გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
04.09.2023

განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

10 ივლისი,  2023 წელი

საქმე N – 671

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირმა ზოიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 10 ივნისს, „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ გაფრინდაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალა ფემიციდის შემთხვევას ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალა დისკრიმინაციულია და შესაძლოა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა - ფემიციდი. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ფემიციდის რეკონსტრუქცია მოხდა, ჟურნალისტმა დეტალურად აღწერა მკვლელობის მეთოდები და დანაშაულის ჩადენის საშუალებები, რამაც შესაძლოა მისი განმეორებითობა გამოიწვიოს.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ფემიციდი არ იყო განხილული, როგორც სისტემური პრობლემა. მისი თქმით, ჟურნალისტის მთავარი ინტერესი არ ყოფილა ამ პრობლემის სიღრმისეული ანალიზი; არ დაუსვამს შეკითხვა, რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს ფემიციდის წინააღმდეგ. 

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სიუჟეტში ფემიციდის რომანტიზება მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა თქვა - „27 წლის მარტოხელა დედა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილის მამა ასე სასტიკად გაიმეტებდა. მუდმივი მუქარის და შანტაჟის მიუხედავად, მან პოლიციას არც ერთხელ არ მიმართა. როგორც ჩანს, მაინც სჯეროდა, რომ ყოფილი ქმარი არაფერს დაუშავებდა". განმცხადებელმა განმარტა, რომ ეს შემთხვევა ჟურნალისტს უნდა გამოეყენებინა ფემიციდის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და გაევრცელებინა ყველა საჭირო ინფორმაცია პოტენციური მსხვერპლისა თუ ამჟამად ძალადობაში მაცხოვრებელი ქალებისთვის, თუ სად და როგორ შეიძლება მიიღონ დახმარება, ვის დაუკავშირდნენ და რატომ უნდა აცნობონ მყისიერად შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს მუქარის/შანტაჟის შესახებ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არასათანადოდ გააშუქა და სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

საბჭომ საქმეში - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ნიკუშა ხაჩიძის, ანა ჩირაძის, ნინო ჩხეიძის, ავთანდილ ცქვიტინიძისა და ზურა ხაჩიძის წინააღმდეგ მიუთითა, რომ მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა და მისი დეტალიზება. ასეთ დროს არსებობს საშიშროება, რომ მსგავსი სახით ინფორმაციის გაშუქებამ შესაძლოა მისი განმეორებითობა გამოიწვიოს.

საბჭო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა დეტალური რეკონსტრუქციის აუცილებლობა. ამ ტიპის ჟურნალისტურ პროდუქტში საჯარო ინტერესი არის არა ის, თუ როგორ  მოკლეს ქალი, არამედ ის, თუ როგორია არსებული რეალობა და რას აკეთებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს ადამიანების დაცვის ვალდებულება. რაც შეეხება მეთოდების აღწერას, საბჭოს პოზიციაა, რომ დანაშაულის სისასტიკის საჩვენებლად მედიას შეუძლია დაასახელოს მძიმე დეტალები იმ მიზნით, რომ აჩვენოს არსებული რეალობა, საზოგადოება დააფიქროს ამ პრობლემაზე, მაგრამ ეს არ გულისხმობს სენსაციურად გაშუქებას და დანაშაულის იმგვარ დეტალურ აღწერას, რომ პოტენციურ დამნაშავეს მზა რეცეპტი შესთავაზოს.

აღსანიშნავია ჟურნალისტის ინტერვიუ დაკავებულის დედასთან, რომელსაც ეკითხება „მას რაიმე პრობლემები ჰქონდა ფსიქოლოგიური?"; ასევე ჟურნალისტი მიუთითებს - „ადვოკატი ამბობს, რომ საზარელი მკვლელობის მოტივი ფსიქიკური პრობლემები გახდა. ჩნდება განცდა, რომ ამ ვერსიით დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქებას ცდილობს".

ქარტია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მიუთითებს:

        კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.

        მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.

ამავდროულად, უკვე არაერთი შემთხვევა იყო, როცა ფემიციდსა თუ სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატები ცდილობენ მათი დაცვის ქვეშ მყოფის სასჯელის შემსუბუქებას “ფსიქიკურ პრობლემებზე” აპელირებით. ამას სიუჟეტში აღნიშნავს თავად ჟურნალისტიც, თუმცა თავადვე უწყობს ხელს ამაზე აქცენტის გადატანას, როცა ბრალდებულის დედას ეკითხება, ჰქონდა თუ არა მის შვილს “ფსიქოლოგიური პრობლემები”.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის გაშუქებისას დასაშვებია, თუ სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ან/და ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია.

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ჟურნალისტურ მასალაში ბრალდებულის დედის კომენტარის გამოყენება არარელევანტური იყო. მედიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მაღალი ალბათობით, მშობლები ეცდებიან ბრალდებულის გამართლებას და მსხვერპლის დადანაშაულებას, რაშიც ჟურნალისტებმა ხელი არ უნდა შეუწყონ. დადასტურებული ფაქტია, რომ ქალი მოკლეს და არსებობს ბრალდებულიც, რომლის პოზიციას გამოხატავს მისი ადვოკატი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის პოზიცია მნიშვნელოვანია მაშინ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და საქმე გვაქვს სახელმწიფო ორგანოების მიკერძოებასთან. სიუჟეტის მომზადების ეტაპზე მიმდინარეობდა საქმის განხილვა სასამართლოში, ჟურნალისტურ მასალაში არ ჩანს ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სიუჟეტის ბოლო ჟურნალისტი ამბობს: “27 წლის მარტოხელა დედა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილის მამა ასე სასტიკად გაიმეტებდა. მუდმივი მუქარის და შანტაჟის მიუხედავად, მან პოლიციას არც ერთხელ არ მიმართა. როგორც ჩანს, მაინც სჯეროდა, რომ ყოფილი ქმარი არაფერს დაუშავებდა”. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამგვარი განცხადება მსხვერპლის ირიბ დადანაშაულებას შეიცავს. სადავო მასალის კომენტარების ველშიც ვკითხულობთ - „ყოფილებს რატო უჯდებით ხალხნო მანქანაში? წარსული დატოვეთ წარსულში და შეეშვით რა ამ ყოფილებს"... „როგორ სჯეროდა რომ არაფერს დაუშავებდა”, რაც ნაწილობრივ ადასტურებს, რომ მასალაში გაჟღერებულმა დეტალებმა გამოიწვია ქალის დადანაშაულება მისსავე მკვლელობაში.

ის, რომ ქალების ნაწილი პოლიციას არ მიმართავს, ბევრი სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული (მაგალითად, უნდობლობა პოლიციის მიმართ, დამნაშავის დაუსჯელობის განცდა, საზოგადოების მხრიდან ნაკლები მხარდაჭერის და პირიქით, კრიტიკის მოლოდინი და ა.შ.) და ამის გამო მედიის მხრიდან ქალების კრიტიკა მსხვერპლი ქალების დადანაშაულებაა. საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ასეთ დროს მედიამ აუდიტორიას გაუზიაროს კვლევები თუ ექსპერტთა შეფასებები, რატომ არ მიმართავს ქალების ნაწილი პოლიციას, რატომ ხდება იძულებული, ითმინოს ძალადობა, ასევე, კითხვები დასვას კონკრეტული უწყებების პასუხისმგებლობაზე, მოიძიოს სტატისტიკა, მათ შორის, ფემიციდის საქმეებზე სასამართლო  გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ჟურნალისტურ პროდუქტებში მედიამ ცხადად აუხსნას მაყურებელს (რომელთა შორისაც შეიძლება იყვნენ ძალადობის მსხვერპლები), ვის შეიძლება მიმართონ ძალადობის შემთხვევაში და რა ბერკეტები არსებობს მათ დასაცავად.

საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით საუბრისას, კონკრეტული შემთხვევების განხილვისას, უმჯობესია ჟურნალისტმა ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე გააკეთოს: რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო მოხელეები,  როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და ა.შ.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოყოლილმა ამბავმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა ქალებზე, რომლებსაც განუცდიათ ან ჯერ კიდევ განიცდიან ძალადობას. მასალაში საჭირო ინფორმაციის მითითება (გადაუდებელი დახმარების ცენტრი: 112; მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 006; სახალხო დამცველი - 1481), წაახალისებს ძალადობა გამოვლილ პირებს, მიმართონ დახმარებას.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ამ ნაწილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში გავრცელებულ ვიდეოებს, ფოტოებს და ხმოვან შეტყობინებებს არ გააჩნდა ინფორმაციული ღირებულება და არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.

სადავო მასალებში სავარაუდო ფემიციდის ფაქტის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი და სავარაუდო მსხვერპლის ფოტოს, სახელისა და გვარის დასახელებას, ხმოვან შეტყობინებებს შესაძლოა, ჰქონდეს ინფორმაციული დატვირთვა. შესაბამისად, საბჭომ აღნიშნულ შემთხვევებში ვერ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
  2. მარიამ გაფრინდაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი.