გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ესმა გუმბერიძე Georgian Press-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
16.06.2024

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ესმა გუმბერიძე;
მოპასუხე : Georgian Press-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

2 თებერვალი,  2024 წელი

საქმე N – 724

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ესმა გუმბერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 12 დეკემბერს მედიასაშუალება „Georgian Press”-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის ვერც მედიასაშუალების წარმომადგენლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა, სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - “საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ერემაშვილს პასუხობს

სადავო მასალაში „საქართველოს ყრუთა კავშირის" საპასუხო წერილია მოცემული, რომლითაც, სტატიის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში მოცემულ ბრალდებებს უპასუხეს.

მასალაში წერია:

„მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის გვერდზე, დეა ერემაშვილის, როზა გუჩმანიძის და სხვა 7 პირის სახელით გამოქვეყნდა  მიმართვა და გავრცელდა  ცილისმწამებლური წერილი –  “საქართველოს ყრუთა კავშირის” და მისი პრეზიდენტის, ამირან ბატატუნაშვილის მიმართ. -ნათქვამია საპასუხო  წერილში, რომელსაც “საქართველოს ყრუთა კავშირი” ავრცელებს.

აღნიშნული წერილით, “საქართველოს ყრუთა კავშირი”, მათი მისამართით  გაჟღერებულ ბრალდებებს  პასუხობს, რომელზეც საუბარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

როგორც მიმართვიდან ირკვევა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამ მოქალაქეს – გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო. .  რასაც მიმართვის ავტორები ეწინააღმდეგებოდნენ".

მასალაში „საქართველოს ყრუთა კავშირის” საპასუხო წერილი, როგორც ნათქვამია, უცვლელად არის წარმოდგენილი და, ასევე, დეა ერემაშვილის Facebook სტატუსი ბმულის სახით არის მოცემული, სადაც გადასვლის შემდეგ ჩანს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი.

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში მოცემული ფაქტები არ არის სწორი, გაჟღერებულია ბრალდებები დეა ერემაშვილის მიმართ, მაგრამ მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ მისი პოზიცია მასალაში ასახულიყო.

განმცხადებელი ამბობს, რომ დეა ერემაშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ჟურნალისტმა კი ეს ინფორმაცია არ გადაამოწმა - „ერთი თვის წინ ჩატარდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის საერთო კრება, სადაც ბატონი ამირან ბატატუნაშვილი, არჩეულ იქნა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გამგეობის წევრად.ამ კრებას ესწრებოდა დეა ერემაშვილიც და მონაწილეობაც მიიღო არჩევნებში , მას არც ერთი მსგავსი სახის კომენტარი და მოსაზრება არ გაუჟღერებია , სწორედ ეგ გვაძლევს საფუძველს და მიგვანიშნებს რომ ცდილობს ა(ა)იპ “საქართველოს ყრუთა  კავშირის” (შემდგომში – „ყრუთა კავშირი“) და მისი ხელმძღვანელის სახელის გატეხვას და ღირსების შელახვას".

ამასთან, განმცხადებლის თქმით, ფრაზა - „“2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს,  საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სამ პიროვნებას გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო", ასევე არასწორია, რადგან სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა, განმცხადებელმა მიუთითა, რომ პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი იყო მონიშნული დეა ერემაშვილის სტატუსზე, შესაბამისად, ეს ინფორმაციაც საზოგადოების შეცდომაში შემყვანი იყო.

თავის მხრივ, მედიასაშუალებამ წერილობით მიუთითა, რომ სააგენტოს მხრიდან ვინმეს მიმართ ცილისწამება არსად ჩანს. „წერილი გამოქვეყნდა უცვლელად. თუ წაიკითავთ საიტზე გამოქვეყნებულ წერილს, ნახავთ, რომ არავის მიმართ "ჯორჯიან პრესს" საკუთარი პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული" - წერს მედიასაშუალება.

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მართალია ჟურნალისტს წარმოდგენილი აქვს დეა ირიმაშვილის სტატუსიც, თუმცა მასში არ ჩანს „საქართველოს ყრუთა კავშირის” წერილში ნათქვამ ბრალდებებზე საპასუხო პოზიცია. მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ იგი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ყრუთა კავშირის” წერილში მოცემულია ინფორმაცია, რომ „2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს,  საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სამ პიროვნებას გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს"; აღნიშნულ ინფორმაციაზე მოცემულია ბმული, რომელსაც დეა ერემაშვილის Facebook სტატუსზე გადავყავართ, შესაბამისად, არასწორია, რომ ინფორმაცია გავრცელდა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე. განცხადების უცვლელი სახით კოპირებით და მასალაში გადმოტანით ჟურნალისტი არ თავისუფლდება ეთიკური ვალდებულებისგან, რომ მასში მოცემული ფაქტები გადაამოწმოს და ბრალდებების არსებობის შემთხვევაში მისი საპასუხო პოზიცია მოიძიოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. „Georgian Press”-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება