გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ააიპ საზოგადოება ბილიკი შოთიკო სადაღაშვილის, გიორგი დვალიშვილის და TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
16.06.2024

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;
განმცხადებელი : ააიპ საზოგადოება ბილიკი;
მოპასუხე : შოთიკო სადაღაშვილი, გიორგი დვალიშვილი, TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

16 თებერვალი,  2024 წელი

საქმე N – 718, 719, 720

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „საზოგადოება ბილიკმა”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 31 ოქტომბერს „TV მონიტორინგის” ეთერში გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპები; ამასთან განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 5 ნოემბერს „TV პირველის” ეთერში გასულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპები, ამავე თარიღში გასულ მეორე მასალაში კი დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ “TV მონიტორინგის” ჟურნალისტი, შოთიკო სადაღაშვილი და TV პირველის ჟურნალისტი, გიორგი დვალიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ერთ-ერთ ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის ვერც მედიასაშუალების წარმომადგენლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე შოთიკო სადაღაშვილი, ხოლო „TV პირველის” ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ საბა წიწიკაშვილს. მან განაცხადა თვითაცილება, ვინაიდან აქვს შრომითი ურთიერთობა ერთ-ერთ მოპასუხე ჟურნალისტთან.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

„TV მონიტორინგის” სადავო მასალის სათაურია - „სავარაუდო ძალადობა ბავშვთა სახლში”.

მასალის მიხედვით, შიდა ქართლის საოჯახო სახლში სავარაუდო ძალადოფის ფაქტი დაფიქსირდა, ბენეფიციარები უმძიმეს პირობებზე ლაპარაკობენ.

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

„ჩანაწერი, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებს ეხებათ მძიმე მოსასმენია. არასრულწლოვნები დაწესებულების თანამშრომლების ნაწილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელენ. ჩვენს მიერ მოპოვებულ ფაილში კარგად არის აღწერილი სავარაუდო დანაშაული, რომელსაც ადგილი ამ დაწესებულებაში აქვს.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა სხვაგან გადაყვანაზე, საკვებზე შეზღუდვა და დამამცირებელი მოპყრობა აქ ერთადერთი პრობლემა არ არის. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი სამოსი და გადაადგილება დახეული ფეხსაცმლით უწევთ. არადა დაწესებულებაში, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს იფარებს, ვალდებულია მათი ინტერესები გაითვალისწინონ და ღირსეული ცხოვრებისთვის ყველა პირობა შეუქმნან. ამაზე პასუხისმგებელი კი, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელობა, ისე ჯანდაცვის სამინისტროა".

„TV პირველის” სადავო მასალებშიც ანალოგიური თემაა გაშუქებული.

მასალში ჟურნალისტი ამბობს:

„თავში ხელის წამორტყმა, ყურის აწევა და დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა - გორში ერთ-ერთი თავშესაფრის ბენეფიციარები თანამშრომლებს ძალადობაში ამხელენ…

მძიმე ბრალდებების მიუხედავად 20-მდე ბენეფიციარი ამ დრომდე თავშესაფარში რჩება. ფარული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და არასრულწლოვნები გამოკითხა. მის შემდეგ კამერებთან ბენეფიციარებმა რიტორიკა შეცვალეს და არასრულწლოვნები ამტკიცებენ, რომ მათზე არცერთ პედაგოგს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განუხორციელებია”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში საუბრობდნენ ისეთ ფაქტებზე, რაც დადასტურებული არ არის და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

განმცხადებელი ამბობდა, რომ შოთა სადაღაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ ერთ აუდიო ჩანაწერს, თუმცა იგი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა ძალადობაზე. მისი თქმით, ჟურნალისტი აუდიოჩანაწერს დასკვნებს უკეთებდა და მცირე საოჯახო სახლში „არსებულ უმძიმეს პირობებზე" საუბრობდა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტს აქვს ვალდებულება მის მიერ მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მითუმეტეს როცა საქმე ეხება ბავშვებს და მძიმე ბრალდებებს, მინიმუმ ორი ან სამი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდეს, ხოლო თუ ვერ ხდება ოფიციალური ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებაც უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული.

მოპასუხე ჟურნალისტმა შოთა სადაღაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები და ყველა ღონე იხმარა, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია. მისი თქმით, სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, შემდეგ ინფორმაცია რამდენიმე ბავშვთან გადაამოწმა, რომლებმაც აღნიშნული დაუდასტურეს; ამასთან, მას ინფორმაციის გადამოწმების მცდელობები ჰქონდა ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთან, პრესსამსახურთან და საოჯახო სახლთან.

განმცხადებელი „TV პირველის" მასალაში პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევდა ჟურნალისტის მტკიცებით ფორმაში „უმძიმეს" დანაშაულსა და „ბავშვთა გაუსაძლის მდგომარეობაზე" საუბარს და მძიმე ვიზუალური მასალის გამოყენებას, რამაც, მისი თქმით, მაყურებელი/მსმენელი შეიყვანა შეცდომაში და გაუჩინა შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ფაქტები ნამდვილად ხდება მცირე საოჯახო სახლში; კერძოდ, სიუჟეტში გამოყენებული იყო ბავშვებზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ყოველგვარი მითითების გარეშე, რომ ეს კადრები არის რეკოსნტრუქცია და არა ამ კონკრეტული ფაქტის ამსახველი. ამასთან, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ საოჯახო სახში არა 20, არამედ 6 ბენეფიციარია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო გაეცნო შოთა სადაღაშვილის მცდელობებს, პრესსამსახურთან კომუნიკაციისა და სხვა მცდელობებს ინფორმაციის მოპოვებისა თუ გადამოწმების. საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მცდელობები არ იყო საკმარისი, რათა ჟურნალისტს დადასტურებულად ეთქვა - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა სხვაგან გადაყვანაზე, საკვებზე შეზღუდვა და დამამცირებელი მოპყრობა აქ ერთადერთი პრობლემა არ არის. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი სამოსი და გადაადგილება დახეული ფეხსაცმლით უწევთ. არადა დაწესებულებაში, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს იფარებს, ვალდებულია მათი ინტერესები გაითვალისწინონ და ღირსეული ცხოვრებისთვის ყველა პირობა შეუქმნან. ამაზე პასუხისმგებელი კი, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელობა, ისე ჯანდაცვის სამინისტროა".

ჟურნალისტმა ეს ფრაზა მტკიცებით ფორმაში გადასცა, თუმცა არ ჰქონდა ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მართალია, ჰქონდა ჩანაწერი, სადაც ბავშვები სავარაუდო ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ჟურნალისტს არ მიუმართავს ყველა შესაძლო ვარიანტისთვის, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მხარე - თავშესაფრის ხელმძღვანელობა არ ადასტურებდა ამ ინფორმაციას. სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი ეკითხება თავშესაფრის წარმომადგენლებს საკვებისა და ტანსაცმლის შესახებ, რაზეც წარმომადგენელი პასუხობს, რომ მოზარდებს აქვთ დაბალანსებული საკვები, მათ შორის ხორცი, თევზი და ა.შ. ასევე ამბობს, რომ ტანსაცმელს ყიდულობენ ხშირად, ბავშვების საჭიროებისამებრ. რადგან მეორე მხარემ უარყო ჩანაწერში გაჟღებელი ინფორმაცია, ჟურნალისტს სხვა დამატებითი ძალისხმევა არ გაუწევია მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შესაძლებლობას მისცემდა მტკიცებით ფორმაში ეთქვა ჩანაწერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ. ჟურნალისტს შეეძლო თავშესაფრის ხელმძღვანელობისაგან, ორგანიზაცია „ბილიკისაგან", გამოეთხოვა დოკუმენტები საკვებისა და ტანსაცმლის შესყიდვის შესახებ.

საბჭო პირველ პრინციპს დარღვეულად „TV პირველის” მასალაშიც ანალოგიური არგუმენტაციით მიიჩნევს.

დამატებით, „TV პირველის” ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, „ფარული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და არასრულწლოვნები გამოკითხა. ამის შემდეგ კამერებთან ბენეფიციარებმა რიტორიკა შეცვალეს და არასრულწლოვნები ამტკიცებენ, რომ მათზე არცერთ პედაგოგს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განუხორციელებია”. ამას კი, სავარაუდოდ, სხვა ბავშვების [გოგოების] კომენტარი მოჰყვება. „TV მონიტორინგის” ფარულ ჩანაწერში კი სავარაუდო ძალადობაზე, სავარაუდოდ სხვა ბავშვები [ბიჭები] საუბრობენ; შესაბამისად, აღნიშნული ფრაზა აუდიტორიის შეცდომაში შემყვანია. მასალას აკლია ჟურნალისტის მხრიდან ფაქტების გადამოწმების მცდელობები.

საბჭოს რეკომენდაციით, ბავშვთა სავარაუდო ძალადობაზე მუშაობისას ჟურნალისტი უნდა მოერიდოს მძიმე ემოციური კადრების გამოყენებას.

ასევე, ქარტია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მიუთითებს, რომ თუ მასალაში ჟურნალისტი იყენებს რეკონსტრუქციას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, სად იწყება და მთავრდება იგი. სადავო სიუჟეტში ეს განმარტებაც არ ჩანდა და არც ტექსტის სახით იყო მითითებული. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი კადრების გამოყენება მითითებითაც დამაზიანებელი იქნებოდა.

მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

განმცხადებლის პოზიციით, მასალებში არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესი გათვალისწინებული. მისი თქმით, ჟურნალისტური პროდუქტის ეთერში გასვლის შემდეგ გართულდა ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ნერვიული შეტევა დაემართა, რის გამოც მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორჯერ გამოძახების საჭიროება. განმცხადებლის თქმით, ბავშვების გაღიზიანება გაშუქებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.

შოთა სადაღაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია ბავშვების საუკეთესო ინტერესი. რაც შეეხება, საოჯახო სახლში შეშვების საკითხს, ჟურნალისტმა თქვა, რომ იგი არ შეჭრილა ტერიტორიაზე და თავად შეუშვეს, რითაც არაფერი დაურღვევია.

არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე.

აღსანიშნავია, რომ შოთა სადაღაშვილის მომზადებულ მასალაში ბავშვების/ადგილის იდენტიფიცირება არ ხდება. ჟურნალისტი ასახელებს „შიდა ქართლის ერთ-ერთ მცირე საოჯახო სახლს", რაც არ მიანიშნებს აღნიშნულ საოჯახო სახლზე; ბავშვები არიან დაფარული/დაბლარული.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შოთა სადაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მერვე პრინციპი.

„TV პირველის" მასალებში დასახელებულია, რომ შემთხვევა გორში მოხდა, რაც მარტივად ახდენს საოჯახო სახლის იდენტიფიცირებას, რადგან გორში ასეთი ტიპის დაწესებულება ერთია. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი დვალიშვილმა და „TV პირველის” არაიდენტიფიცირებულმა დაარღვიეს ქარტიის მერვე პრინციპი.

ქარტიის მიერ შემუშავებულ „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში“ ნათქვამია:

        ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

        პირდაპირი იდენტიფიცირება - ბავშვი თავად ჩანს, ირიბი იდენტიფიცირება - ბავშვის ამოცნობა შესაძლებელია სხვა დეტალებით (მშობლების, სამეზობლოს, მისამართის ჩვენებით).

        ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი უნდა მოერიდოს მძიმე ემოციური კადრების ჩვენებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. შოთიკო სადაღაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. შოთიკო სადაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-8 პრინციპი.
  3. „TV პირველის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.
  4. გიორგი დვალიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.