დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : შპს „ენ პროდუქტი”;
მოპასუხე : ნუცა ბახუტაშვილი, დავით ქაშიაშვილი და თამარ ბაღაშვილი;
30 მარტი, 2024 წელი
საქმე N – 727
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია
ღოღობერიძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ენ პროდუქტმა”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 10 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „შაბათის ფორმულაში” გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრნენ მასალის ავტორი, ნუცა ბახუტაშვილი და გადაცემის წამყვანები, დავით ქაშიაშვილი და თამარ ბაღაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
გადაცემის წამყვანი, თამარ ბაღაშვილი სიუჟეტის შესავალში ამბობს:
„სტაფილოკოკი, მძიმე მეტალები და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ბაქტერიები. საგანგაშო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შიდა ქართლის ბაგა ბაღებში ბავშვებს სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებს აჭმევდნენ. სტაფილოკოკის ბაქტერია ყველში, მძიმე მეტალები არაჟანსა და კარაქში. ყველა საეჭვო ბაქტერია, რაც ბაგა ბაღების კვების რაციონში იქნა აღმოჩენილი, სიცოცხლისთვის სახიფათოა და ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. როგორ აღმოჩნდა ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ბაქტერიები - ეს შეკითხვა შაბათის ფორმულამ გორის სკოლამდელ აღსაზრდელთა სააგენტოს ხელმძღვანელს დაუსვა“.
გადაცემის წამყვანი, დავით ქაშიაშვილი სიუჟეტის შესავალში ამბობს:
„სააგენტოში თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ვცრუობთ, მოგვიანებით კი მოუწიათ დადასტურება, რომ საკვები ნამდვილად დაბინძურებული იყო. ერთადერთი და სავარაუდო მიზეზი, როგორ მოხვდა ბაღებში უვარგისი საკვები, უყურადღებობა და გულგრილობაა. ვიდრე ბაღებში რძეს, ყველსა და კარაქს შეიტანდნენ, უკვე არსებობდა დასკვნა, რომ ისინი მძიმე მეტალებითა და ბაქტერიებით იყო დაბინძურებული“.
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:
● „სტაფილოკოკი, კადმიუმი, ტყვია, მძიმე მეტალები და ბაქტერიები გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მომმარაგებელი კომპანიის რძის პროდუქტებში აღმოჩნდა. რძის ნაწარმი აღსაზრდელების ყოველდღიური რაციონის ნაწილია, თუმცა, მშობლებმა და ბაღის დირექტორებმა ინფორმაცია პროდუქტების მძიმე შემცველობის შესახებ პირველად შაბათის ფორმულასაგან გაიგეს“.
● „არაერთ სკანდალში გახვეულმა ბაღების გაერთიანებამ გამარჯვება „ენ პროდუქტს“ საეჭვო ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მიანიჭა“.
● „კომპანია, რომელიც გორის ბაღებს რძის პროდუქტებით ამარაგებს, თბილისში ფიქტიურ მისამართზეა რეგისტრირებული. „ენ პროდუქტის" წარმომადგენლები პროდუქტის ვარგისიანობაშიდარწმუნებულნი არიან და ექსპერტიზის კვლევის შედეგებს ეყრდნობიან“.
● „სანამ გორის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილებებს ბაღებში კვების საკითხთან დაკავშირებით ბრმად იღებენ, ათასობით აღსაზრელი საშიში შემცველობის პროდუქტით იკვებება. რა ბედი ელის ბავშვების ჯანმრთელობას ჯერ კიდევ გაურკვეველია“.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანეს.
განმცხადებელმა განმარტა, რომ სინამდვილეში სტაფილოკოკი, მძიმე მეტალები და სიცოცხლისათვის საშიში სხვა ბაქტერიები გვხვდება ყველა ნატურალურ პროდუქტში, მთავარია ისინი არ იყოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს მიღმა; დასკვნაში კი წერია, რომ პროდუქტი „აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს“.
განმცხადებლის პოზიციით, წამყვანებმა სიუჟეტის შესავალში არასწორი ფაქტები გააჟღერეს, თითქოს „დასკვნა საგანგაშოა", „სააგენტოს მოუწია დადასტურება, რომ საკვები ნამდვილად დაბინძურებული იყო“ და ისინი არ ახსენებდნენ კანონით დადგენილ ნორმატივებს და მიმწოდებელი კომპანიის პოზიციას.
განმცხადებლის თქმით, სიუჟეტის ავტორმაც არ გააშუქა, რომ პროდუქტებში მავნე ნივთიერებების რეალური შემცველობა იყო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებში. მისი აზრით, არასრული ინფორმაციის მიწოდებამ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტი ექსპერტიზის დასკვნას საეჭვოს უწოდებს, თუმცა ვერ წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რატომ არის იგი საეჭვო. განმცხადებლის თქმით, არასწორია ისიც, როცა წამყვანი კომპანიის ბიზნეს საქმიანობას ფიქტიურად წარმოაჩენს. ის განმარტავს, რომ კომპანიის იურიდიულ მისამართად გამოყენებულია კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის 2017 წელს რეგისტრაციის მისამართი და კომპანიას არ ევალება იურიდიულ მისამართზე ჰქონდეს საწარმო, შესაბამისად, ესეც მაყურებლის შეცდომაში შემყვანია.
საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.
საბჭო გაეცნო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დამატებით დოკუმენტაციას, სადაც თითოეული პროდუქტია შემოწმებული და დასკვნაში მოცემულია, რომ „ანალიზის შედეგად შემოწმებული ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს: სახელმწიფო სტანდარტისა და საქართველოს სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს".
მასალაში წამყვანები და ჟურნალისტი მიუთითებენ, რომ „საკვები დაბინძურებული იყო”, „დასკვნა საგანგაშოა”, „მშობლებმა და ბაღის დირექტორებმა ინფორმაცია პროდუქტების მძიმე შემცველობის შესახებ პირველად შაბათის ფორმულასაგან გაიგეს“, „ათასობით აღსაზრელი საშიში შემცველობის პროდუქტით იკვებება. რა ბედი ელის ბავშვების ჯანმრთელობას ჯერ კიდევ გაურკვეველია“.
აღნიშნულის დასადასტურებლად ჟურნალისტი შპს „ექსპერტიზა +”-ის დასკვნას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, პროდუქტები პარამეტრებს აკმაყოფილებს, მათ შემცველობაში არის სხვადასხვა ნივთიერება, თუმცა შემოწმების მიხედვით, „საგანგაშო” არ არის. მასალაში არ ჩანს არსებითად მნიშვნელოვანი დეტალი და გავრცელებულ ინფორმაციას მაყურებელი შეჰყავს შეცდომაში. Შესაბამისად, აუდიტორიისათვის ექსპერტიზის დასკვნის არა სრული შინაარსის, არამედ მხოლოდ ნაწილის მიწოდებით, ჟურნალისტმა მიჩქმალა მნიშვნელოვანი გარემოება. შედეგად, აუდიტორიამ ვერ მიიღო სრული და ზუსტი ინფორმაცია. შესაბამისად, საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა მიმართა ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს. ტელეკომპანია „ფორმულას” თვითრეგულირების ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 2024 წლის 13 მარტით არის დათარიღებული.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია:
„არ დადგინდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 54-ე მუხლების დარღვევა და არ დაკმაყოფილდეს საჩივრის ავტორის მოთხოვნები ინფორმაციის შესწორებასთანდაკავშირებით".
შესაბამისად, ტელეკომპანია „ფორმულას" აღნიშნული მასალა არ შეუსწორებია. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებლების თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რადგან ფლობდა სწორ ინფორმაციას, თუმცა მაინც არასწორად გააკეთა მისი ფორმულირება. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტს ესაუბრა მათი წარმომდგენელი, რომელმაც სატელეფონო საუბარისას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანების No301/ნზე - სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ, რომელიც ადგენს დასაშვებ მინიამლურ ზღვარს და განუმარტა, რომ ეს ზღვარი დაცული იყო. თუმცა, განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა მაინც გადაჭრით დაიწყეს მტკიცება, რომ პროდუქციაში აღმოჩნდა მავნე ნივთიერებები, თან იმ ფორმულირებით, რომ ამით ბავშვები იწამლებიან.
მეთერთმეტე პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა, როცა ობიექტური გარემოებები იძლევიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა.
სადავო მასალებში ჩანს, რომ ჟურნალისტს აქვს წვდომა ექსპერტიზის დასკვნაზე, შესაბამისად, აღნიშნული საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ დოკუმენტი, იცოდნენ რა იყო სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს და სხვა ინტერპრეტაცია მისცეს ფაქტებს.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნუცა ბახუტაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა და თამარ ბაღაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.