გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ტუმასიანი გიორგი ისაკაძის წინააღმდეგ
14.12.2023

განმცხადებელი : გიორგი ტუმასიანი;
მოპასუხე : გიორგი ისაკაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;

22 ნოემბერი, 2023 წელი

საქმე N – 713

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტუმასიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 14 ნოემბერს, BMG-ს ეთერში გასულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გიორგი ისაკაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს: „ჩვენი მეზობლების და მთავარი მოვაჭრე ქვეყნების ეკონომიკებს რომ გადავხედოთ და მივყვეთ, აი აქ ასეთი მოქმედება და ვითარება გვაქვს: სომხეთის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი უძველესია პლანეტაზე და ამიტომ წლის ბოლომდე გაორმაგდებაო, რის შემდეგადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რვა ათას ორასი დოლარი იქნებაო. ამას ლევან დავითაშვილის კოლეგა მინისტრი და არა ვიცე-პრემიერი ამბობს, ცავატანემ ვანჯან..."

განმცხადებლის პოზიციით, აღნიშნულ ფრაზას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის არასწორ ინფორმაციას.

მოპასუხე ჟურნალისტმა თქვა, რომ ფრაზა იყო ხუმრობით ნათქვამი, მან იცოდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და სომხეთის მთავრობას ეს განცხადება არ გაუკეთებია. გიორგი ისაკაძის განცხადებით, მას კონკრეტული დათქმა არ გაუკეთებია, რომ ეს სიტყვები იყო ხუმრობა. მისი განმარტებით, ამაზე მიუთითებდა გამოხატვის ფორმა, რის გამოც ხუმრობა მისი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის აღქმადი იქნებოდა, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა ეს აღქმადი არ ყოფილიყო სხვებისთვის.

გადაცემას დეკლარირებული აქვს, რომ აშუქებს ბიზნეს სიახლეებს, არსად არის მითითებული, რომ გადაცემაში მოყოლილი ახალი ამბები არ შეესაბამება სიმართლეს და ატარებს გასართობ ხასიათს. შესაბამისად, საბჭო „საქმიან დილას“ არ მიიჩნევს როგორც გასართობ/იუმორისტულ პროდუქტს.

ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის საფუძველი, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაეშუქებინა, როგორც ფაქტი. შესაძლოა, ეს მის აღქმაში იყო “იუმორისტული” ფრაზა, თუმცა, როდესაც მაყურებელი ბიზნეს სიახლეებს უყურებს, შესაბამისი მითითების გარეშე არ აქვს ინფორმაცია, გავრცებული სიახლეებიდან რომელია სიმართლე და რომელი - იუმორისტული ჩანართი.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სოციალური ქსელში დაწერა პოსტი, სადაც მონიშნა ჟურნალისტი და მედიასაშუალება და მოითხოვა ინფორმაციის შესწორება. დადასტურებული ფაქტია, რომ ჟურნალისტი აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა, შესაბამისად, იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, მან ინფორმაცია არ გაასწორა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის ფრაზა იყო დისკრიმინაციული, ხელს უწყობდა სიძულვილის ენის გავრცელებას. გიორგი ტუმასიანის თქმით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოებაში სომხების მიმართ დამკვიდრებული არმენოფობიური და დიკრიმინაციული შინაარსის, ცრუ და ყალბი სტერეოტიპების გამეორება და გაჟღერება დამაზიანებელია.

განმცხადებლი აღნიშნავდა, რომ, საზოგადოებაში უკვე არსებობს სტერეოტიპი ერთი კონკრეტული ჯგუფისადმი, რომელიც თითქოს მიმტაცებელია და უძველესის მიკუთვნებულობას ცდილობს. შესაბამისად, გიორგი ტუმასიანის თქმით, ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი ქმედება აძლიერებს ამ სტერეოტიპს და არმენოფობიას.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ეთნიკური ჯგუფის შეურაცხყოფა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

ქარტიის საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტის ფრაზა ატარებდა დამცინავ კონტექსტს, რაც იწვევს დისკრიმინაციას და ეთნიკური ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმების გაძლიერებას. არმენოფობია გავრცლებული, თუმცა საზოგადოების ნაწილში არაღიარებული პრობლემაა. მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ებრძოლოს სტერეოტიპებს და არ გააძლიეროს ისინი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს, რომ ხანდახან ხუმრობაც კი შეიძლება იყოს დისკრიმინაციული, მით უფრო, როცა ამ ტიპის ხუმრობები საზოგადოებაში გავრცელებულია და ეთნიკურად სომეხი ადამიანების ერთგვარ დაკნინებას, დამცირებას ისახავს მიზნად.  შესაძლოა, ჟურნალისტის მიზანი არ იყო შეურაცხყოფა და საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს ამ კონკრეტული წინადადების გაჟღერების მიზნები, თუმცა მედიას უნდა ესმოდეს მისი პასუხისმგებლობა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ფაქტი განზრახ გაავრცელა.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა განმარტა, რომ აღნიშნული კომენტარი იყო ხუმრობა და მისი მიზანი არ ყოფილა მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა. შესაძლოა ჟურნალისტს ნამდვილად ჰქონდა აღქმა, რომ აღნიშნული ფრაზა ხუმრობით თქვა და მაყურებელს არ უჩენდა განცდას, რომ გაჟღერებული ფაქტი ზუსტი იყო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი ისაკაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი.
  2. გიორგი ისაკაძეს  არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.