გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ალექსანდრე კობაიძე და ნათია კეპაშვილი ლანა კოკაიას და ნინო ჯაფიაშვილის წინააღმდეგ
10.01.2024

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ალექსანდრე კობაიძე, ნათია კეპაშვილი;
მოპასუხე : ლანა კოკაია, ნინო ჯაფიაშვილი;

3 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 672

სხდომის თავმჯდომარე: მაია წიკლაური

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ალექსანდრე კობაიძემ და ნათია კეპაშვილმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 16 მაისს მედიასაშუალება „რადიო თავისუფლებაზე” გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-4 და მე-5 პრინციპი. მოპასუხეებად განისაზღვრნენ ლანა კოკაია და ნინო ჯაფიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი, მისი წარმომადგენელი, მოპასუხეები და მედიასაშუალების წარმომადგენელი.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძეს. მან გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - "ალბათ, ვიღაცა მფარველობს" - ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს და მის ცოლს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

განმცხადებლის პოზიციით, სტატიაში მითითებულია არასწორი და გადაუმოწმებელი ფაქტები, კერძოდ, ინფორმაცია, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს და მის ცოლს თაღლითობაში ადანაშაულებენ. განმცხადებელმა განმარტა, რომ აღნიშნული ბრალდების დასახელება არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ვინაიდან არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. ასევე, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მას თავიდანვე არ მიეცა შესაძლებლობა მისი პოზიცია შესწავლილიყო და გაჟღერებულიყო მასალაში, ამიტომ მოგვიანებით გახდა მისი პოზიციის ჩამატება საჭირო.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე კობაიძის და მისი მეუღლის მიმართ ნონა ქადაგიშვილის სარჩელის საფუძველზე სასამართლოში საქმის წარმოება არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ინფორმაცია - „16 თებერვალს ნონა ქადაგიშვილმა სასამართლოში იჩივლა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა", არასწორია.

სტატიაში წერია - „საქართველოს მოქალაქე, ბიზნესმენი მეჰმეთ ფატიჰ თურანი, რომლის ლაზური გვარი ქიქავაა, აბანოთუბანში, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ირგვლივის ქუჩაზე ორსართულიან სახლს ფლობს. ეს სახლი, რომელიც ახლა 600 000 დოლარი ღირს, მან 8 წლის წინ იყიდა და ბოლო 2 წელია, რაც გაქირავება დაიწყო"; განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაციაც გადაუმოწმებელია, რადგან პირის ლაზური გვარის შესახებ ინფორმაციას მეჰმეთ ფატიჰ თურანის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ვერ ვკითხულობთ. ამასთან, განმცხადებელი მიუთითებს, რომ პირის საკუთრებაში სახლი 2022 წელს გადავიდა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერები ადასტურებს.

განმცხადებლის თქმით, სტატიაში ნათქვამი - „ფატიჰმა თავისი ბინის გაქირავებაზე განცხადება booking.com-ზე იპოვა", არასწორია, რადგან booking.com-ზე კობაიძეს და კეპაშვილის განაცხადი არ განუთავსებიათ.

განმცხადებელი არასწორად მიიჩნევდა ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ნატალია პაპაშვილმა და ნათია კეპაშვილმა ერთად შეიძინეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ავტომობილი. განმცხადებლის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ჟურნალისტს არ აქვს.

განმცხადებლების პრეტენზიების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად მოცემულია  წერილობით დოკუმენტში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტებმა მიუთითეს, რომ „თაღლითობის” შესახებ რესპონდენტები საუბრობდნენ, მათ გადაამოწმეს და შეისწავლეს გამოქვეყნებული ინფორმაცია, დაიცვეს ეთიკური ვალდებულებები, შესაბამისად, არ დაურღვევიათ ქარტიის პრინციპები.

მოპასუხე ამბობს, რომ გამოძიება ნამდვილად დაწყებულია, ეს დადასტურებულია ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს გამომძიებლის და პოლიციის მაიორის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ ასეთი სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არსებობს და ეს გამოგონილი არ არის.

მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას ჰქონდა ნათია კეპაშვილთან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობები და ალექსანდრე კობაიძის პოზიცია სრულად ჰქონდა ასახული მასალაში [სტატიის მიმართ კრიტიკული შენიშვნები და მისი კომენტარები].

პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის, საბჭომ ზუსტად დაადგინოს, გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს; საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ჟურნალისტის ციტატაში ვკითხულობთ: „16 თებერვალს ნონა ქადაგიშვილმა სასამართლოში იჩივლა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა“.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ამ ციტატის დასადასტურებლად წარმოადგინა ორი დოკუმენტი. ერთი არის სარჩელი, რომელიც 2023 წლის 25 თებერვლით არის დათარიღებული. ამ სარჩელის მიხედვით, ქადაგიშვილი მართლაც ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას და ქონების უკან დაბრუნებას, თუმცა დოკუმენტს არ აქვს სასამართლოს ბეჭედი და ხელმოწერა, რათა დადასტურდეს მისი მიმართვა სასამართლოსთვის. მეორე მხრივ, ჟურნალისტმა მოგვაწოდა განჩინება სასამართლოდან, რომ ნონა ქადაგიშვილმა მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქადაგიშვილმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე გიორგი გურაშვილს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინება დათარიღებულია 2023 წლის 21 თებერვლით. შესაბამისად, ვერ დგინდება ჟურნალისტის მიერ აღნიშნული ფაქტი, რომ 2023 წლის 16 თებერვალს ქადაგიშვილმა იჩივლა და მოითხოვა ქონების უკან დაბრუნება.

