გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თეონა ფანქველაშვილი ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ
29.01.2024

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
განმცხადებელი : თეონა ფანქველაშვილი;
მოპასუხე : ნიკოლოზ მჟავანაძე;

1 დეკემბერი,  2023 წელი

საქმე N – 703

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეონა ფანქველაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს ტელეკომპანია „სეზონის” ეთერში გასულ გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4, მე-7 და მე-10 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნიკოლოზ მჟავანაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მხარეებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სამოტივაციო ნაწილი

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების, ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაურკვეველი იყო, როგორ მოიპოვა ნიკოლოზ მჟავანაძემ ვიდეომასალა, რომელიც გადაცემაში გამოიყენა. მისი თქმით, მჟავანაძე მოიქცა არაკეთილსინდისიერად, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მისი თანხმობის გარეშე გაუშვა ეთერში.

საბჭოს არ აქვს ინფორმაცია, რა მეთოდების გამოყენებით იქნა მოპოვებული აღნიშნული ვიდეო. კადრზე არსებული წარწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ტიკ-ტოკიდან არის აღებული. რადგან საბჭოს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ვერ იმსჯელებს ვიდეო მასალის მოპოვების მეთოდებთან დაკავშირებით და მეოთხე პრინციპს არ მიიჩნევს დარღვეულად.

არაკეთილსინდისიერი და არაეთიკური ამ შემთხვევაში არის მასალის გავრცელების ფორმა, მოპოვების მეთოდებზე კი საბჭო მოკლებულია  შეფასების შესაძლებლობას.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში წამყვანი მის მიმართ იყენებდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ლექსიკას. მისი თქმით, მასალა იყო სიძულვილის ენის შემცველი და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სტიგმების გაძლიერებას.

მასალაში გენდერულად დისკრიმინაციული ფრაზები გაჟღერდა (წამყვანი - „გათხოვდი, პირველი ღამეა და იმაზე იფიქრე, საკუთარ საქმროზე და ქმარზე, მიშაზე რატომ ფიქრობ პირველ ღამეს"... სტუმარი - „მისი ოცნება არის როგორმე პირველ ღამეს მიშას ჩაუგორდეს ლოგინში), რაც დაუშვებელია და აძლიერებს სტერეოტიპებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში სიუჟეტის სავარაუდო შედეგი იყო არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი ემოციური დამუხტვა და ქალების მიმართ აგრესიის/ნეგატივის მიმართვა.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.  

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო ამ ინფორმაციის ქონა საზოგადოებისათვის აუცილებელი.

საბჭომ ჩათვალა, რომ სადავო მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. გარდა ამისა, გადაცემის სადავო მონაკვეთი დისკრიმინაციულია. შესაბამისად, საბჭომ მე-10 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

ქარტიის საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება, თუ ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რაც ცნობისმოყვარეობას არ გულისხმობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.
  2. ნიკოლოზ მჟავანაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.