გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გურამ კახაძე თაკო ფეიქრიშვილის წინააღმდეგ
11.09.2023

განმცხადებელი : გურამ კახაძე;
მოპასუხე : თაკო ფეიქრიშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

17 ივლისი,  2023 წელი

საქმე N – 669

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გურამ კახაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 6 ივნისს, „სამხრეთის კარიბჭის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა თაკო ფეიქრიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ გულო კოხოძეს, ვინაიდან აქვს შრომითი ურთიერთობა მოპასუხე მედიასაშუალებასთან. მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „როგორ ნადგურდება ტურისტული პოტენციალის მქონე უნიკალური ძეგლები მესხეთში [ვიდეო]".

მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:

        „მეჩეთის ადგილზე ბაზილიკური ეკლესია იყო, 1740–იან წლებში ჯაყელებმა და ფალავანდიშვილებმა დაანგრიეს და ააშენეს მეჩეთი. ეკლესიის ქვებით აშენებულ კედლებში ბაზილიკური ეკლესიის სვეტის ქვაც დევს“.

        „შვიდჯერ არის დანგრეული და გაშენებული აქაურობა. საროში რომ მტერი შემოგვესეოდა აქ მორბოდა ხალხი თავშესაფრისთვის. ეს მეჩეთიც ძველი დროიდან არის დარჩენილი, მაშინ შემოსევები რომ იყო. აქ ეკლესიაზე დაუშენებიათ მეჩეთის კედლები“.

განმცხადებლის თქმით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და აუდიტორია შეჰყავს შეცდომაში. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არცერთი ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ნიჯგორის მარნები შეუსწავლელია მკვლევრებისა და ისტორიკოსების მიერ, თუმცა ფაქტია, რომ ეს უძველესი ნაგებობები და მეჩეთიც არსებობს; მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ჟურნალისტის თქმით, თავიანთი ნამოსახლარის შესახებ ადგილობრივების მონაყოლს არსებობის უფლება აქვს.

გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, მან გადაამოწმა რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან, შესაბამისად, არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის, საბჭომ ზუსტად დაადგინოს, გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს; საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტის საფუძველი არის ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში მცხოვრები ადამიანების მონათხრობი მათი და მათი წინამორბედების წარსული ცხოვრების შესახებ. რესპონდენტები საუბრობენ შესაძლებლობებზე, პრობლემებზე, უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ინგრევა. სტატიის ფოკუსი არის ამ ძეგლებისა და მათი მოვლის მნიშვნელობაზე ხაზგასმა. ადგილობრივები იხსენებენ, რა ხდებოდა მათ სოფელში წარსულში და რა ისტორიები იციან გადმოცემით. ერთ-ერთი ასეთი გადმოცემა ეხება მე-18 საუკუნეს - რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მარნები ზოგჯერ ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენდა მტრის შემოსევისას; რომ “შვიდჯერ არის დანგრეული და გაშენებული აქაურობა”; რომ მეჩეთიც ძველი დროიდან არის დარჩენილი; რომ ამ კონკრეტულ ადგილას იდგა ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და აშენდა მეჩეთი. ამ ამბავს რესპონდენტის მხრიდან არ მოჰყვება უარყოფითი კონოტაცია, კრიტიკა ან სიძულვილის ენა, ის ამას ჰყვება, როგორც სოფლის ისტორიის ნაწილს.

ადგილობრივები იხსენებენ არა მხოლოდ ამ, არამედ ბევრ სხვა ისტორიასაც, რომელიც მკითხველს სოფლის, ამ ძეგლების მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენას უქმნის. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იდგა სამი საუკუნის წინანდელი ისტორიის გადამოწმების აუცილებლობა, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივ გადმოცემებს და რომელიც არ შეიცავს რომელიმე რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის წახალისებას.

„პატივი სცეს სიმართლეს“ - ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული და დაბალანსებული ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობები, გადაემოწმებინა ინფორმაცია ისტორიკოსებთან, მკვლევრებთან, ადგილობრივებთან, გიდებთან. საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ინფორმაციის გავრცელებამდე ჟურნალისტს ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების მცდელობები.

შესაბამისად, საბჭომ ეს ძალისხმევა ჩათვალა საკმარისად და მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-3 პრინციპის დარღვევაც.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მასალაში გადმოცემული ფაქტი ხელს უწყობს ანტიისლამური რადიკალური ჯგუფების წახალისებას. მისი თქმით, ჟურნალისტი არ გაემიჯნა კომენტარს, რითაც გამოხატა თავისი განწყობა ამ წახალისების მიმართ.

თავის მხრივ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი/რედაქცია ემიჯნება ყველანაირ დისკრიმინაციას, მათ შორის, რელიგიური ნიშნით. მისი თქმით, მედიასაშუალებას ესმის რელიგიური თემების სენსიტიურობა, შესაბამისად, მასალა დაცლილია ჟურნალისტის პოზიციისგან და იგი აღწერს ადგილობრივების გადმოცემებს კონკრეტულ შენობებზე.

სადავო შემთხვევაში ქარტიის საბჭომ ვერ დაინახა დისკრიმინაციის წახალისება. არ გამოიკვეთა კონკრეტული გარემოება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა სიძულვილის ენის გაძლიერება, შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თაკო ფეიქრიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-7 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

 

განსხვავებული აზრი: საბჭოს 6-მა წევრმა გადაწყვიტა, რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა საბჭოს წევრი - საბა წიწიკაშვილი.

საბა წიწიკაშვილის აზრით, მეჩეთის მშენებლობის, მისი წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, საჭირო იყო სხვა, ოფიციალური წყაროების დამოწმებაც. თავის მხრივ, მკითხველი მიიღებდა მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად თანხვედრაშია ხალხის მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ნარატიულ წყაროებში დაცულ ცნობებთან.

საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, ძეგლი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლს მეცნიერული კვლევა-ძიება სჭირდება, რომლის შემდეგ დადგინდება, იყო თუ არა ნამდვილად მეჩეთის ადგილას ეკლესია. ასევე, სამი წერილობით წყარო მოიძებნება, სადაც აღნიშნული ძეგლი ნახსენებია. ძეგლი, მათ შორის, მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში. ამდენად, მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ უნიკალური ძეგლი მხოლოდ ხალხის ხსოვნაში არაა შემორჩენილი და ის შემდგომ კვლევა-ძიებას საჭიროებს.