გადაწყვეტილებების ძიება

საბჭოს სხდომის ოქმი საქმეზე - პაატა შავაძე თამთა დოლენჯაშვილის და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ
09.10.2023

განმცხადებელი : პაატა შავაძე;
მოპასუხე : თამთა დოლენჯაშვილი, ნოდარ მელაძე;
დარღვეული პრინციპები : გადაწყვეტილება ვერ მიიღო;

3 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 682

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, საბა წიწიკაშვილი, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა შავაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 8 ივლისს „TV პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრნენ მასალის ავტორი, თამთა დოლენჯაშვილი და გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს/მედიასაშუალებას შეპასუხება წერილობით არ წარმოუდგენია და სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.


სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო მასალის სათაურია „ბავშვებზე სექსუალურ მოძალადეს სასამართლომ ციხის კარი გაუხსნა".

განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს, როცა ამბობდნენ, რომ პირი სექსუალური მოძალადეა, გამომდინარე იქიდან, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, იგი ბრალდების ყველა ეპიზოდში და ორივე არასრულწლოვნის მიმართ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა, რაც სიუჟეტის ავტორისთვის ცალსახად ცნობილი იყო.

სიუჟეტის ავტორი ამბობს:

„ოჯახმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან საჯაროდ ლაპარაკი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც არასრულწლოვან დებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა".

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიება და არა სასჯელის სახე, შესაბამისად, გათავისუფლება არ ნიშნავს პირის გამართლებას, შესაბამისად, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტს აუდიტორია შეცდომაში შეჰყავდა, როცა პირს ისევ მოძალადეს უწოდებდა და არ საუბრობდა მის გამამართლებელ განაჩენზე.

ასევე, ჟურნალისტი ცოლთან საუბარში აღნიშნავს: „თქვენმა მეუღლემაც აღიარა, რომ ამ ბავშვებზე იძალადა და ფიზიკურად შეეხო მათ... ჩვენებები რომ შეეცვალათ არასრულწლოვნებს რატომ უგზავნიდით ხალხს?".

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ეს ინფორმაციაც არასწორი იყო და ჟურნალისტს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სიუჟეტში წარმოდგენილი არ ჰქონდა.

განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილებას „დაირღვა“ ან „არ დაირღვა“ მხარი უნდა დაუჭიროს საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს მინიმუმ 5-მა წევრმა. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს წევრთა ხმები გაიყო, „დარღვევას“ ან “არ დარღვევას” 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად,  წესის 4.7 პუნქტის თანახმად, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5-მა წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები.

როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს რვა წევრი, რომელთა შორის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ორად გაიყო.

საბჭოს ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან:

        ჟურნალისტი სიუჟეტში პირს რამდენჯერმე მოიხსენიებს „სექსუალურ მოძალადედ”, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფლობს. ამასთან, მართალია ჟურნალისტი ამბობს, რომ „სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა" და ამ ინფორმაციას არ უმალავს მსმენელს, სიუჟეტით კი შესაძლოა სურს, რომ სასამართლოს სისტემურ პრობლემაზე ისაუბროს, მაგრამ ასეთ დროს აუდიტორიას აუცილებლად ნათლად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

        რესპონდენტებთან კითხვების დასმისას ჟურნალისტმა უნდა დაიცვას სიზუსტე, მაგალითად, როდესაც პირის ცოლს ესაუბრება, ეკითხება: „თქვენმა მეუღლემაც აღიარა, რომ ამ ბავშვებზე იძალადა და ფიზიკურად შეეხო მათ... ჩვენებები რომ შეეცვალათ არასრულწლოვნებს რატომ უგზავნიდით ხალხს?"; ადვოკატ ლეილა გურგუჩიანს კი ეუბნება: „ასე მუშაობდით ყოველთვის, აყალბებდით მტკიცებულებებს?”. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჟურნალისტი მსგავს ბრალდებებს აჟღერებს, აუდიტორიას მიაწოდოს მისი დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები [აღნიშნულ შემთხვევაში - სასამართლო ჩვენებები, ჩანაწერები და ა.შ.].

        პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დანაშაული არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ და არ უნდა დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

        კრიმინალის გაშუქებისას ჟურნალისტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს სახელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ტერმინებს. [დეტალურად ნახეთ სახელმძღვანელო წესებში კრიმინალის გაშუქებაზე)

        ამასთან, საბჭოს წევრები რეკომენდაციის სახით აღნიშნავენ, რომ როდესაც ჟურნალისტს სურს ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე, აუდიტორიას მიაწოდოს უფრო დეტალური ინფორმაცია, ეცადოს, მოიძიოს ყველა რელევანტური წყარო/კავშირები.

საბჭოს დანარჩენმა ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან:

        ჟურნალისტი ინფორმაციას სრულყოფილად აწვდის საზოგადოებას, რადგან ამბობს, რომ „სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა". ეს დეტალი მაყურებლისთვის ცნობილია, შესაბამისად, ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია არ გაუშუქებია.

        საბჭოს წევრები ითვალისწინებენ იმ ფაქტსაც, რომ ჟურნალისტი არ ახდენს პირის იდენტიფიცირებას.

        ჟურნალისტი საუბრობს სასამართლო გადაწყვეტილების ხარვეზზე, ამასთან ყველა რელევანტურ მხარეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიუჟეტში დააფიქსიროს პოზიცია, შესაბამისად, მასალა დაბალანსებულია.

 

განცხადება

სადავო მასალა