განმცხადებელი : “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”;
მოპასუხე : ნატალი ჯახუტაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N-766
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა”.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს ნაწილობრივ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებელი “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის”
აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა; ნათია ზოიძე და მიხეილ მირზიაშვილი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა მთავარი არხის ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა. ის ეხებოდა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მეუფე იაკობის ვიზიტს.
სადავო ფრაზები:
„მეუფე იაკობს თან ახლდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ქეთევან ჩაჩავა, ეს ორგანიზაცია, სინამდვილეში, სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ანუ ეგრეთწოდებული გონგო (GONGO) და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, არ გავრცელებულა არანაირი განცხადება”.
განმცხადებელი სადავოდ ხდის “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ე.წ. სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციად, ანუ GONGO-დ გამოცხადებას, და მიაჩნია, რომ ამით დაირღვა ქარტიის პრინციპები.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ არაზუსტად, სათანადოდ გადაუმოწმებლად მიიჩნია სიუჟეტებში გამოყენებული ფრაზა: “ეს ორგანიზაცია, სინამდვილეში, სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ანუ ეგრეთწოდებული გონგო (GONGO).”
საბჭოს წევრების პოზიციით, სიუჟეტის მთლიანი კონტექსტი მანიპულაციურია, ვინაიდან მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” არის მთავრობასთან დაკავშირებული, მათი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და, ამასთან, სწორედ ამ უკანასკნელმა დაგეგმა მეუფე იაკობის ვაშინგტონში ვიზიტი.
GONGO იშიფრება როგორც “ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ან დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო ასპარეზზე”.
საბჭო დარღვევად მიიჩნევს, რომ სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში და ფაქტად არის წარმოჩენილი “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” ე.წ. სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციად, ისე, რომ ეს არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა სულ მცირე, თავად ორგანიზაციასთან დააზუსტოს აღნიშნული ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტის მომზადების დროს ჰქონდა მიმოწერა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორთან ქეთევან ჩაჩავასთან, საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ამ ინფორმაციის დაზუსტება მას არ უცდია. საბჭოსთვის წარმოდგენილ მიმოწერაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ქეთევან ჩაჩავას სიუჟეტის ეთერში გასვლამდე დაუსვა შეკითხვა მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირის შესახებ.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გადამოწმების სტანდარტი, ის უნდა ეყრდნობოდეს სულ მცირე ორ ურთიერთდამოუკიდებელ წყაროს, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. სიუჟეტში, ჟურნალისტის ტექსტში არ ჩანს არცერთი წყარო, რომელსაც ჟურნალისტი ამ ორგანიზაციის GONGO-დ მოხსენიებისას ეყრდნობა.
საბჭოს განმცხადებელმა წარუდგინა მასსა და ჟურნალისტს შორის სიუჟეტის
გამოქვეყნებამდე წარმოებული მიმოწერა, გამომდინარე აქედან, ჟურნალისტს
ჰქონდა შესაძლებლობა, ინფორმაციის ეთერში გავრცელებამდე ის
გადაემოწმებინა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
არსებულ რეალობაში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რუსული სტილის კანონი აგენტების შესახებ და იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე უარი თქვა ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციამ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენიება სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციად - GONGO-დ, მძიმე ბრალდებაა და ჟურნალისტის მხრიდან მეტ სიფრთხილეს და გადამოწმებას საჭიროებდა. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მხრიდან ამ ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმების მცდელობა, რაც აუდიტორიის უპატივცემულობად უნდა შეფასდეს და ეწინააღმდეგება ეთიკურ პრინციპებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ინფორმაციის არაზუსტი და გადაუმოწმებელი გაშუქებით ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
- დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
- საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
- ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიას განმცხადებელმა წარმოუდგინა 5 ოქტომბერს, სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, “მთავარი არხის” თვითრეგულირების ორგანოში შეტანილი საჩივარი და, ასევე, მათთან კომუნიკაციის, სადაც ორგანიზაცია ჟურნალისტის მიერ დაშვებული უზუსტობის გამოსწორებას ითხოვს, მტკიცებულებები.
ამასთან, სიუჟეტის გასვლის შემდეგ, 5 ოქტომბერს, თავად ქეთევან ჩაჩავამაც მისწერა ჟურნალისტს და გამოხატა პრეტენზია სიუჟეტთან დაკავშირებით.
ქარტიის სამდივნომ, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაციაც შედგა.
აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ, რაც აძლევდა მათ შესაძლებლობას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია, რაც არ მომხდარა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ნატალი ჯახუტაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები.