დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : შპს „ევოლუშენ ჯორჯია”;
მოპასუხე : ნათია ქარჩილაძე, გიორგი არობელიძე;
25 ივლისი, 2023 წელი
საქმე N – 673
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა „შპს ევოლუშენ ჯორჯიამ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს პლატფორმა „მაუწყებლის” მიერ გამოქვყნებულ მასალში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები და
მოპასუხეები.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალის სათაურია „მარტოხელა დედის ბრძოლა: შრომა ევოლუშენ გეიმინგში".
მასალაში რესპონდენტი ჰყვება საკუთარ გამოცდილებაზე „ევოლუშენ ჯორჯიაში” მუშაობისას. იგი ამბობს:
● „სამუშაოს შესრულებაში ძალიან ბევრი რამე გვიშლის ხელს, მათ შორის, ტემპერატურა. მათ შორის, მაგიდები, რომელზეც ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, უნდა იყოს გარკვეული სირბილის, როცა ცვდება მაგიდა, ხანდახან გახეულიც შემხვედრია, რამდენიმე კვირა ტვინი უნდა უჭამო მენეჯმენტს, თუ ა.შ. ზემოთ, რომ გამოცვალონ ეს მაგიდა იმიტომ, რომ თითი გეჭედება შიგნით; ძალიან ბინძურიც ყოფილა”.
● „ყველა პრობლემა, რაც გვაქვს სამსახურში ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ეს არის ხერხემლის პრობლემა, მხედველობა გამიუარესდა ძალიან”.
● „ხანდახან მძინავს 4 ან 3 საათი დღე-ღამეში… ეს ენერგია ძალიან ცუდ რამეში იხარჯება, ვგულისხმობ იმას, რომ ვმუშაობ იმ ადგილას, სადაც არ აფასებენ შენს შრომას”.
● „იმდენად მფიტავს ეს სამსახური, რომ სასიცოცხლო ძალებიც აღარ მაქვს”.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში პირველი პრინციპი დაიღვა ორი საფუძვლით: მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა და ბალანსის უგულებელყოფა.
განმცხადებელი აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვამ გამოიწვია აუდიტორიისათვის არასწორი, ნაკლული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჟურნალისტებს მასალის მომზადების დროს არ ჰქონიათ მათთან დაკავშირების მცდელობა, რათა ბრალდებებზე საპასუხო პოზიცია მოეპოვებინათ.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა მიკერძოებული, სუბიექტურია და შეიცავს არსებითად არასწორ ინფორმაციას. კერძოდ, დაუდასტურებელია შემდეგი ინფორმაცია: „ეს სურდოც მგონი იმათ გამო არის” (ჟურნალისტი ამბობს, რომ თანამშრომლებს აქვთ სურდო კომპანიის გამო); „ევოლუშენი თავის მუშახელს ასახიჩრებს”; „ხალხის გაუბედურებით აკეთებს ფულს”; „თავის მუშახელს ნორმალურ ხელფასს არ აძლევს, ყველაფერთან ერთად”.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მასალა არის ინტერვიუს ფორმატის, შესაბამისად, მოყოლილია კონკრეტული პირის ისტორია/გამოცდილება. მოპასუხეების თქმით, ბრალდებებზე, რომელიც გაჟღერებულია მასალაში, სხვა წყაროებიც საუბრობენ, ამიტომ ეს ინფორმაცია გადამოწმებულია; ხოლო კომპანიის პოზიციის მოპოვება არ უცდიათ, რადგან მათი მოსაზრებები საჯაროდ ისედაც ცნობილია; მედია კი პლატფორმას უთმობს მშრომელებს. მოპასუხეების თქმით, მასალის მიზანი იყო კომპანიაში პრობლემების ჩვენება.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მედიასაშუალება სხვადასხვა ადგილზე დასაქმებულების შრომით უფლებებზე ხშირად საუბრობს, მჩაგვრელებს კი პლატფორმას არ უთმობს.
საბჭომ სადავო შემთხვევაში მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი ბალანსის არდაცვის გამო.
რა თქმა უნდა, საბჭო ვერ დაადგენს რა შრომითი პირობებია კომპანიაში და აღნიშნული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს. საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს მოპასუხე მხარის, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას” პოზიცია ისეთ ბრალდებებზე, როგორიცაა - მუშახელის დასახიჩრება, ხალხის გაუბედურებით ფულის გაკეთება, მუშახელისთვის არასათანადო ხელფასის გადახდა. მართალია, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სხვა წყაროებთან გადამოწმებული აქვს, თუმცა მასალაში ეს არ ჩანს და ამ ვიდეოში წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა კომპანიის დისკრედიტაციას.
განმცხადებლის პოზიციით, მედიასაშუალებას მისი დისკრედიტაციის და გამიზნულად დაუბალანსებელი მასალების მომზადების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონია; დასადასტურებლად წარმოადგინა 2023 წლის 20 აპრილს და 2022 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალები, სადაც მათი პოზიცია ასევე არ არის ასახული.
საბჭომ აღნიშნულ შემთხვევაში დაინახა ჟურნალისტების განზრახულობა ბრალდების საპასუხო პოზიციის გარეშე ინფორმაციის გაშუქების მიმართ. მოპასუხეებმა სხდომაზე აღნიშნეს - „ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ ამ ადამიანებთან არ მივედით კომენტარისთვის… რატომ უნდა მივცე ადამიანებს, რომლებიც ჩაგრავენ, ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს, პლატფორმა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია”.
„ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ფაქტი არ არის მოგონილი. რაც შეეხება ბალანსს, ჩვენ გვგონია, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს არა კონკრეტულად ჩვენს მედიაში, არამედ ზოგადად საეთერო, სატელევიზიო სივრცეში. ჩვენი ვალი არის, რომ ვემსახუროთ მშრომელ ხალხს და ვიღაცებს, ვინც ადამიანებს აუბედურებს, არ მივცეთ პლატფორმა და დავხარჯოთ ჩვენი რესურსები”.
ამასთან, მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მათი პლატფორმა „მშრომელების მედიაა” და არ გამორიცხავენ, რომ დამსაქმებლებსაც მისცენ სხვა ფორმატში - პირდაპირ ეთერში საუბრის შესაძლებლობა, თუმცა სადავო მედიაპროდუქტი იყო კონკრეტულ ისტორიაზე, რესპონდენტი ჰყვებოდა თავის გამოცდილებაზე და მასალის ფორმატი არ ითვალისწინებდა „ევოლუშენ ჯორჯიას” წარმომდგენლის ინტერვიუს.
საბჭო კამპანიურობაზეც მიუთითებს, რომ „მაუწყებელი” სხვა შემთხვევებშიც ინფორმაციას დაუბალანსებლად აშუქებდა. მართალია, ჟურნალისტებმა განმარტეს, რომ ეს მასალების ფორმატიდანაც გამომდინარეობს და სხვა შემთხვევებშიც, როდესაც შრომით უფლებებზე მუშაობენ, მასალებში არ აქვთ კომპანიების თუ დამსაქმებლების პოზიცია, თუმცა ეთიკურ ჟურნალისტიკაში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და მაყურებლისთვის ბრალდების საპასუხო პოზიციის მიწოდება.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნათია ქარჩილაძემ და გიორგი არობელიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.