განმცხადებელი : ნინო შველიძე;
მოპასუხე : “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
16 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე N-764
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო შველიძემ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს ნაწილობრივ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებელი ნინო შველიძე და მისი წარმომადგენელი ნიკა მაღედანი.
სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სადავო ფრაზები:
სტატიის სათაური: “დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელი, ტიმოთი ბლაუველთი, რომელმაც დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გადაიღო და გაავრცელა, მედიას ემალება და კითხვებს არ პასუხობს”;
“ “ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა”.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში განმცხადებლის ნინო შველიძის და მისი
მეუღლის ტიმოთი ბლაუველთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ არის
სათანადოდ გადამოწმებული:
1. სტატიაში მტკიცებით ფორმაშია, რომ ნინო შველიძე თავს დაესხა ქართული ოცნების დეპუტატს და მის ოჯახს, თუმცა სტატიაში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის.
2. სტატიაში მტკიცებით ფორმაში წერია, რომ თავდასხმის ვიდეო ნინო შველიძის მეუღლემ ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. ეს ინფორმაციაც არ ეყრდნობა სათანადო მტკიცებულებებს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით თავად ტიმოთი ბლაუველთმა გავრცელებულ განცხადებაში უარყო.
3. სტატიაში ნინო შველიძე მოხსენიებულია “რადიკალური ოპოზიციის
აქტივისტად” ამ შემთხვევაშიც არ არის მითითებული შესაბამისი
მტკიცებულებები.
ქარტიის საბჭომ ამავე თემაზე განიხილა იგივე განმცხადებლის განცხადება POSTV-ს ჟურნალისტის წინააღმდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭო დეტალურად აღწერს, თუ რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა ჟურნალისტს ამ თემის გაშუქებისას, რათა არ დაერღვია სიზუსტის პრინციპი და პატივი ეცა აუდიტორიის უფლებისთვის, მიიღოს ზუსტი, მაქიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
- ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
- ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
- მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. მოცემულ შემთხვევაში პირველი პრინციპის ფარგლებში დადგინდა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არაზუსტი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
მე -11 პრინციპის დადგენის ერთ-ერთ გარემოებად საბჭოს პრაქტიკით მიიჩნევა გაშუქების კამპანიურობა, როცა მედია საშუალება მცდარ ინფორმაციას განმეორებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პლატფორმებზე აშუქებს. ასე მოხდა განსახილველ საქმესთან მიმართებაშიც. ამ თემაზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა და “იმედის” ფეისბუკ გვერდზე არაერთი ქარდი გამოქვეყნდა.
5 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედის” “ქრონიკის” ეთერში აღნიშნულ თემაზე 3 სიუჟეტი გავიდა (14:11 საათზე; 17:56 საათზე; 20:29 საათზე), რომლებშიც ნინო შველიძის მიერ დეპუტატის მიმართ გამოხატული უკმაყოფილება “ლიბერალურ ფაშიზმად” არის მოხსენიებული და მას “რადიკალებად შენიღბული ე.წ რიგითი მოქალაქეების” რიგში მოიხსენიებს.
6 სექტემბერს “ქრონიკის” ეთერში ამავე თემაზე კიდევ ორი სიუჟეტი გავიდა (11:12 საათზე; 15:06 საათზე), რომლებშიც “დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს” გადაღებასა და გავრცელებაში ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელსა და ილიაუნის პროფესორს ტიმოთი ბლაუველთს ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია imedinews-მაც გაავრცელა.
ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ ქარდზე ასახულია დავით მათიკაშვილის კომენტარი: “მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა”.
“იმედმა” გაავრცელა ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ნინო შველიძის სახით (გაავრცელეს მისი ფოტო საპროტესტო აქციიდან) “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების დისკრედიტირებას.
აღნიშნული მასალების შეფასების შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ განზრახ მოხდა დაუზუსტებელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელება და ამის მოტივი იყო “იმედის”, როგორც სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.