გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სალომე ღოღობერიძე რატი წვერავას წინააღმდეგ
17.11.2023

განმცხადებელი : სალომე ღოღობერიძე;
მოპასუხე : რატი წვერავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

21 სექტემბერი, 2023 წელი

საქმე N – 693

სხდომის თავმჯდომარე: თათია ხალიანი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა სალომე ღოღობერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 10 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა რატი წვერავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხემ შეპასუხება წერილობით წარმოადგინა და სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს, ხატია ღოღობერიძეს. მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „შეცვლილი ჩვენებები მკვლელობის საქმეში - ზეწოლა მოწმეებზე?”

სადავო მასალა ეხება სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულ ლევან სირაბიძის მიმართ, რომელსაც საქმის განხილვის დროს [21 სექტემბერი, 2023 წელი] წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი ინფორმაციას ცალმხრივად აშუქებს და შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი, რადგან მომხდარ ფაქტს მოიხსენიებს, როგორც „მკვლელობას“; მომხდარის შედეგად გარდაცვლილ პირს, როგორც „მოკლულს“; დედამისს „მოკლულის დედად“, ხოლო საქმეში ბრალდებულ პირს „მკვლელს“ უწოდებს.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალაში გამოყენებულია საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერებიდან მხოლოდ ერთი, სადაც ჩანს ბრალდებულის მიერ გარდაცვლილის დაჭრის მომენტი და არსად ჩანს სხვა ვიდეოები, სადაც ასახულია, რა ხდება დაჭრის მომენტამდე, როგორ მისდევს გარდაცვლილი ბრალდებულს.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მასალის ავტორს არ ჰქონია მცდელობა, ინფორმაცია გადაემოწმებინა მეორე მხარესთან - ბრალდებულის ნათესავებსა და დაცვის მხარესთან, ადვოკატებთან. არ დაინტერესებულა რა ინფორმაციას მიაწოდებდა მეორე მხარე.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობით შეპასუხებაში მიუთითა - „ჩვენი ინტერესი არ ყოფილა გაგვეხსენებინა საქმის დეტალები, არამედ გვაინტერესებდა, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ლევან სირაბიძის ბიძაშვილის, რიჩარდ სირაბიძეს მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის მცდელობას. ამაზე, ერთი მხრივ, „ფორმულას“ უყვება კონფიდენციალური წყარო, მეორე მხრივ კი, შეცვლილ ჩვენებებსა და ზეწოლაზე საუბრობს ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ირინა ავაკოვა, რომელმაც ფორმულას მას შემდეგ მიმართა, რაც დარწმუნდა, რომ მისი დაღუპული შვილის დადანაშაულებას ცდილობდნენ".

ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას ჰქონდა მცდელობები, დაჰკავშირებოდა ბათუმში ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატს, რიჩარდ სირაბიძეს და პირადად მისგან გაეგო, იყენებდა თუ არა გავლენებს საქმეში ჩვენებების შესაცვლელად, თუმცა მან „ფორმულას" ზარებს არ უპასუხა. ჟურნალისტის თქმით, სიუჟეტში მოყვანილია რამდენიმე მოწმის და თავად ბრალდებულის ჩვენება და მათი გასაჯაროების მიზანი ერთადერთია — მტკიცებულებებით ენახებინათ მაყურებლისთვის, რომ ჩვენებები საქმეში ნამდვილად შეიცვალა, რაც სავარაუდო ზეწოლის ფაქტს და ეჭვებს კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდიდა.

„ჩვენი წყარო გვიყვება, რომ მან უკვე იცოდა იმის შესახებ, რომ რეპორტაჟს ვამზადებდით და ზარებს სავარაუდოდ მიზანმიმართულად არ უპასუხა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დავკავშირებოდით ამჟამად საპატიმროში მყოფი [ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ლევან სირაბიძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და ის პატიმრობაში აღარ იმყოფება] ლევან სირაბიძის ადვოკატებს, ან ოჯახის სხვა წევრებს. ჩვენი ინტერესი არ ყოფილა, გაგვეგო, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე ლევან სირაბიძის ოჯახის წევრები. კვლავ გავიმეორებ, სიუჟეტი აგებული იყო სავარაუდო ზეწოლის მცდელობაზე რიჩარდ სირაბიძის მხრიდან და, შესაბამისად, სწორედ ის იყო ჩვენი ინტერესის ობიექტიც" - წერს რატი წვერავა.

სავადო მასალაში საბჭო პირველ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს.

მასალის სათაურია - „შეცვლილი ჩვენებები მკვლელობის საქმეში - ზეწოლა მოწმეებზე?”

ჟურნალისტი ამბობს - „ნიკა თუთაშვილის დედა ფორმულას უყვება, რომ მისი შვილის მკვლელს გავლენიანი სანაცნობო ჰყავს და სირაბიძის ციხიდან დახსნისთვის მოწმეებზე ზეწოლას ცდილობენ, რათა ურთიერთშელაპარაკებაში დამნაშავედ სწორედ თუთაშვილი გამოიყვანონ. მკვლელის ბიძაშვილი ბათუმში ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი რიჩარდ სირაბიძეა, რომელიც წყაროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმის მოწმეებზე ზეწოლას პირადად ახდენს".

ჟურნალისტი პირს რამდენჯერმე მოიხსენიებს „მკვლელად”, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, საქმეზე პროცესი მიმდინარე იყო და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი. 

ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების მიხედვით, პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი დანაშაული არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ და არ უნდა დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

კრიმინალის გაშუქებისას ჟურნალისტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს სახელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ტერმინებს.

ძირითადი სამართლებრივი ტერმინები, რომელიც კრიმინალის გაშუქებისას გამოიყენება:

(ტერმინები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად)

        ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

        მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

[დეტალურად იხილეთ სახელმძღვანელო წესებში კრიმინალის გაშუქებაზე]

საბჭოს პოზიციით, მართალია, ჟურნალისტმა თქვა, რომ ჰქონდა რიჩარდ სირაბიძესთან დაკავშირების მცდელობები, თუმცა ეს მაინც არ აწვდის მაყურებელს სრულ ინფორმაციას.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება. სიუჟეტში ბრალდებული მოხსენიებულია “მკვლელად”, ამავდროულად, არ ჩანს დაცვის მხარის პოზიცია.

საბჭოს წევრები რეკომენდაციის სახით აღნიშნავენ, რომ როდესაც ჟურნალისტს სურს ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე [აღნიშნულ შემთხვევაში შეცვლილ ჩვენებებზე, ზეწოლაზე] აუდიტორიას უნდა მიაწოდოს უფრო დეტალური ინფორმაცია და ეცადოს, მოიძიოს ყველა რელევანტური წყარო/კავშირები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რატი წვერავამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა