დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ანონიმური განმცხადებელი;
მოპასუხე : ნიკა მუკბანიანი, მარიამ ბერძენიშვილი;
2 თებერვალი, 2024 წელი
საქმე N – 710
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო
კაპანაძე, ნინო რამიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პირმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 13 და 16 ნოემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში” გასულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ნიკა მუკბანიანი და მარიამ ბერძენიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
განმცხადებლის მოთხოვნით და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, განმცხადებლის ვინაობა დარჩა ანონიმური.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც წერილობითი წარმოუდგენიათ შეპასუხება.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ორივე თარიღში გამოქვეყნებული სადავო მასალის სათაურია - „პრობლემები ბინის გაქირავების დროს”. 2023 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში ინფორმაცია სრულად არის მოცემული, ჩანს წამყვანის და ჟურნალისტის ნაწილი, 16 ოქტომბერს კი მასალა ცალკეც არის გამოქვეყნებული, სადაც მხოლოდ სიუჟეტის ნაწილია მოჭრილი და მასალიდან ერთ-ერთი კომენტარი ამოღებული. საბჭომ სადავო მასალა სრულად განიხილა.
სადავო მასალაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ნიკა მუკბანიანი ამბობს:
„ბინის გაქირავების შემდეგ, ქირის გადაუხდელობა და დამქირავებლის უარი საცხოვრებელი ფართის დატოვებაზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მოქმედი კანონმდებლობით დამქირავებლების გამოსახლება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი, რაც ხშირად რამდენიმე წელი გრძელდება. გაჭიანურებული სამართლებრივი დავების პირობებში კი ბინის მესაკუთრეები ფინანსურ ზარალს თვეების განმავლობაში განიცდიან. იუსტიციის სამინისტრო და აღსრულების ეროვნული ბიურო უკვე მუშაობენ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის ურთიერთობები სასამართლო დავის გარეშე უნდა მოაგვაროს".
ჟურნალისტი ამბობს:
„მარი ნაჩხატაშვილმა საბურთალოს რაიონში, მარიჯანის ქუჩაზე, ბინა 7 თვის წინ გააქირავა, მდგმურებთან 1 წლიანი ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა და შეთანხმებისამებრ, დამქირავებლებმა მას 2 თვის თანხა გადაუხადეს. თუმცა, მას შემდეგ აღარც ერთი თეთრი ჩაურიცხავთ, არც ბინას ტოვებენ და მეპატრონესაც სახლში არ უშვებენ. როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე ყვება, ოთხსულიანი ოჯახი გამუდმებით ცდილობს პროვოკაციების მოწყობას, იძახებს საპატრულო ეკიპაჟს და შანტაჟის გზით ცდილობენ სახლში რაც შეიძლება მეტხანს დარჩნენ. ნაჩხატაშვილებმა სასამართლოს მდგმურების გამოსახლების აღსრულების მოთხოვნით სამი თვის წინ მიმართეს, თუმცა აქამდე პროცესი არ ჩანიშნულა. შესაბამისად, მდგმურები კვლავ ბინაში რჩენიან, ისე, რომ ქირას არ იხდიან. მარი ნაჩხატაშვილი მოამბესთან ამბობს, რომ პრაქტიკულად კანონი მხოლოდ დამქირავებლის მხარესაა და მისი ბედი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც შესაძლოა თვეობით ან წლობით გაიწელოს”...
…„ბუნებრივია ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით მეორე მხარესაც ანუ დამქირავებლებს, თუმცა კარი არ გაგვიღეს და არც კონტაქტზე გამოვიდნენ.
როგორც კორპუსის სხვა მაცხოვრებლები ყვებიან, ნაჩხატაშვილების ბინაში მცხოვრები პირები არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ მეზობლებსაც უქმნიან პრობლემას.
რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც დამქირავებლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და თვეობით, ფაქტობრივად, უფასოდ ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში. ამ შეკითხვით ჩვენ იურისტებს მივმართეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ გახშირდა მსგავსი შემთხვევები. ალექსანდრე სვანიძის შეფასებით, პრობლემის მიზეზი არსებულ კანონში ხარვეზია და ამგვარი პრაქტიკა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების საკუთრების უფლების დარღვევაა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშავდება პროექტი ახალი სერვისის შესახებ - სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ფინანსური ხელშეკრულების, მათ შორის, ქირავნობის რეგისტრაციას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული დოკუმენტით აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეძლევა უფლებამოსილება ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იძულებითი საქმის წარმოება ანუ გამოსახლების პროცედურები დაიწყოს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციისთვის ორივე მხარე, როგორც გამქირავებლის, ისე დამქირავებლის თანხმობაა საჭირო. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაზეა, რომლის შემდგომ გაიმარტება მისი საჯარო განხილვები და საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დღეს არსებული კანონმდებლობა რომ დასახვეწია, რომლის მიხედვითაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მესაკუთრეს არ შეუძლია მის კუთვნილ ბინაში უკანონოდ მყოფი პირის გამოსახლება, ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ადასტურებს. ის წლების წინ ახალი ნორმის შემოღების წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა, როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, საკითხი სენსიტიურია და ფართო დისკუსიას საჭიროებს.
