განმცხადებელი : საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე;
მოპასუხე : Prime Time-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
17 აგვისტო, 2023 წელი
საქმე N – 678
საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ
ჩხიტუნიძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ და გიგა კობალაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 3 ივნისს მედიასაშუალება „Prime Time”-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის ვერც მედიასაშუალების წარმომადგენლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი~
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალის სათაურია - „გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის - საჯარო რეესტრმა დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე ატვირთა”.
მასალაში წერია:
„"კურიერის" ექსკლუზივი - გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის. საჯარო რეესტრმა მას უარი საბოლოოდ უთხრა. დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა. ასევე, უკვე საჯაროა შიდა აუდიტის დასკვნაც.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კობალაძემ ავტორებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოპარა. საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი.
იქამდე კი, თანამდებობა დატოვა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ. მისი გადადგომა სავარაუდოდ სწორედ ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას უკავშირდება, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი".
განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და მასში ფაქტები დამახინჯებულად არის ნაჩვენები. განმცხადებლების თქმით, მასალაში ისეთი ბრალდებებია გაჟღერებული, რომელიც არცერთ წყაროს არ ეყრდნობა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.
გიგა კობალაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ იგი აღარ ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. მან აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი მისი ხელმძღვანელობის საკითხს ვერ გადაწყვეტს, შესაბამისად, საჯარო რეესტრი მას უარს ვერ ეტყოდა.
განმცხადებლის განმარტებით, რეესტრმა წარმოება შეწყვიტა ასოციაციის ერთ-ერთ განცხადებაზე, ამჯერად კი დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ხარვეზის გამოსწორებაზე პასუხს ელოდნენ.
განმცხადებელმა თქვა, რომ ასოციაციის დაკვეთით შიდა აუდიტის მიერ ჩატარებულ დასკვნაში ნახსენებია 14 მილიონი, როგორც ასოციაციის მიერ ძველი მენეჯმენტიდან მოყოლებული საგადასახადო ორგანოებში დეკლარირებული ასოციაციის ხარჯის აკუმულირებული ჯამი და არსად წერია, რომ კობალაძემ 14 მილიონი მოიპარა.
თავის მხრივ, მედიასაშუალებამ წერილობით განმარტა, რომ აღნიშნული სტატია არის „კურიერის ექსკლუზივი“, რაც ჩანს ნიუსის პირველივე წინადადებაში.
„მსგავსი სტატიები „პრიამ თაიმის“ საიტზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ხშირად იდება და მითითებულია პირველწყარო. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთს „პრიამ თაიმი“ თავის თავზე ვერ აიღებს, თუმცა თუ კი, რომელიმე სტატიაში აღმოჩნდება უზუსტობა მზად ვართ მიღებული სტანდარტის მიხედვით გავასწოროთ" - წერს მედიასაშუალება.
საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
სადავო მასალაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტი დაეყრდნო „კურიერის" მიერ მომზადებულ სტატიას. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს „Prime Time”-ს ეთიკურ ვალდებულებებს. მედიასაშუალება არ თავისუფლდება სარედაქციო პასუხისმგებლობისგან, თუკი ის დაეყრდნობა სხვა მედიასაშუალებას, როგორც წყაროს და არ გადაამოწმებს ამ წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „Prime Time" ვალდებულია იყო, გადაემოწმებინა ის ინფორმაცია, რომლის წყაროც სხვა მედია [რუსთავი 2] იყო, მით უფრო, როცა მასალაში არ ჩანს მეორე მხარის პოზიცია/განმარტება.
საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად არის გაშუქებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
დადასტურდა, რომ განმცხადებლებს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებლების თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა გიგა კობალაძის და საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოცემის განმარტებით, მასალა კურიერის ექსკლუზივია და მასზე უშუალოდ “Prime Time”-ს ჟურნალისტებს არ უმუშავიათ, ასევე, რადგან საბჭოს არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მედია საშუალებას დანამდვილებით ჰქონდა წვდომა დოკუმენტებზე და ეს არც სადავო პროდუქტში ჩანს, მე-11 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- Prime Time-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- Prime Time-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.