გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
25.12.2023

განმცხადებელი : საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე;
მოპასუხე : POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

31 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 675

სხდომის თავმჯდომარე: მანანა ქველიაშვილი

საბჭოს წევრები: თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი 

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ და გიგა კობალაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 4 ივნისს ტელეკომპანია „POSTV”-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის ვერც მედიასაშუალების წარმომადგენლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-5 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „ავტორებისთვის მოპარული 14 მილიონი ლარი და ძარცვის “გაპრავება” რუსეთთან ბრძოლით”.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

„საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში ჩატარებული შიდა აუდიტი უზუსტობებს და ფინანსურ დარღვევებს მოიცავს. დადგინდა, რომ გიგა კობალაძემ ქართველ ავტორ-შემსრულებლებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოჰპარა”.

„საავტორო უფლებათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიგა კობალაძის თანამდებობის პერიოდში, კერძოდ, 2011-23 წლების განმავლობაში, ორგანიზაციაში სამჯერ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, რომელთა შედეგადაც გამოვლინდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით გადასახადების არაერთგზის, მათ შორის დანაშაულებრივად დამალვის ფაქტები. შემოწმების შედეგები ნათლად ცხადყოფს, რომ გიგა კობალაძე საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად ასრულებდა, რამაც როგორც სახელმწიფოს, ასევე ორგანიზაციის და საავტორო და მომიჯნავე უფლებათამფლობელების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. დასახელებულ პერიოდში ასოციაციამ განზრახ თავი აარიდა ნახევარ მილიონზე მეტი გადასახადების გადახდას, ასე მაგალითად, 2015-18 წლებში ბიუჯეტისთვის გიგა კობალაძის მიერ დაფარული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 200 000 ლარზე მეტს შეადგენს ”...

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და მასში ფაქტები დამახინჯებულად არის ნაჩვენები. განმცხადებლების თქმით, მასალაში ისეთი ბრალდებებია გაჟღერებული, რომლებიც არცერთ წყაროს არ ეყრდნობა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.

განმცხადებელმა თქვა, რომ ასოციაციის დაკვეთით შიდა აუდიტის მიერ ჩატარებულ დასკვნაში ნახსენებია 14 მილიონი, როგორც ასოციაციის მიერ ძველი მენეჯმენტიდან მოყოლებული საგადასახადო ორგანოებში დეკლარირებული ასოციაციის ხარჯის აკუმულირებული ჯამი და არსად წერია, რომ კობალაძემ 14 მილიონი მოიპარა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციას არ შეუწირავს თანხა პარტია „დროას”, არამედ გიგა კობალაძეს აქვს პირადი შეწირვა გაკეთებული. ამასთან, განმცხადებლის თქმით, ასოციაციას განზრახ არ დაუმალავს დიდი ოდენობით თანხები და ეს ინფორმაცია არასწორია. გიგა კობალაძემ თქვა, რომ საგადასახადო შემოწმება შედგა, თუმცა მათ არანაირი ვალდებულებები არ დაუკისრებიათ და 200 000 ლარი არ დაუმალავთ, დევნაც არ არის დაწყებული არც პროკურატურის თუ ფინანსური პოლიციის მიერ.

თავის მხრივ, მედიასაშუალებამ წერილობით მიუთითა, რომ მაუწყებლის მიერ არ დამახინჯებულა რაიმე ინფორმაცია ან/და ფაქტი.

„განცხადების ავტორები ცდილობენ არასწორად განმარტონ როგორც სიუჟეტის ფაბულა, ასევე ფაქტებიც. სიუჟეტში დეტალურად არის ჩაშლილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი უკვე 2023 წლის მაისის თვეში. ადგილი ჰქონდა არაეფექტურ, არასწორ მენეჯმენტს, რაც რეალურად წარმოადგენდა ავტორებისა და შემსრულებლების ქონებას. შესაბამისად, არასწორი მენეჯმენტის დროს ზარალი სწორედ რომ ბენეფიციარებს ადგებათ, ხოლო მეორე მხრივ ნათლად არის წარმოჩენილი ავტორების მიერ მიღებული თანხებისა და თავად გიგა კობალაძის სახელფასო ანაზღაურების/ბენეფიტების თანაფარდობა.