2015 წლამდე მესაკუთრეს მის ქონებაში უკანონოდ მყოფი დამქირავებლის გამოსახლების პროცესში პოლიცია ეხმარებოდა, მას შემდეგ, რაც ის დაადასტურებდა, რომ ქონების მესაკუთრე იყო და სხვა პირი მის ქონებაში ხელშეკრულების გარეშე ან ხელშეკრულების დარღვევით იმყოფებოდა. შეცვლილი რეგულაციით, ეს ფუნქცია სასამართლომ შეითავსა და ახლა გამოსახლების კანონიერი უფლების მისაღებად, ერთადერთი გზა, სასამართლოში ჩივილია, სადაც სხვა მიმდინარე საქმეების გათვალისწინებით პროცესი ხშირად წლობით ჭიანურდება”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტები მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად, რადგან მასალის მომზადების დროს მათ არავინ დაჰკავშირებიათ და მათი მხარე არავის მოუსმენია. მისი თქმით, ჟურნალისტმა საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რადგან კართან მივიდა მაშინ, როცა ოჯახი არ იმყოფებოდა ადგილზე, არ შეეცადა ტელეფონზე დაკავშირებას. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტი ვალდებულია რომ გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა გავიდეს კონტაქტზე მეორე მხარესთან და მიიღოს და დააზუსტოს ინფორმაცია მასთან.
ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არ გააშუქა სრული ინფორმაცია; არ გაეცნო ქირავნობის ხელშეკრულებას, არ გაესაუბრა მაკლერს და სხვა დეტალები არ გადაამოწმა/დააზუსტა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ წამყვანის ტექსტიც არ მიესადაგებოდა მათ მდგომარეობას, ამიტომ შეცდომაში შემყვანი იყო.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, სიუჟეტში ჩანდა კორპუსი, მეზობლები და სხვა დეტალები, რაც, მისი თქმით, არღვევდა მათ უფლებებს და მათთვის დამაზიანებელი იყო.
განმცხადებელმა განმარტა ისიც, რომ სახლის დაქირავების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ბინაში დახვდა განსხვავებული პირობები იმისგან, რაც ხელშეკრულებაში იყო მოცემული, ეს ნაწილი კი ჟურნალისტმა არ გააშუქა და აუდიტორიას აღნიშნულზე ინფორმაცია არ მიაწოდა.
საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად. საბჭო განიხილავს ჟურნალისტურ პროდუქტს და არ შედის გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებში, რომელიც უშუალოდ კავშირში არ არის ჟურნალისტურ მასალასთან.
გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის საკმარისი მცდელობა, რომ შეეცადა დამქირავებლის კომენტარის მოპოვებას. მართალია მასალაში ჩანს, როგორ აკაკუნებს კარზე ჟურნალისტი, თუმცა მაყურებლისთვის გაურკვეველია სხვა მცდელობები ჰქონდა თუ არა მას დამქირავებელთან დასაკავშირებლად. საბჭო კი ამ მცდელობას არასაკმარისად მიიჩნევს.
როდესაც მასალაში ბრალდება არის გამოთქმული, აუცილებელია, ჟურნალისტმა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და აუდიტორიისთვის სრული სურათის მისაწოდებლად.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.
ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ მართალია ჟურნალისტი არ ასახელებს დამქირავებლის ვინაობას [სახელი და გვარი], თუმცა მისი ირიბად იდენტიფიცირება შესაძლებელია, რადგან სიუჟეტში ჩანს საცხოვრებელი სახლი, გარემო, მეზობლები და სხვა დეტალები.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მარიამ ბერძენიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა ვერ დაინახა წამყვანის ნაწილში, რადგან იგი საუბრობს ზოგად პრობლემაზე - ქირის გადაუხდელობა და დამქირავებლის უარი საცხოვრებელი ფართის დატოვებაზე, იხილავს მოქმედ კანონმდებლობას და აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივას. წამყვანი არ განიხილავს კონკრეტულ გარემოებებს, რასაც სიუჟეტში ჟურნალისტი ეხება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვან ნიკა მუკბანიანს ქარტიის პირველი პრინციპი არ დაურღვევია.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ გაშუქებული ინფორმაცია დისკრიმინაციული იყო. მისი თქმით, ჟურნალისტის მიზანი იყო დამქირავებლის და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაცია, რეპუტაციის შელახვა; მისმა მასალამ კი საზოგადოებაში დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დათესა სიძულვილი, რასაც, მისი თქმით, შეიძლება ფატალური შედეგები გამოეწვია. ამასთან, განმცხადებელი მიუთითებდა ქონებრივი ნიშნით განმცხადებლის დისკრიმინაციაზე.
ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.
საბჭომ ამ შემთხვევაში ვერ დაინახა კონკრეტული ნიშანი, რომლის მიხედვითაც პირის დისკრიმინაცია მოხდა. , შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯეს.
მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან მედიასაშუალებაში კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მარიამ ბერძენიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- მარიამ ბერძენიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.
- ნიკა მუკბანიანს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.