საბჭო მიიჩნევს, რომ მასალის გამოქვეყნების დროს ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი დოკუმენტაცია, რომ დაეწერა შემდეგი -  „16 თებერვალს ნონა ქადაგიშვილმა სასამართლოში იჩივლა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა“. მართალია, მან განმარტა, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია ქადაგიშვილის ადვოკატმა მიაწოდა, თუმცა არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობები, რომ ამ ინფორმაციის მეორე მხარესთან გადამოწმება სცადა, ან სხვა რაიმე ტიპის დოკუმენტი მოიპოვა ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. როდესაც საბჭომ მოიკვლია, რა დოკუმენტები ჰქონდა ჟურნალისტს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დროს, „რადიო თავისუფლებამ“ წარმოადგინა ადვოკატის მიერ მომზადებული სარჩელის თავფურცელი, რომელსაც არ აქვს სასამართლოს ოფიციალური ბეჭედი, ანუ არ დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი ჩაბარდა სასამართლოს. ასევე, ჟურნალისტმა მკითხველს არ განუმარტა, რომ მისი ინფორმაცია ეყრდნობოდა კონკრეტულ მხარეს და ზემოთაღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა. საბჭოს ცალკეც ჰქონდა მცდელობები, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა და მოეძიებინა დამატებითი დოკუმენტები, თუმცა ამის მიუხედავად, საბჭომ ვერ მიიღო ინფორმაცია სასამართლოსგან, ადვოკატებისგან და ჟურნალისტისგან.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დაწყებას. ტექსტში ვკითხულობთ: „საქმეს თაღლითობის მუხლით უკვე იძიებს შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველო, პროკურატურის ზედამხედველობით“.

ჟურნალისტმა მოგვაწოდა დოკუმენტი, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება ჟურნალისტის მიერ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია. ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან  21 ივლისს არის გაცემული და იქ ნამდვილად აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა ამ ცნობით არ დასტურდება, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სტატიის გამოქვეყნების დროს, 2023 წლის 16 მაისს. შესაბამისად, საბჭო აღნიშნულ ნაწილში ხედავს პირველი პრინციპის დარღვევას.

განმცხადებელს სტატიის კიდევ რამდენიმე ნაწილი ჰქონდა მითითებული სადავოდ, თუმცა საბჭომ მათში დარღვევა ვერ დაინახა:

ფატიჰ თურანის საქმეზე, განმცხადებლის პრეტენზია მიემართებოდა იმას, რომ ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია ინფორმაცია მისი ლაზური წარმოშობის შესახებ. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა თურანი გააცნო აუდიტორიას ისე, როგორც თავად თურანი აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს. მის წარმომავლობას არანაირი გავლენა არ აქვს საქმეზე, შესაბამისად, ამ ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა არ იყო.

ტექსტში წერია, რომ „ეს სახლი, რომელიც ახლა 600 000 დოლარი ღირს, მან [ფატიჰ თურანმე] 8 წლის წინ იყიდა და ბოლო 2 წელია, რაც გაქირავება დაიწყო".

ის, რომ სახლი 8 წლის წინ თურანმა იყიდა, რეესტრის ბინის ამონაწერში დასტურდება. 2015 წლის 20 აგვისტოს აღნიშნული საკადასტრო კოდით 01.18.03.064.018.01.001 მესაკუთრედ ფიქსირდება მეჰმეთ ფატიჰ თურანი. ასევე, ჟურნალისტმა მოგვაწოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 2023 წლის 8 ივნისით არის დათარიღებული. დოკუმენტის მიხედვით, სასამართლომ ნათია კეპაშვილს 2023 წლის 15 ივნისამდე საიჯარო ქირის, 3000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა თბილისში, ირგვლივის 1. 3-ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2021 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით დაიტვირთა იპოთეკით „სს თიბისი ბანკის" სასარგებლოდ. თანხის გადაუხდელობის გამო ბანკი გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე, თუმცა მოსარჩელე განაგრძობდა ფართის ფლობას. ბანკთან შეთანხმებით 2022 წლის 1 აპრილს გააფორმა ქონების შეძენის ხელშეკრულება 24 თვის ვადაში გამოსყიდვის პირობით. ვინაიდან ყოველთვიურად უწევდა სოლიდური თანხის გადახდა, გადაწყვიტა გაქირავება. 2022 წლის 3 ივნისს გაფორმდა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის იჯარის ხელშეკრულება. უძრავი ქონება 2022 წლიდან მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული“.

ნატალია პაპაშვილის ნაწილზე სტატიაში წერია „ჩემი ID ბარათით აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერები მოიგო“ - აღნიშნულ ფრაზას განმცხადებელი ხდის სადაოდ და ამბობს, რომ ეს არ არის მართალი. საბჭო აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არ არის ფაქტად მოწოდებული; თან ერთვის ნათია კეპაშვილის პოზიციაც, რომელიც არ იძლევა განმარტებებს; შესაბამისად, ამ ნაწილში საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა, გადაემოწმებინა ინფორმაცია.

განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევს სტატიაში მითითებულ შემდეგ გარემოებასაც, რომ მას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საბჭოს პოზიციით, სტატიაში არ ჩანს, რომ ბრალდებას ჟურნალისტი აყენებს, არამედ იგი ეყრდნობა რესპონდენტებს, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული დადასტურებული არ არის, ჟურნალისტი აღწერს გარემოებებს, საუბრობს საჯარო პირზე, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. სტატიაში ჟურნალისტი დადასტურებულად არ ამბობს, რომ ალექსანდრე კობაიძე თაღლითია, არამედ საუბრობს გარემოებებზე, რომ მას აღნიშნულში კონკრეტული პირები ადანაშაულებენ, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საბჭო ვერ ხედავს დარღვევას.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებლის არგუმენტაციით, ჟურნალისტმა არ გამოაქვეყნა რესპონდენტებისგან მიწოდებული ინფორმაცია სრულად, შესაბამისად, არ მოიქცა კეთილსინდისიერად. ასევე, განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტის გამოყენებული ფოტო და მისი დამუშავების სტილი შეურაცხმყოფელია; ამასთან, მისი თქმით, ჟურნალისტმა აღნიშნული ფოტო გამოიყენა თანხმობის გარეშე.

თავის მხრივ, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ აღნიშნული მასალის მომზადებისას ჟურნალისტს არ გამოუქვეყნებია ფარული დოკუმენტები/ფოტოები, შესაბამისად, არარელევანტურია აღნიშნულ პრინციპზე მსჯელობა. მოპასუხეებმა დააზუსტეს, რომ ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის, მედიასაშუალების წარმომადგენლის გადაღებულია და მისი საავტორო უფლებები დაცულია.

საბჭოს აზრით, ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვებისას არ გამოუყენებია არაკეთილსინდისიერი მეთოდები. ჟურნალისტმა გამოიყენა მისივე მედიასაშუალების წარმომადგენლის მიერ გადაღებული ფოტო, მიუთითა ავტორი და არ მოუპოვებია არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდებით. ამასთან, საბჭოს შეფასებით, ფოტოს არ აქვს შეურაცხმყოფელი კონტექსტი.

შესაბამისად, ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მეოთხე პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე კობაიძემ და ნათია კეპაშვილმა მედიასაშუალების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სტატიაში გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციის შესახებ, თუმცა, მასალა და მისი სათაური არ ჩასწორებულა.

მოპასუხემ მიუთითა და სტატიაშიც ჩანს, რომ ავტორმა ალექსანდრე კობაიძის დამატებით მიწოდებული პოზიცია ზუსტად ასახა და კობაიძის წერილი გამოაქვეყნა.

მასალის ბოლოს წერია - „შენიშვნა: მასალა განახლებულია. სტატიას გამოქვეყნების შემდეგ დაემატა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის პოზიცია, სადაც ის დამატებით განმარტავს რა მიაჩნია უზუსტობად რამდენიმე მოქალაქის მიერ მის და მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მოთხრობილ ამბებში. წერილი სტატიას ერთვის უცვლელად, "რადიო თავისუფლება" განაგრძობს სტატიაში გამოქვეყნებული ისტორიების, ალექსანდრე კობაიძის მიერ დამატებული დეტალებისა და გარემოებების დოკუმენტურ გადამოწმებას. ჟურნალისტური კვლევის შედეგები დამატებით გამოქვეყნდება”.

იმ ნაწილზე, სადაც პირველი პრინციპის დარღვევა დაინახა საბჭომ, განმცხადებლის წერილში მედიასაშუალების მიმართ არ არის ინფორმაცია მოცემული, შესაბამისად, განმცხადებელს არ განუმარტავს ჟურნალისტისთვის, რომ მასში დარღვევას ხედავდა, არ არსებობს წინაპირობა, რომ ჟურნალისტმა იცოდა ამის შესახებ.

როგორც ქარტიის პირველი პრინციპის პრაქტიკის ანალიზისას აღინიშნა, პირველი პრინციპი ასევე დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ არ არის ბალანსი დაცული. სხდომაზე დადგინდა, რომ ჟურნალისტს სტატიის მომზადებამდეც ჰქონდა მცდელობები საპასუხო პოზიციების მოსაპოვებლად, შემდგომ კი დამატებითი წერილი შენიშვნის სახით გამოაქვეყნა, შესაბამისად საბჭო ვერ ხედავს მე-5 პრინციპის დარღვევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ლანა კოკაიამ და ნინო ჯაფიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ლანა კოკაიას და ნინო ჯაფიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-4 და მე-5 პრინციპი.

 

სადავო მასალა

განცხადება