სასამართლო პროცესის გაშუქების სახელმძღვანელო
31.07.2017
სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტს პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა და გათვალისწინებაც უწევს, რადგან  სასამართლო პროცესის გაშუქების წესები კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. წინამდებარე სახელმძღვანელო წესებიც ამ ორი კომპონენტისგან შედგება.

სამართლებრივი მხარე

სასამართლო სხდომის ღიაობა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თანახმად:

  • სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო და სისხლის საქმეთა განხილვისას სასამართლო სხდომა სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება დაიხუროს მოსამართლის ანდა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
  • სხდომის დახურვა შესაძლებელია: პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
  • პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;
  • სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;
  • პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი.
  • მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.
  • სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.



სასამართლო პროცესის ჩაწერა-გადაღება

სასამართლო პროცესის როგორც აუდიო ჩაწერა, ისე ვიდეო და ფოტო გადაღება „საერთო სასამართლოების შესახებ კანონით“ რეგულირდება.
ამ კანონის თანახმად  (მუხლი 131)

  • სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო, ვიდეოჩაწერა, რაც მხარეებისთვის ხელმისაწვდომია. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
  • თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირი, რომელიც მიიღებს სხდომის გადაღების უფლებას, ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მასალა მიაწოდოს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
  • სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან.
  • სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს.
  • თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.
  • თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.
  • ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
  • დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
  • სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს მანდატური. სასამართლო პროცესზე მოსამართლესთან კომუნიკაცია მისი მეშვეობით არის შესაძლებელი.

ჟურნალისტური სტანდარტები

ზოგადი რჩევები

  • კარგად განსაზღვრეთ, რატომ აშუქებთ კონკრეტულ სასამართლო პროცესს? არსებობს თუ არა მის მიმართ საჯარო ინტერესი?
  • შეამოწმეთ სასამართლოს კალენდარი იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია ჩანიშნული სხდომების შესახებ.
  • ადრე გამოცხადდით სასამართლო შენობაში. რამდენიმე წუთით დაგვიანების დროსაც კი შესაძლოა, ვერ მოახერხოთ დარბაზში შესვლა.  განსაკუთრებით გახმაურებული საქმეების განხილვისას, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, დიდი შანსია, რომ სასამართლო დარბაზში ადგილის დაკავება რთული აღმოჩნდეს.
  • მზად იყავით, რომ შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს სასამართლო პროცესი.
  • სასამართლო სხდომის განმავლობისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან. ისინი შესაძლებელია ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს ან საეჭვოდ იდენტური იყოს.
  • საქმის მასალების გაცნობისას დააკვირდით საგამოძიებო ორგანოებში წარმოებული დაკითხვის ოქმის ისეთ დეტალებს, როგორიცაა თარიღი, ჩვენების მიცემის დაწყებისა და დასრულების დრო და გაანალიზეთ რამდენად თანხვედრაშია ისინი ერთმანეთთან.
  • დაფიქრდით, ვინ შეიძლება იყოს სასამართლოში მიმდინარე ამ კონკრეტული საქმით დაინტერესებული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს, სადაც არსებობს ეჭვი ბრალდების მხრიდან რაიმე დარღვევაზე, მაღალჩინოსანთა ინტერესზე. გამოიკვლიეთ, ხომ არ უკავშირდება რომელიმე თანამდებობის პირს საქმეში მონაწილე რომელიმე პირი.
  • კარგად გაეცანით „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონს და საპროცესო კანონმდებლობას, რაც დაგეხმარებათ შეამჩნიოთ პროცედურული დარღვევები და შეაფასოთ მოსამართლის ქცევა.

ძირითადი პრინციპები

  • სასამართლო პროცესზე მოპოვებული ნებისმიერი ტიპის მასალა გამოყენებული უნდა იყოს კონტექსტის შესაბამისად, სამართლიანი გაშუქების პრინციპის დაცვით.
  • ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის და საქმის მონაწილე პირთა იდენტიფიცირება დაშვებულია.
  • თუ რომელიმე პირი დახურული სასამართლო სხდომიდან ინფორმაციას გაასაჯაროვებს, აწონ-დაწონეთ, არის თუ არა ამ დეტალის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მისი ტირაჟირების გადაწყვეტილება.
  • დაუშვებელია დახურული სასამართლო პროცესიდან მოწმეთა ჩვენებების, დახურულ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაჯაროვება, თუ მის მიმართ არ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი.
  • პატივი ეცით სასამართლო პროცესის მონაწილეებს.
  • არ შეუწყოთ ხელი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტირაჟირებას.
  • ყურადღებით იყავით სახელებთან, ტერმინებთან დაკავშირებით და დაიცავით მათი სიზუსტე.
  • სასამართლო პროცესის გაშუქებისას აუცილებელია აუდიტორიამ მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგის შესახებ.
  • მედია უნდა ეცადოს, რომ პირის უდანაშაულოდ ცნობის ფაქტი ისეთივე პროპორციით გააშუქოს, როგორც მისთვის ბრალის წაყენება გააშუქა.
  • სასამართლო პროცესის გაშუქებისას, არ დაუშვათ უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს;
  • მედიამ თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან.

ბრალდებული

პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

  • პირი სასამართლო გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც, როცა მას აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „მოიპარა“, „მოკლა“, „დააყაჩაღა“ და ა.შ.
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს გამამტყუნებლი განაჩენი, არ გამოიყენოთ სიტყვები  – „დამნაშავე“, „მკვლელი“ „ყაჩაღი“, „ქურდი“ . უმჯობესია აღინიშნოს, რომ პირი მკვლელობაში, ქურდობაში, ყაჩაღობაშია მსჯავრდებული.
  • სასამართლო სხდომების გაშუქებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ბრალდებული შესაძლებელია არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ. შესაბამისად, გაშუქებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში მის დაბრუნებას. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესისას მედიამ  უნდა გააშუქოს არა მხოლოდ ცალკეული სხდომა, არამედ საბოლოო შედეგიც და უნდა  მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. სასამართლო პროცესის ფრაგმენტული გაშუქებით შესაძლოა, მოსახლეობას შეექმნას მცდარი წარმოდგენა, რომ პირი დამნაშავედ სცნეს მაშინ, როცა საბოლოოდ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოწმე

პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი.

  • არსებობს გამონაკლისები, რომელთაც მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრებათ. მათ შორისაა ჟურნალისტიც, რომელსაც შეუძლია უარი თქვას  პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ გამოძახებაზე.
  • ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ მოწმისთვის არ შეიძლება თანხის შეთავაზება თუ არ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოცემული ინფორმაციის შინაარსზე გავლენას არ მოახდენს გადაცემული თანხა.
  • დაუშვებელია იმ მოწმის იდენტიფიცირება,  რომელიც ჩასმულია მოწმეთა დაცვის პროგრამაში.

ნაფიცი მსაჯულები

  • კანონის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.
  • მთელი პროცესის განმავლობაში დაუშვებელია ნაფიცი მსაჯულების იდენტიფიცირება.
  • მედიამ  უნდა გაითვალისწინოს, რომ ნაფიც მსაჯულებს ეკრძალებათ საქმის განხილვის დროს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება ანდა საკუთარი მოსაზრების გამოხატვა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
  • კანონით, ნაფიცი მსაჯულებისთვის არ უნდა გახდეს ცნობილი ბრალდებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული. ეს აკრძალვა მედიაზეც ვრცელდება. არ უნდა მიეწოდოს ნაფიც მსაჯულს ისეთი ინფორმაცია, რაც წინასწარ განაწყობს ბრალდების ანდა დაცვის სასარგებლოდ.
  • საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მედიას არ ეკრძალება მსაჯულებთან ურთიერთობა, თუმცა მსაჯულს აკრძალული აქვს თათბირისა და კენჭისყრის დეტალებზე საუბარი.
  • სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სასამართლო მასალები

  • მედია უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის.
  • სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.
  • სასამართლო ვალდებულია ჰყავდეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
  • სასამართლო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია კანონის შესაბამისად.
  • სასამართლოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (III თავი) დადგენილი საჯარო ინფორმაციის გავრცელების წესი.
  • ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია გამოყენებული იყოს სპიკერ-მოსამართლე, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე სასამართლოს საქმიანობაზე ინფორმაციის გაცემა, აგრეთვე – საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილებათა გაშუქება. სპიკერ-მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა რედაქციისათვის, რომლისთვისაც ამ ინფორმაციას რაიმე მნიშვნელობა აქვს. ინფორმაცია შეიძლება გაავრცელოს როგორც პრესრელიზების სახით, ასევეპრესკონფერენციის საშუალებით.

ტერმინები

  • მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.
  • ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
  • დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი
  • სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) – ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს უფლება, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით
  • აღკვეთის ღონისძიება – დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. მოცემულ ვადაში შუამდგომლობის წარდგენის არ არსებობის შემთხვევაში პირი გათავისუფლდება.
  • აღკვეთის ღონისძიების სახეები – გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.
  • საპროცესო შეთანხმება – სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

სისხლის სამართლის წარმოებისას სასამართლო გამოსცემს შემდეგ აქტებს:

  • განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას
  • განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითზე განაჩენის და განკარგულების გარდა
  • განკარგულება – სასამართლოში წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
  • დადგენილება – პროკურორის ანდა გამომძიებლის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.
  • ვერდიქტი – ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება
  • შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.


ჩამოტვირთეთ PDF ვერსია