13.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად,
სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო
და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. ამ პრინციპის მთავარი
მიზანია, მედიასაშუალებამ არ შეიყვანოს აუდიტორია შეცდომაში - არ
მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია
მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ქარტიის
პრაქტიკის თანახმად, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ
ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება.
შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი
აღნიშვნის გარეშე ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია
პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე. მედია ანგარიშვალდებულია
აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო
მასალა.როგორც წესი სარეკლამო დრო და ადგილი ყველა ტიპის მედიასაშუალებას გამოყოფილი აქვს - ბანერები, სარეკლამო რგოლები ფორმით და შინაარსით მკვეთრად განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტისგან, შესაბამისად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ვინმე მას სარედაქციო მასალად აღიქვამს. მათგან განსხვავებით პრობლემურია მასალები, რომლებიც ფორმის თვალსაზრისით არ განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტისგან. მაგალითად, აქვს სტატიის ფორმა, მომზადებულია სიუჟეტი და ა.შ. ასეთ დროს ძალიან ადვილია დაიჯეროს აუდიტორიამ, რომ შესაბამისი აღნიშვნის გარეშე მიწოდებული ინფორმაცია არის რედაქციის მიერ გადამოწმებული, მაგალითად, პროდუქტი მართლაც საუკეთესოა.
ამიტომაც მნიშვნელოვანია ნაცვლად დამაბნეველი სიმბოლოებისა, ცხადად იყოს მითითებული, რომ მასალა არის რეკლამა.
ძირითადი წესები:
- მედიაორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა კომერციული გავლენისგან. გავლენაში იგულისხმება დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ეთერში გასვლის, გამოქვეყნების დროის, იდეის, მასალის სიუჟეტის, რესპონდენტების, წამყვანის ქცევის, გადაღების კუთხის, ადგილის თუ სხვა არსებითი დეტალების ცვლილება.
- აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იღებს კომერციული შინაარსის ინფორმაციას.
- საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა.
- ნებისმიერი მასალა შესაბამისი აღნიშვნის გარეშე განხილული უნდა იყოს როგორც რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებული პროდუქტი.
- რედაქციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის პოლიტიკა, რის შესაბამისადაც უნდა გააფორმოს ხელშეკრულება სარეკლამო დამკვეთთან, მომსახურების შემსყიდველთან. ამასთან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული სარეკლამო და სარედაქციო განყოფილება.
- სარეკლამო შეთანხმებისას კომერციული შინაარსის მასალის განთავსებისას გამორიცხული უნდა იყოს კომპანიის ან პროდუქტის რაიმე ფორმით შემდგომი სარედაქციო მხარდაჭერა.
დაფინანსებული მასალა
გავრცელებული პრაქტიკაა დამკვეთის მიერ სტატიის ფორმით მომზადებული მასალების საფასურის სანაცვლოდ გამოქვეყნება, რამაც არასათანადო მითითების გამო მკითხველი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.
- ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ. წარწერები - „პარტნიორის კონტენტი“, NS, R, „მეგობრის მასალა“ და ა.შ მკითხველისთვის დამაბნეველია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ წარწერას „რეკლამა“/“სარეკლამო სტატია“, „სარეკლამო გვერდი“. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც გაზეთის ბოლო გვერდზე ანდა საიტზე მითითებულია, რომ რომელიღაც გვერდი/რუბრიკა არის დაფინანსებული. ამგვარი წარწერა თავად სტატიას უნდა ახლდეს.
- რედაქცია მიმართული უნდა იყოს გამჭვირვალობისკენ. თუ საფასურის სანაცვლოდ მომზადებული მასალიდან შეუძლებელია განმთავსებლის იდენტიფიცირება, კარგი იქნება, რედაქციამ მიუთითოს დამკვეთიც.
- იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს კონკრეტულ ბრალდებებს რომელიმე პირის მიმართ, ანდა ცალსახაა, რომ მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, მის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილება რედაქციამ უნდა მიიღოს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად.