გიგა კობალაძის ხელფასის და არსებული ჰონორარების შედარების გათვალისწინებით, სწორედ რომ მის მიერ აღებული „ხელფასი“ უფრო მეტად ავტორებისგან წაგლეჯილ თანხას წარმოადგენს, ვიდრე „კუთვნილ ხელფასს“.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნებითა და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებით იქნა აღნიშნული არაერთი დარღვევა და შეუსაბამობა.
ჟურნალისტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე ფაქტის დამახინჯებას. საჩივრის ავტორები ცდილობენ ხელოვნურად წარმოაჩინონ და თავიდან კიდევ ერთხელ აირიდონ შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემა" -
წერს მედიასაშუალება.

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად არის გაშუქებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ჟურნალისტის მხრიდან აქცენტირებულია ვერსია, რომ გიგა კობალაძემ მილიონები მოიპარა, ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხები დაუმალა, განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას, ამის დამადასტურებლად კი წარმოდგენილი აქვს აუდიტის დასკვნიდან ამოღებული ამონარიდი, რომელიც აღნიშნულს არ ადასტურებს. ამასთან, მასალაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა დაჰკავშირებოდა გიგა კობალაძეს/საავტორო უფლებათა ასოციაციას და მოეპოვებინა მათგან საპასუხო პოზიცია.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლების თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა გიგა კობალაძის და საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას. მათი თქმით, მედიასაშუალება მათზე მადისკრედიტირებელ ინფორმაციას კამპანიურად აშუქებს.

მეთერთმეტე პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა, როცა ობიექტური გარემოებები იძლევიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა, ამასთან საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დამატებით მასალებს, სადაც მედიასაშუალება ავრცელებს სააგენტოს და გიგა კობალაძის მიმართ ინფორმაციას და დაინახა მასში კამპანიურობაც.

სადავო მასალებში ჩანს, რომ ჟურნალისტს აქვს წვდომა აუდიტის დასკვნაზე [წარმოადგენს მის ე.წ. სქრინებს], შესაბამისად, აღნიშნული საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა დოკუმენტი, იცოდა რა იყო სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

დასკვნა, რომელიც ჟურნალისტს აქვს გამოყენებული, გიგა კობალაძემ გააცნო საბჭოსაც. დოკუმენტში მითითებულია, რომ ბოლო წლებში ასოციაცია მუშაობს ზარალზე, თუმცა მომავალში მოსალოდნელია შემოსავლების საგრძნობი ზრდა. გრაფაში “სავაჭრო და სხვა სახის ვალდებულებები”, ნამდვილად არის ნახსენები დაახლოებით 14 მილიონი ლარი. ჩანს ისიც, რომ ეს თანხა წლებთან ერთად იზრდებოდა, მაგალითად, 2019 წელს დაახლოებით 9 მილიონი იყო. დოკუმენტის მიხედვით, “ვალდებულებების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ასოციაციის წევრ ორგანიზაციებთან და ავტორებთან გადასარიცხი ჰონორარის ვალდებულება”.  გარდა ამისა, დამოუკიდებელი აუდიტი განმარტავს, რომ ასოციაციის მთლიანი ვალდებულებების დაფარვა მოსალოდნელია საბალანსო ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის ვადაში და შესაბამისად, ეს სავაჭრო ვალდებულებები კლასიფიცირებულია, როგორც მიმდინარე ვალდებულებები. დოკუმენტში არ იკვეთება, რომ “გიგა კობალაძემ ქართველ ავტორ-შემსრულებლებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოჰპარა”.

ეს ინფორმაცია არ დასტურდება არც საქპატენტის დაკვეთით ჩატარებულ აუდიტში, რომლის დოკუმენტი საბჭოს გიგა კობალაძემ ასევე წარმოუდგინა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. „POSTV”-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა