გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი იზა მათითაიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ
16.12.2024

განმცხადებელი : იზა მათითაიშვილი;
მოპასუხე : ირაკლი ბახტაძე, თეა ვაშალომიძე, რისმაგ ხოზრევანიძე, მიშა იაშვილი და “მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

22 სექტემბერი,  2024 წელი

 

 

საქმე N-758, 759, 760

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები:  ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა იზა მათითაიშვილმა. მისი განმარტებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტებმა მის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი იზა მათითაიშვილი და მისი წარმომადგენელი მაია უსტარაშვილი.

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სადავო მასალა:

 

მთავარმა არხმა” იზა მათითაიშვილის შესახებ ჯამში სამი მასალა მოამზადა. სამივე მასალა ეხებოდა იზა მათითაიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. მასალების მიხედვით, მერის წარმომადგენელი მის სოფელში, სოფელ აცანაში, სახელმწიფო პროგრამით დასაქმებულ ადამიანებს საკუთარ სახლში ამუშავებდა, შანტაჟით აიძულებდა საცხოვრებელი სახლის დასუფთავებას. ასევე, სიუჟეტების მიხედვით, მერის წარმომადგენელმა ადგილობრივი მცხოვრები, თბილისში გამართულ “ქართული ოცნების” ორგანიზებულ აქციაზე იძულებით წაიყვანა.

განმცხადებელმა მასალებში სხვადასხვა ფრაზები გახადა საადავო:

 

  1. სადავო მასალა 1 - “სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 27 ივლისი 18:00 სთ.-იანი “მთავარი”

 

სადავო ფრაზები:

 

“რაც შეეხება თავად მომხდარ ფაქტს, ადგილობრივები, რომლებსაც სოციალური სტატუსი აქვთ და სახელმწიფომ ისინი სხვადასხვა საჯარო სამსახურში დაასაქმა, ერთ-ერთი მოქალაქე ჩვენთან საუბარში ყვება, რომ ის არის დასაქმებული სოფლის სასაფლაოს დამლაგებლად და სწორედ ამ მოქალაქეს სოფლის რწმუნებული იზა მათითაიშვილი აიძულებს საცხოვრებელი სახლის დალაგებას, საკარმიდამო ტერიტორიების დალაგებას და საცხოვრებელი სახლის დასუფთავებას”;

 

“ეს არის ის ფაქტი, რაზეც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ყვება.”

 

 

  1. სადავო მასალა 2 - “სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 28 ივლისი 12:00 სთ.-იანი “მთავარი”

 

სადავო ფრაზები:

 

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აცანას რწმუნებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა”;

 

“იზა მათითაიშვილის გადაყენების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერს მიმართეს”;

 

“საუბარია შანტაჟსა და იძულებაზე, რომელსაც ადგილობრივების მიმართ სოფლის რწმუნებული ახორციელებდა. კერძოდ, იზა მათითაიშვილი საკუთარი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და სახლის დალაგებას შანტაჟის გზით აიძულებდა, უარის შემთხვევაში კი, სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა”;

 

“დღეს უკვე ამავე სოფლის სხვა ადგილობრივებმაც ღიად დაიწყეს საუბარი და ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე ადგილობრივი, რომელიც პირდაპირ სოფლის სახელმწიფო რწმუნებულს ადანაშაულებს სამსახურებრივ გულგრილობაში”;

 

“ჩვენი ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერსაც აქვს ინფორმაცია. 54 ადამიანის განცხადება არის მერიაში შესული იმის თაობაზე, რომ იზა მათითაიშვილმა დატოვოს აღნიშნული თანამდებობა.”

 

 

  1. სადავო მასალა 3 - “სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 6 აგვისტო 21:00 სთ.-იანი “მთავარი”.

 

სადავო ფრაზები:

 

“როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდო იძულებითი შრომა არ არის ერთადერთი დანაშაული, რასაც იზა მათითაიშვილი სჩადის.”

 

პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით სამივე სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

სამივე სადავო სიუჟეტის მთავარი რესპონდენტი ადგილობრივი მცხოვრები ნათია ბერიძეა, რომელიც, როგორც სოციალურად დაუცველი, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასაფლაოს დამლაგებლად არის დასაქმებული.


მხოლოდ მის მონათხრობზე დაყრდნობით, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ადანაშაულებს განმცხადებელს შანტაჟში, იძულებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ჟურნალისტი სადავო მასალაში ინფორმაციას, რომელსაც გადმოსცემს, აფასებს, როგორც ფაქტს, კერძოდ: რაც შეეხება თავად მომხდარ ფაქტს”; “ეს არის ის ფაქტი, რაზეც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ყვება”.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, იმისათვის, რომ ამბავი ფაქტად შეფასდეს, აუცილებელია ის, სულ მცირე, ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროს ეყრდნობოდეს, მით უფრო მაშინ, როცა განმცხადებლის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც  ითვალისწინებს. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, ამგვარი ბრალდების შემთხვევაში, ჟურნალისტის მიერ მოძიებული მტკიცებულებები მაქსიმალურად გადამოწმებული და დაზუსტებული უნდა იყოს.

სადავო სიუჟეტში  მტკიცებით ფორმაში გადმოცემული ამბავი მეტ დაზუსტებას საჭიროებდა. ჟურნალისტის ტექსტი და მთავარი რესპოდენტის მონათხრობი სიუჟეტშივე არ არის თანხვედრაში.

 

ჟურნალისტი ტექსტში ამბობს, რომ იზა მათითაიშვილი დასაქმებულებს მისი სახლისა და კარ-მიდამოს დალაგებას აიძულებს.


რესპოდენტი კი ჰყვება, რომ მათითაიშვილის ძმის ეზო დაალაგა და ჩაი მოკრიფა.
შესაძლოა, ეს უზუსტობა უმნიშვნელოა მერის წარმომადგენლის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა ჟურნალისტური სტანდარტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა რესპოდენტის მონათხრობა აღწეროს ზუსტად და ამბავი არ შეცვალოს, დაამძიმოს ან შეამსუბუქოს.

პირველივე მასალაში იზა მათითაიშვილი სატელეფონო კომენტარში კატეგორიულად უარყოფს ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტს ამბის დასაზუსტებლად მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა.

 

მეორე სიუჟეტში, რომელიც ეთერში პირველი სიუჟეტის მომდევნო დღეს გავიდა, ჟურნალისტები კვლავ მტკიცებით ფორმაში ჰყვებიან, რომ მათითაიშვილი თანასოფლელს საოჯახო საქმეებს იძულებით და შანტაჟით აკეთებინებდა.
მეორე მასალაში წამყვანი ამბობს, რომ მათითაიშვილის მხრიდან “სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა”. წამყვანის ტექსტის მიხედვით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში “მათითაიშვილი მათ სოციალური შემწეობის მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა”.
მეორე სიუჟეტშიც მათითაიშვილის მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე კვლავ მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი
.


მეორე სიუჟეტში, ისევ მხოლოდ რესპოდენტების მონათხრობით, მათითაიშვილი დადანაშაულებულია იძულებაში, კორუფციაში, თანასოფლელების შეურაცხყოფაში.

მეორე სიუჟეტში მონაწილე ორი რესპოდენტი, რომელებიც, ჟურნალისტის თქმით, პირველი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ალაპარაკდნენ, სინამდვილეში პირველი სიუჟეტის მთავარი გმირის, მამხილებლის, ოჯახის წევრები - ქმარი და შვილი - არიან. მათი, როგორც ამბის გახმაურების შემდეგ გამოჩენილ დაზარალებულებად წარმოჩენა, არაზუსტია. სიუჟეტებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ რესპოდენტების შესახებ ჟურნალისტმა წინა დღით, პირველი სიუჟეტის მომზადების დროსაც იცოდა.


სიუჟეტის დანარჩენი რესპოდენტები არიან ოპოზიციური პარტიების - “ნაციონალური მოძრაობის” და “კოალიცია ცვლილებისთვის” - ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებებს გამოთქვამენ მათითაიშვილის მისამართით, თუმცა მათი ბრალდებები არ არის რაიმე მტკიცებულებით გამყარებული.


მეორე სიუჟეტში  ჟურნალისტი ამბობს, რომ იზა მათითაიშვილის სამსახურიდან გადაყენების მოთხოვნით “54 ადამიანის განცხადება არის მერიაში შესული”. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულება, ლანჩხუთის მერიის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მერიაში მათითაიშვილის წინააღმდეგ ერთადერთი განცხადებაა შესული, რომლის ავტორი სიუჟეტის მთავარი რესპონდენტი ნათია ბერიძეა.


აღნიშნული ადასტურებს, რომ ჟურნალისტმა 54 განმცხადებლის დასახელებისას ინფორმაცია არ გადაამოწმა, სიუჟეტში არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა, თუნდაც მიმართვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის.

 

მესამე სიუჟეტში იდენტური ბრალდებებია გაჟღერებული, ჟურნალისტი რესპოდენტების მონათხრობს კვლავ ფაქტებად წარმოაჩენს.

სიუჟეტში კვლავ ისმის ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლების დაუსაბუთებელი ბრალდებები იზა მათითაიშვილის მისამართით.

 

საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტებში ინფორმაცია არ არის ამომწურავად გადმოცემული, რაც ამბის და პრობლემის მთლიანი სურათის აღქმას აძნელებს. ჟურნალისტმა არ გასწია სათანადო ძალისხმევა თემის ამომწურავად გაშუქებისთვის, არ გამოჰკითხა და აჩვენა სოფელში მცხოვრები სხვა სოციალურად დაუცველები, რათა აუდიტორიას გაეგო, მათაც ხომ არ ჰქონდათ ანალოგიური პრობლემა. მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების მონათხრობზე დაყრდნობით გააჟღერა მძიმე ბრალდებები, რომლებიც სათანადოდ გადამოწმებული არ იყო.

