გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი კაპანაძე სოფო ვარდიაშვილის წინააღმდეგ
11.01.2024

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი კაპანაძე;
მოპასუხე : სოფო ვარდიაშვილი;

1 დეკემბერი, 2023 წელი

საქმე N – 701

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სოფო ჟღენტი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი კაპანაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სოფო ვარდიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხემ შეპასუხება წერილობით წარმოადგინა და სხდომას არ ესწრებოდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „200 მილიონიანი ტენდერი „ოცნებასთან” აფილირებული კომპანიისთვის”.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს: „2024 წლის საარჩევნო ყულაბა ქართული ოცნებისთვის 200 მილიონით ივსება. განცხადებას ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზი აკეთებს. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ პრემიერის მიერ გამოცხადებული კურორტების განვითარების მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა არ არის კონკრეტული მითითება, სად და რაში დაიხარჯება ეს თანხა. ტენდერის თანახმად, 200 მილიონ ლარს განკარგავს შპს „საბა კონსტრაქშენი”, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან და ასევე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან, იგივე რიჟასთან. რეზო ხარაზმა ოფიციალური წერილები მისწერა შესაბამის უწყებებს თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, თუმცა, ამ დრომდე პასუხები არ მიუღია. ოპოზიციონერი დეპუტატი ვარაუდობს, რომ ეს თანხა შავი ფულია, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს”.

განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორია და ჟურნალისტს იგი არ გადაუმოწმებია. მისი თქმით, აღნიშნული ფრაზით ჟურნალისტი ფაქტის სახით აცხადებს, რომ შპს „საბა კონსტრაქშენის“ მფლობელი გიორგი კაპანაძეა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მასალა ეთერში გავიდა არა როგორც სიუჟეტი, არამედ რეპორტაჟი.

„რაც შეეხება კონტექსტს, რა კონტექსტშიც განმცხადებელი, გიორგი კაპანაძე იქნა ნახსენები, იგი მოხსენიებულია ერთხელ და საუბარია მასზე, როგორც არა კონკრეტული შპს-ის მფლობელზე, არამედ შპს-ს შესაძლო კავშირის კონტექსტში ქართულ ოცნებასთან და ასევე, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეპორტაჟი ზუსტად მიყვება წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ისე, რომ მაყურებლისთვის ეს ზუსტად აღსაქმელია, ხოლო ჩემი მხრიდან არ ხდება დამატებითი შეფასების და მითუმეტეს ფაქტების დართვა. ასევე, ვახსენებ ნაბიჯებს, რომლებიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გადადგა ინფორმაციის გადასამოწმებლად, კერძოდ, იმაზე რომ მან მიწერა წერილები შესაბამის უწყებებს ინფორმაციის გადასამოწმებლად და იქვე აღვნიშნავ შემდეგს: „ოპოზიციონერი დეპუტატი ვარაუდობს, რომ ეს თანხა შავი ფულია, რომელსაც მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს“. აღნიშნული მოცემულობიდან აშკარად ჩანს, რომ მე სრულად გადმოვეცი მესამე პირის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, სავარაუდოობის სტანდარტის დაცვით და იმაზე მითითებით, რომ მისი წყაროა კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, რეზო ხარაზი" - წერს ჟურნალისტი.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს გიორგი კაპანაძის პოზიცია. ამასთან, ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს [რეზო ხარაზი].

როდესაც რესპონდენტი ბრალდებას გამოთქვამს, აუცილებელია, ჟურნალისტმა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და აუდიტორიისთვის სრული სურათის მისაწოდებლად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებელი ძირითადად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ეს კი შეესაბამება ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტაციას და მასზე საბჭომ უკვე იმსჯელა.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. სადავო მასალაში ჟურნალისტს ჰყავს წყარო [რეზო ხარაზი], მან არ მოიპოვა საპასუხო პოზიცია და ინფორმაცია არ გადაამოწმა, რაც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა, თუმცა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ წყარო საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად განზრახ გაავრცელა და მედიასაშუალება მის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ მასალას კამპანიურად აშუქებდა.

მოპასუხის თქმით, „ფორმულას" ეთერში გასული 1:30 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება აგებულია მესამე პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჟურნალისტი მიუთითებს, რომ რეპორტაჟში მისი ტექსტი არ სცდება იმ ფარგლებს, რა ფარგლებშიც ინფორმაციის წყარო საუბრობს, ის კი ავტორის სიტყვების პერიფრაზირებას აკეთებს და არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

განმცხადებელმა კამპანიურობის დამტკიცება სცადა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალებით. განმცხადებელი პოლიტიკის ნაწილში ერთმანეთთან აიგივებდა მედიებს და მიიჩნევდა, რომ ე.წ. ოპოზიციური მედია ცდილობდა კაპანაძის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა მან ვერ წარმოადგინა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთს რაიმე ფორმით უკავშირდებოდა და ჟურნალისტებმა ხელოვნურად დაუმალეს საზოგადოებას სიმართლე.

განმცხადებელმა წარმოადგინა მასალები, რომელიც სხვა მედიასაშუალებებზე ქვეყნდებოდა, თუმცა ეს არ ადასტურებდა ტელეკომპანია „ფორმულას” მიმართ კამპანიურობის ბრალდებას. შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სოფო ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სოფო ვარდიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება