გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნინო ქართველიშვილი ტელეკომპანია BBB-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
09.10.2023

განმცხადებელი : ნინო ქართველიშვილი;
მოპასუხე : ტელეკომანია BBB-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი;

15 სექტემბერი, 2023 წელი

საქმე N – 668

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სოფო ჟღენტი, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო ქართველიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „BBB”-ის ეთერში გასულ ვიდეორგოლში დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მასალაზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლი, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო ვიდეორგოლში დადგმულია სცენა, სადაც ბავშვი კონცერტზე ელოდება მამის მოსვლას, მისი მოსვლის შემდეგ კი გახარებულია. ვიდეო სრულდება ფრაზით - „ოჯახს არავინ უნდა აკლდეს, ეს ბავშვის ბედნიერებაა”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ვიდეორგოლი დისკრიმინაციულია, აძლიერებს სტერეოტიპებს და არღვევს ბავშვთა და მშობელთა უფლებებს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ასეთ დროს ჩნდება შეკითხვა: თუ ოჯახს არ ჰყავს რომელიმე წევრი/მშობელი ან დედას მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს, ბავშვი ბედნიერი არ არის? შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა დამაზიანებელია.

თავის მხრივ, მოპასუხემ წერილობით აღნიშნა, რომ ვიდეორგოლის მომზადების პროცესში მასზე მომუშავე ადამიანებს არ უფიქრიათ, რომ ვინმეს ზიანი მიადგებოდა. მისი თქმით, ტელევიზია ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, განცხადების მიღების შემდეგ კი ვიდეო ამოიღეს საეთერო ბადედან. ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ თუ ქარტიის საბჭო მასალაში დაინახავს რაიმე ტიპის დისკრიმინაციას, მედიასაშუალება გაიზიარებს მის პოზიციას. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

საბჭო მიუთითებს, რომ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები მარტოხელა მშობლობასთან დაკავშირებით, როგორც მშობლის, ასევე, ბავშვის მიმართ. ხშირია ხაზგასმაც იმაზე, რომ კონკრეტულ ბავშვს ერთ-ერთი მშობელი არ ჰყავს ან რომელიმე ერთ მშობელთან იზრდება. ასევე, არსებობს მოლოდინები და მოთხოვნებიც კი მარტოხელა მშობლების მიმართ, რაც განსაკუთრებით ხშირია ქალების შემთხვევაში. ასეთ დროს მედიის როლია, ყურადღება გაამახვილოს პრობლემაზე და ეძიოს მისი აღმოფხვრის გზები. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ტიპის გადაცემებს, სადაც ეს ვიდეო გავიდა, ძირითადად, ბავშვები უყურებენ. შინაარსმა შეიძლება გამოიწვიოს მათი და მშობლის ტრავმირება.

 „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის" 2017 წელს ჩატარებული კვლევის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ - „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების ცნობიერების საკითხიც. კვლავ ფიქსირდება საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნება და უარყოფითი დამოკიდებულება მარტოხელა მშობლების, განსაკუთრებით, მარტოხელა დედების მიმართ. ამით ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან და გრძნობენ თავს სოციუმისგან გარიყულად".

ამასთან, ორგანიზაცია „საფარის" მიერ მომზადებულ კვლევაშიც ვკითხულობთ, რომ „არსებობს ბავშვის სტიგმატიზაციის რისკი, თუ ის ქორწინების გარეშე დაიბადა… „შესაძლოა, ჯერ არსებობს სტიგმატიზაციის შიში და შემდეგ „სხვა დანარჩენი“".

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ბავშვის საუკეთესო ინტერესზე.

საქმეში „გადაწყვეტილება საქმეზე - გურამ კახაძე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მე ომბუდსმენი" და ზაზა პაპიძე ნანიკო ხაზარაძის, რუსკა მაყაშვილის და გია ჯაჯანიძის წინააღმდეგ" წერია, რომ არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე. უნდა შეფასდეს, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ჟურნალისტურმა მასალამ გამოიწვიოს არასრულწლოვნის ბულინგი, დისკრიმინაცია ან სტიგმატიზება.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო ვიდეორგოლში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და შესაძლო ნეგატიური შედეგები. არსებობს ალბათობა, რომ კომენტარს, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვის ბედნიერებაა თუ ოჯახს არავინ აკლია, შესაძლოა ნეგატიური ემოციური ზეგავლენა ჰქონდეს ბავშვებზე, რომელთაც ოჯახის წევრი ან დედა/მამა არ ჰყავთ.

განსახილველ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ტელეკომპანია BBB-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.