- მაუწყებლების შემთხვევაში არამხოლოდ არაეთიკური, არამედ არაკანონიერია ახალი ამბების გადაცემაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება. საერთაშორისო მედიის ნაწილს ამგვარი შეზღუდვა აქვს ისეთ გადაცემებშიც, რომელიც ბიზნესის, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებს აწვდის აუდიტორიას.
- გადაცემებში, რომელიც არ მიეკუთვნება ახალ ამბებს, სარეკლამო მასალის, სიუჟეტების განთავსებისას, საეთერო დროის გაყიდვისას, მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასალა დაფინანსებულია. ამისთვის შესაძლოა, გამოყენებული იყოს ტიტრი.
პროდუქტის განთავსება
პროდუქტის განთავსება (product placement) გულისხმობს რეკლამირების მიზნით გადაცემაში პროდუქტის ნებისმიერი ფორმით ინტეგრირებას. მაგალითად, ბანერის განთავსება, ბრენდირებული ნივთების გამოყენება და აშ.
- კანონმდებლობით, პროდუქტის განთავსება დაშვებულია მხოლოდ მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა); ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის გარეშე, საქონლის/მომსახურების პრიზის სახით უფასოდ მიწოდებისას.
- ასეთ გადაცემებში პროდუქტი შესაძლებელია იყოს განთავსებული, თუმცა შესაბამისი წესებით - დაუშვებელია ამ პროდუქტის, მისი დადებითი მხარეების შესახებ საუბარი და მოწოდება შეძენისკენ. არ უნდა მიეთითოს კონკრეტული მისამართი, პროდუქტის ფასი, ფასდაკლების პროცენტი, სლოგანი ანდა სხვა დეტალები, რაც რეკლამის ნაწილია.
- აკრძალულია პროგრამაში იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების განთავსება, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.
- დაუშვებელია პროდუქტის განთავსებისას გადაცემის წამყვანმა საკუთარი გამოცდილების მოშველიებით დაარწმუნოს მაყურებელი პროდუქტის ყიდვაში. მაგალითად, „მე ერთი თვის განმავლობაში გამოვიყენე ეს შამპუნი და შედეგით აღფრთოვანებული ვარ“, „გირჩევთ, შეიძინოთ ეს წვენი. ჩემი შვილი დილას ამით იწყებს. სრულიად ნატურალური პროდუქტია“.
- წამყვანის მიერ დადებითი შეფასება და ყიდვისკენ მოწოდება განსაკუთრებით მიუღებელი და არაეთიკურია, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას. მედიკამენტებთან, თავის მოვლის საშუალებებთან, დიეტასთან და ამგვარ საკითხებთან დაკავშირებული პროდუქტის გამოყენებაში წამყვანის მხრიდან მაყურებლის დარწმუნებამ შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.
სპონსორობა
სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით. სპონსორობა მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს რეკლამისგან, რადგან ის პირდაპირ აფინანსებს კონკრეტულ მედიაპროდუქტს.
- პროდუქტის განთავსების მსგავსად დაუშვებელია სპონსორის მიერ რაიმე სახის გავლენა დაფინანსებული პროგრამის შინაარსზე.
- აკრძალულია საინფორმაციო - პოლიტიკური გადაცემის სპონსორობა. აგრეთვე, იმ პროგრამების, რომლებიც უკავშირდება მომხმარებელთა უფლებებს, საარჩევნო კამპანიას.
- აუდიტორიისთვის ნათელი უნდა იყოს სპონსორის ვინაობა სახელის, სასაქონლო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.
- სპონსორობისას დაუშვებელია პროდუქტის თუ მომსახურების შეძენის მოწოდება.
- გადაცემები, რუბრიკები, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა კომპანიის, პროდუქტის მიმოხილვების, რეცენზიების მომზადებას, არ უნდა დასპონსორდეს ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც შესაძლოა, ამავე გადაცემის ფოკუსში მოხვდეს.
ჟურნალისტების მონაწილეობა რეკლამაში
- მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად დაუშვებელია ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.
- იგივე სტანდარტი ვრცელდება როგორც სამაუწყებლო, ასევე სხვა მედიუმის საშუალებით გავრცელებულ რეკლამაში მონაწილეობაზე.
დამატებით იხილეთ: ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი
გამოყენებული მასალები: