პირადი ცხოვრების გაშუქება - სახელმძღვანელო წესები
26.02.2018
ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. ამიტომაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი ცალკე გამოყოფს მას - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

პირადი ცხოვრების ქონის უფლება ყველას, მათ შორის საჯარო პირებსაც აძლევს შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი ცხოვრება სხვების არასასურველი ყურადღებისგან, არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, რომელიც უკავშირდება მის ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, და ა.შ. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ფართო ცნებაა და არ გააჩნია ზუსტი განმარტება.

საჯარო ინტერესის შემთხვევაში პირადი ცხოვრების დეტალების გსაჯაროებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვა მედიის გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

1. საზოგადოებრივი ინტერესი

ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა. სწორედ ამით განსხვავდება საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისაგან.

საჯარო ინტერესი უპირველეს ყოვლისა არსებობს ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა :
  • სახელმწიფოს სისტემური დანაშაული
  • საჯარო სახსრების არასათანადოდ გამოყენება
  • თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები
  • საარსებო გარემო
  • ეროვნული უსაფრთხოების დაცვა
  • მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანას და ა.შ.
ეს ჩამონათვალი ამომწურავი არასდროს იქნება და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს და პირიქით. ჟურნალისტმა კარგად უნდა გაიაზროს რის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი - პრობლემის, რასაც პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება წარმოაჩენს, თუ იმ პირის ცხოვრების მიმართ, ვინც მასალაშია ასახული. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა მხოლოდ პირველ შემთხვევაში იქნება გამართლებული. რაც უფრო ინტიმურ საკითხს ეხება ინფორმაცია, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს ჟურნალისტის დასაბუთება.

ორი დათქმა შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს

  1. პირის თანხმობა მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებაზე;
  2. დეტალური დასაბუთება, თუ რატომ უნდა გასაჯაროვდეს პირადი ინფორმაცია

1.1. თანხმობა

  • პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვება დასაშვებია თავად ამ პირის თანხმობის შემთხვევაში; დარწმუნდით, რომ რესპონდენტი გაცნობიერებულად ამბობს თანხმობას; თუ მასალაში რამდენიმე პირი ჩანს, თანხმობა ყველა მათგანისგან საჭიროა. სხვა შემთხვევაში დაფარეთ ის პირები, ვისგანაც თანხმობა არ მიგიღიათ;
  • საჯარო ადგილებში მყოფ პირებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათი პირადი ცხოვრება ისეთივე დაცული იქნება, როგორც სახლში, ანდა მათ საკუთრებაში ყოფნისას, თუმცა საჯარო ადგილებში ყოფნის დროსაც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შეიძლება იყოს დაცული. მაგალითად, თუკი ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა საჯარო სივრცეში შეექმნა;
  • ანტისოციალურ ქცევაზე, დაავადებებზე საუბრისას ანდა სხვა ნეგატიური კონტექსტის მქონე საკითხის გაშუქებისას ვიზუალურ მასალად არ შეიძლება გამოიყენოთ საჯარო ადგილას ახლო ხედით, შემთხვევით გადაღებული პირის კადრები; განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ჟურნალისტს ისეთ ადგილებში გადაღებისას როგორიცაა საავადმყოფო, სკოლა, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სასწრაფო დახმარება… ასეთ დროს ორმაგი თანხმობა უნდა მიიღოთ - ერთი დაწესებულებიდან და მეორე თავად რესპონდენტისგან, ადგილზე მყოფი სხვა პირებისგან. თანხმობა აუცილებელი არ არის იმ შემთხვევაში, თუ პირთა იდენტიფიცირება არ ხდება;
  • გადაღება თანხმობის გარეშე შეიძლება დაიწყოთ ნახევრად საჯარო სივრცეებში, მაგრამ მესაკუთრეს შეუძლია გადაღების შეწყვეტა მოგთხოვოთ. ნახევრად საჯარო სივრცედ მიიჩნევა მაგალითად, სავაჭრო ცენტრი, აეროპორტი, ადგილები, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, თუმცა ღიაა საზოგადოებისთვის; პირადი ცხოვრების განსაკუთრებულდ მაღალი დაცვით სარგებლობენ 16 წლამდე ახალგაზრდები, რომელთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას აუცილებელია მეურვის თანხმობა; დაცულია იმ ბავშვების პირადი ცხოვრებაც, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანი გახდნენ საკუთარი საქმიანობით, მაგალითად არიან მომღერლები, სპორტსმენები, გაიმარჯვეს რომელიმე კონკურსში. საჯარო სივრცეში მათგან ინტერვიუს აღება მეურვის თანხმობის გარეშე შესაძლებელია;

ვრცლად იხილეთ ბავშვთა საკითების გაშუქების სახელმძღვანელო წესები

  • ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოყენებისას. ასეთ დროს სჯობს, ნებართვა აიღოს მისი განმათავსებლისგან; ვრცლად იხილეთ სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესები

1.2. დასაბუთება

თუკი არ არსებობს პირის თანხმობა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებაზე, მაშინ დაფიქრდით:

  • რას და ვის ამხელთ ამ მასალით?
  • რამდენად შეუწყობთ ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?
  • ამ დეტალების გარეშე შეძლებთ თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
  • რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
  • გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს?
  • რა ალტერნატიული ხერხები არსებობს ამბის გასაშუქებლად?
კარგად გაიაზრეთ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, თემიდან გარიყვას, დისკრიმინაციას. იფიქრეთ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, მაგალითად ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე და ა.შ.

აუდიტორიას გააცანით დასაბუთებული არგუმენტები თუ რატომ გადაწყვიტეთ პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება.

2. ფარული გადაღება/ჩაწერა

  • ფარულ გადაღებად მიიჩნევა:
  1. დამალული კამერით გადაღება, აუდიოჩაწერა;
  2. ნებისმიერი ტექნიკით (კამერა, მობილური და აშ) გადაღება, როდესაც პირმა არ იცის ამის შესახებ;
  3. სატელეფონო ჩანაწერის გაკეთება ეთერში გაშვების მიზნით რესპონდენტის თანხმობის გარეშე;
  • გადაღების გაგრძელება ან დაწყება მაშინ, როდესაც რესპონდენტს ჰგონია, რომ გადაღება დასრულდა ან არ დაწყებულა.
  • ფარულად გადაღება შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა მხოლოდ მაშინ უნდა გამოქვეყნდეს, თუკი რედაქცია დაასაბუთებს, რომ ღიად ვერ მოიპოვა იგივე ინფორმაცია და აუცილებელი იყო მისი გადაცემა;
  • კერძო საკუთრებაში შესვლა და ფარულად გადაღება მხოლოდ მაღალი საჯარო ინტერესის შემთხვევაში და რედაქციის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს;
  • გასართობი ანდა კომედიური გადაცემისთვის გაკეთებული ფარული ჩანაწერი შეიძლება მხოლოდ მაშინ გავიდეს ეთერში, თუ მონაწილე პირები ინფორმირებულნი არიან;განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ სხვა პირის მიერ ფარულად გადაღებულ მასალას, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ოპერატიულ მასალას.

3. საჯარო და კერძო პირები

  • მედიისთვის საჯარო პირს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიაზრება ყველა, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა სფეროში იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი… საჯარო პირებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებს (საჯარო მოხელეებს) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოლოდინი ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. თუმცა გარკვეული ხარისხით მათაც აქვთ გარშემომყოფებისგან საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. მაგალითად დაცულია მათი პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თუ არ იკვეთება ამ დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი, რაც შეიძლება იყოს ვთქვათ, საჯარო ფინანსების ხარჯვა პირადი ურთიერთობებისთვის ან მკურნალობისთვის და აშ.
  • საჯარო პირის მიმართ არსებული ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე მათი მშობლების.

4. პირადი ცხოვრების სენსიტიური საკითხები

არის რამდენიმე საკითხი, რისი გაშუქებისას უფრო მეტი რისკი არსეობობს პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრის. ამგვარი საკითხების კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი საკითხები როგორიცაა ჯანმრთელობა, სქესობრივი ცხოვრება, შვილად აყვანა, სუროგაცია.

4.1. ჯანმრთელობა

  • ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად ითვლება. შესაბამისად, ყოველი ასეთი ინფორმაციის მიმართ უნდა არსებობდეს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად უნდა გაიაროს ზემოთ აღნიშნული რომელიმე ტესტი - პირის თანხმობა ან დასაბუთება;
  • ვინაიდან პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ სხვებსაც შეიძლება ზიანი მოუტანოს, გაუჩნდეთ უნდობლობა და თავი შეიკავონ მკურნალობისგან.

4.2. უბედური შემთხვევები, დანაშაული

  • აუცილებელია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის. დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად;პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს მედია შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოს, რომ აქცენტი არ გააკეთოს კონკრეტული ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე;
  • მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება; კერძო პირთა დაკრძალვის გადასაღებად აუცილებელია ახლობელთა თანხმობა;
  • მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის;
  • ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის, ბრალდებულის სახლის სიახლოვეს, საზოგადოებრივ ადგილას, მაგალითად გზაზე, და არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო ფიგურაა თუ არა;
ვრცლად იხილეთ “კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები”

  • სასამართლო დარბაზში მყოფთა მძიმე ემოციური მდგომარეობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გამოქვეყნება მიზანშეწონილი არ არის.

ჩამოტვირთეთ PDF დოკუმენტი