 

აუდიტორიას მასალები ბევრ უპასუხო კითხვას უჩენდა და დაუზუსტებელ ბრალდებებს სთავაზობდა, რაც, საბჭოს მოსაზრებით, სიზუსტის უპატივცემულობა და ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

მესამე პრინციპი.

 

“ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.”

 

ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო მასალებში ქარტიის მესამე პრინციპი არ დარღვეულა.

 

საბჭოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დარღვეულია მაშინ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება. წყარო დადასტურებულია იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო, თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.

 

ვინაიდან სადავო მასალებს ჰყავს წყარო, თანაც იდენტიფიცირებული, რომლებიც სიუჟეტებშიც არიან წარმოდგენილნი, აღნიშნულ პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს.

 

ამდენად, საბჭოს პოზიციით, ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.

 

ქარტიის სამდივნომ, იზა მათითაიშვილის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მათ ვალდებულებას, არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინათ, რაც არ მომხდარა.

 

ამასთან, 6 აგვისტოს გასულ მესამე სადავო სიუჟეტში განმცხადებელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ მას სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი. ჟურნალისტიც აღნიშნავს, რომ იზა მათითაიშვილმა მათ უთხრა “მთავარი არხის” წინააღმდეგ დავის სასამართლოში დაწყების თაობაზე. ეს სარწმუნოდ ხდის იმას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო იზა მათითაიშვილის პრეტენზიები სიუჟეტებთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სადავო მასალები  დღემდე პირვანდელი სახით ხელმისაწვდომია “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე  და მათ არ აქვთ არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

მეთერთმეტე პრინციპი.

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებიდან პირველში არ დარღვეულა ქარტიის მე-11 პრინციპი, ხოლო მეორე და მესამე სიუჟეტებში დადგინდა აღნიშნული პრინციპის დარღვევა.

 

ქარტიის საბჭოს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის მაღალი სტანდარტი აქვს.
საბჭოს უნდა შეეფასებინა, პირველ პრინციპთან მიმართებაში დადგენილი დარღვევები ჟურნალისტმა განზრახ ჩაიდინა თუ არა, რადგანაც მე-11 პრინციპის დარღვევა განზრახი “დანაშაულია” და საბჭო ყოველთვის ეძებს მოტივს და ამ მოტივის დასაბუთებას.


ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

საბჭო შეთანმხდა, რომ იზა მათითაიშვილის მიმართ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ჰქონდა განგრძობითი, კამპანიური ხასიათი.


“მთავარი არხის” ჟურნალისტებმა, ამ ამბის გაშუქებისას პირველ სიუჟეტში მოთხრობილი დაუზუსტებელი ამბავი, მეორე და მესამე სიუჟეტში კვლავ სათანადო გადამოწმების გარეშე გაავრცელეს, რასაც საბჭო მიიჩნევს ჟურნალისტების მხრიდან არაზუსტი ინფორმაციის განგრძობითად გავრცელებად.


მესამე სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, რომ იზა მათითაიშვილი მათ სასამართლოში უჩიოდა, სადავოდ ხდიდა მათ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, გადამოწმების ნაცვლად, ჟურნალისტები მესამე სიუჟეტში, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, კვლავ ავრცელებდნენ არაზუსტ ინფორმაციას.

ეთიკური პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, აუდიტორიის პატივისცემის მიზნით, მაქსიმალურად გადაამოწმოს ფაქტები, მით უფრო მაშინ, როცა მისთვის ცნობილი ხდება, რომ მის მიერ მომზადებულ მასალებში გავრცელებული ინფორმაცია სადავოდ არის გამხდარი.

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტის მხრიდან მეორე და მესამე სიუჟეტებში ფაქტების დამატებით არ გადამოწმება, დამატებითი რესპოდენტების არ მოძიება, დამატებითი ინფორმაციის არ გამოთხოვა, ინფორმაციის მოპოვების მცდელობის სიუჟეტში არ ასახვა საბჭოს მიაჩნია ჟურნალისტის განზრახვად, კვლავ გაევრცელებინა ინფორმაცია სათანადო გადამოწმების გარეშე. საბჭო მიიჩნევს, რომ ამგვარი უმოქმედობაც ჟურნალისტის განზრახულობაზე მიანიშნებს და ესეც მე-11 პრინციპის დარღვევაა.

 

სიუჟეტებში ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლების კომენტარების გამოყენება, ისეთი კომენტარების, რომლებიც იზა მათითაიშვილის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე ფაქტობრივ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას ემსახურებოდა, საბჭოს მიაჩნია ჟურნალისტის განზრახვად, ხელისუფლების წარმომადგენელი სათანადოდ გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მეშვეობით, ეკრიტიკებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე და მესამე სიუჟეტებში ქარტიამ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა, ხოლო პირველში - არა.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამივე სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები, მე-11 პრინციპის დარღვევა დადგინდა მხოლოდ მეორე და მესამე სიუჟეტებში, ხოლო პირველში - არა, მე-3 პრინციპი კი სადავო მასალებში არ დარღვეულა.

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა1

 

სადავო მასალა2

 

სადავო მასალა3

 

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტები