარი.
მასალაში მოჭრილი მონაკვეთი მანიპულაციურია და კონტექსტიდან ამოჭრილია; მიჰყვება „ქართული ოცნების" პოზიციას უცვლელად, რასაც მასალაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების" წევრების კომენტარებიც ადასტურებს [„ჩვეულებრივ ფარისევლები არიან და სასაცილოა მათი განცხადებები; ძალიან კარგია, რომ არსებობს არქივი" - კახა კალაძე; „ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც 2008 წლის ომი ცოტა ხნის დამთავრებული იყო, წერილებს რომ აგზავნიდნენ მოსკოვში, კონცერტები ჩავატაროთო" - შალვა პაპუაშვილი].
საბჭომ იმსჯელა, რამდენად შეესაბამებოდა სიუჟეტის წარდგენა, მასალით შექმნილი კონტექსტი და სიუჟეტში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ერთმანეთს და დაადგინა მათი შეუსაბამობა.
საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ სოციალურ ქსელში გაზიარებული სადავო მასალის ქვემოთ განათავსა კომენტარი, სადაც მისი პრეტენზიების შესახებ წერდა და წარმოადგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია [კომენტარის სქრინი].
ქარტიის საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ დაწერილ კომენტარს და მიიჩნია, რომ აღნიშნული მიმართვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაედგინა მეხუთე პრინციპის დარღვევა.
საბჭო აღნიშნავს, რომ კომენტარში განმცხადებლის პრეტენზია ჩანს [მიხეილ მშვილდაძე წერს - აქ 2013 წლის 1 მარტია], მედიასაშუალებას კი მასალა არ ჩაუსწორებია.
შესწორების ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს, დეტალურად ამის შესახებ რეკომენდაციები გაწერილია შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესებში.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მედიასაშუალებამ არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა განზრახ, რადგან მისი დისკრედიტაცია მომხდარიყო. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსგავს მასალებს მედიასაშუალება კამპანიურად ავრცელებდა.
ასევე, განმცხადებელმა წარმოადგინა მასალა, სადაც ჩანს, რომ მედიასაშუალების მასალა Facebook-ს მონიშნული ჰქონდა, როგორც მანიპულაციური ინფორმაცია და გაფრთხილების სახით მიუთითებდა Fact Check Georgia-ს მასალას, სადაც წერია, რომ „სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება".
საბჭომ მოიკვლია, როდის მოინიშნა ტელეკომპანია „იმედის” სოციალურ გვერდზე მასალა მანიპულაციურად და დაადგინა, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლამდე იყო მონიშნული. შესაბამისად, აღნიშნული აძლევს საბჭოს საფუძველს იფიქროს, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლამდე ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც მანიპულაციურად და არაზუსტად გაუშვა ეთერში. Facebook-ის წესების მიხედვით, მონიშვნის შესახებ ინფორმაცია მომენტალურად ისახება მედიასაშუალების Facebook გვერდზე.
აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ხატია ქვათაძემ და გიორგი აბაზაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.