სიძულვილის ენასთან ბრძოლა - სახელმძღვანელო წესები მედიისთვის
16.09.2019
სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულვილის ენად აღიქმება. რეალურად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რომელიმე პირის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს შეთანხმება თუ რას ეფუძნება სიძულვილის ენა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი სწორედ სიძულვილის ენას მოიცავს და ასეა ფორმულირებული: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიის საბჭოს მიერ საქმეთა განხილვის პრაქტიკის თანახმად, მეშვიდე პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, სტიგმატიზებას. როგორც ევროპის საბჭოს, ისე ქარტიის განმარტების თანახმად, სიძულვილის ენა უნდა ეხებოდეს გარკვეულ იდენტობას. დისკრიმინაცია და სტიგმატიზებაც გარკვეული ნიშნით უნდა ხდებოდეს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდეს ამ ნიშნის მქონე პირებს. საბჭომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“. ამ განმარტებით ქარტიის საბჭომ ერთმანეთისგან გამიჯნა დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია.

სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამონათქვამებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტი, საზოგადოებაში არსებული განწყობა, დამოკიდებულება ამა თუ იმ თემის მიმართ. ის, რამაც ერთ სოციუმში შესაძლოა საზოგადოების ერთი ჯგუფისადმი სტიგმა გააძლიეროს, სხვა ტიპის საზოგადოებაში ყურადღებასაც არ მიაქცევენ.

სიძულვილის ენის წამახალისებელი, სტერეოტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას.

ძირითადი წესები

  • მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.
  • მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს.
  • თითოეულ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს სიძულვილთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც ცხადი იქნება როგორც დასაქმებულთათვის, ასევე აუდიტორიისთვის.
  • მედიასაშუალებები მყისიერად უნდა რეაგირებდნენ მოქალაქეთა მიმართვებსა თუ გამოხმაურებებზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რომელიმე მასალა ახალისებს სიძულვილის ენას ანდა დისკრიმინაციას.
  • ფაქტებზე დაფუძნებული მედიაპროდუქტი, რომელშიც ჟურნალისტს აქვს მცდელობა, ყველა ჯგუფის პოზიციიდან შეხედოს პრობლემას, აზღვევს მას დისკრიმინაციის წახალისებისგან. 

იდენტობაზე ხაზგასმა

როგორც ზემოთ აღინიშნა, სიძულვილის ენა მიემართება სხვადასხვა ნიშნით, იდენტობით გაერთიანებულ ჯგუფებს. ამ ჯგუფის ერთი წევრის მიერ ჩადენილი უარყოფითი ქმედების განვრცობა მთლიანად ჯგუფზე იწვევს მათ სტიგმატიზებას. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მაგალითად, ანტისოციალურ ქცევაზე და მისი რაიმე იდენტობის ხაზგასმით თქვენ მხოლოდ ხელს შეუწყობთ ამ იდენტობის მქონე სხვა პირთა მიმართა აუდიტორიის უარყოფითი დამოკიდებულების ზრდას.

  • როდესაც გადაწყვეტთ, რომ ანტისოციალური ქმედების ან სხვა რაიმე უარყოფით კონტექსტში ახსენოთ ადამიანთა წარმოშობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია, გარეგნობა თუ სოციალური მდგომარეობა, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ეს ამბის თხრობისას. იძლევა თუ არა დამატებით ინფორმაციას? სძენს რამე ღირებულს თქვენს მასალას? ამ დეტალზე ხაზგასმით ხომ არ გაღრმავდება ნეგატიური წარმოდგენა მთლიანად ჯგუფის მიმართ? თუკი ერთ მხარეს არის რისკი იმისა, რომ ხელი შეეწყოს სტიგმატიზებას, სტერეოტიპების გაღრმავებას და მეორე მხარეს კი არის დეტალი, რომლის ართქმითაც არსებითი ინფორმაცია არ აკლდება აუდიტორიას, მაშინ სჯობს ხაზი არ გაუსვათ და არ გამოყოთ რაიმე ამგვარი ნიშანი.
  • დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.
  • ადამიანთა წარმოშობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გარეგნობის თუ სოციალური მდგომარეობის უარყოფით კონტექსტში ხაზგასმა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგალითად თუ თავს დაესხნენ, გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი ანდა აგრესიის ობიექტი სწორედ ამ ნიშნის (რელიგია, წარმოშობა, მრწამსი და ა.შ.) გამო. ანტისოციალური ქმედების დროს თუ მიგაჩნიათ, რომ არსებითი დეტალია, უმჯობესია აღნიშნოთ პირის მოქალაქეობა და არა ეთნიკური წარმომავლობა. მაგალითად, “საქართველოს ხელისუფლებას ირანის მოქალაქის ექსტრადაციის თხოვნით მიმართეს” და არა “საქართველოს ხელისუფლებას ირანელის ექსტრადაციის თხოვნით მიმართეს”.
  • სხვადასხვა იდენტობის მქონე ჯგუფებთან დაკავშირებული უარყოფით მითებთან ბრძოლა ეთიკური მედიასაშუალებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
  • ეცადეთ გადაამოწმოთ და გამოარკვიოთ თუ რას ეფუძნება საზოგადოებაში ჩამოყალიბებული უარყოფითი რწმენა წარმოდგენები ამა თუ იმ იდენტობის მქონე პირთა მიმართ.

სიძულვილის ენის გამოყენება

საზოგადოებაში და თავად მედიაპროფესიონალებს შორისაც არის დისკუსია, უნდა გაშუქდეს თუ არა სიძულვილის ენა და ამ ლექსიკით მოსაუბრე ჯგუფები. ცალსახა აკრძალვა არ შეიძლება არსებობდეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, აუდიტორიაში დისკუსიას უნდა შეეწყოს ხელი. მაგალითად, არ შეიძლება უგულვებელყოთ და არ მიაწოდოთ ინფორმაცია საკუთარ აუდიტორიას, როდესაც ქალაქის ცენტრში ფაშისტური თუ ჰომოფობიური ჯგუფები ფართომასშტაბიან აქციას მართავენ ანდა პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის მიერ არჩეული კანონმდებელი სიძულვილის ენას იყენებს. ამიტომაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანი აქვს გაშუქებას და როგორ, რა კუთხით და კონტექსტით წარმოჩინდება ესა თუ ის საკითხი. სიძულვილის ენის შემცველი ციტატის გამოყენება დასაშვებია, როცა გსურთ აჩვენოთ:

  • თანამდებობის პირი თუ საჯარო ფიგურა როგორ აღვივებს სიძულვილს და საუბრობს შეუსაბამო ტერმინოლოგიით;
  • რომელიმე საჯარო უწყებას აქვს დისკრიმინაციული მიდგომა. მაგ, განთავსებულია ასეთი ტიპის ტექსტი, გაფრთხილება;
  • საზოგადოების რომელიმე ჯგუფი აღვივებს სიძულვილს/
ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა, ბევრ სხვა თემასაც მოიცავდეს. მთავარია, ასეთი თემისადმი არსებობდეს საჯარო ინტერესი და შეგეძლოთ დასაბუთება, თუ რატომ არის აუცილებელი ამგვარი გამონათქვამის უცვლელად გამოქვეყნება.

სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას:

  • ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას “ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. რესპონდენტის პოზიციის არგაზიარება შესაძლებელია სხვა ფორმით და სხვა ტექსტით გამოიხატოს.
  • როდესაც გადაწყვეტთ, რომ ამხილოთ რომელიმე საჯარო პირი ან უწყება მაგალითად, ჰომოფობიასა თუ სხვა ტიპის დისკრიმინაციაში, უმჯობესია, სათაურში მიუთითოთ “დეპუტატმა ჰომოფობიური გამოთქვამი გამოიყენა”. “მინისტრმა სექსისტური ეპითეტით მიმართა ოპონენტს”, “საკრებულომ დისკრიმინაციული შეზღუდვები დააწესა” და აშ. თუკი თქვენ მხოლოდ ციტატას გაიტანთ სათაურში და ტექსტში მიანიშნებთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამს, საზოგადოების ნაწილმა სტატია შეიძლება არც გახსნას. მხოლოდ სათაურის წაკითხვის შემდეგ კი ვერც მიხვდეს, რომ რედაქცია არ იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.

რესპონდენტების შერჩევა


  • ფრთხილად შეარჩიეთ რესპონდენტები. განსაკუთრებით იფიქრეთ, როდესაც ტრიბუნას უთმობთ იმ პირებს, ვინც ხშირად იყენებს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, რატომ ვიწვევთ მათ? რა ინფორმაციის მიღებას ველოდებით მათგან? ვართ მზად, რომ ხელი არ შევუწყოთ პლატფორმით სიძულვილის ენის ტირაჟირებაში?
  • თემის გაშუქების კუთხე და რესპონდენტები ისე შეარჩიეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოთ ფუნდამენტური უფლებები. მაგალითად, არ დასვათ კითხვა “უნდა ჰქონდეთ თუ არა გამოხატვის თავისუფლება ლგბტქ პირებს?” “უნდა შეეძლოთ თუ არა საკუთრების შეძენა ეთნიკურად არაქართველებს?” გახსოვდეთ, რომ ადამიანები თანასწორნი არიან მიუხედავად განმასხვავებელი იდენტობისა თუ ნიშნებისა. ამიტომაც ისეთი რესპონდენტების მოწვევა, რომლებიც ამ ჯგუფთა უფლებების შელახვას ითხოვენ და თან ამასთან სიძულვილის ენით საუბრობენ, ვერ გამართლდება ბალანსის დაცვის არგუმენტაციით. ასეთ შემთხვევაში ბალანსის დაცვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ამ ჯგუფთა მიმართ უარყოფითი განწყობების გაძლიერებას.
  • როდესაც ეთერში იწვევთ ისეთ პირებს, რომლებიც მოსალოდნელია, რომ სიძულვილის ენას გამოიყენებენ, მოემზადეთ სათანადო ოპონირებისთვის. იფიქრეთ, როგორ შეაჩერებთ მათ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, რა ფორმით აუხსნით აუდიტორიას, რომ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება სხვადასხვა ჯგუფის მიმართ?
  • მოსალოდნელია, რომ რესპონდენტები, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სხვადასხვა ფაქტებს მოიტანენ, რომელთა გადამოწმების საშუალება იმ დროს შესაძლოა არ გქონდეთ. ამიტომ ეცადეთ, გადახედოთ მათ სხვა გამოსვლებს, ნახოთ რა არგუმენტები აქვთ, მოემზადოთ კონტრკითხვებით და ამასთან არ მისცეთ თემიდან გადახვევის შესაძლებლობა. 

რესპონდენტების კომენტარი

  • ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა მათ შორის ისიც, როგორ არჩევს რესპონდენტს და რა მონაკვეთს იყენებს მასალაში მისი კომენტარიდან. ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, რა შედეგი მოყვება რესპონდენტის ნათქვამს და გამოიწვევს თუ არა ვინმეს დისკრიმინაციას.
  • ვიდრე გამონათქვამს გამოიყენებთ თქვენს მასალაში, იქამდე უნდა შეაფასოთ ვინ არის ავტორი, რა გავლენა აქვს მას, რა ტიპის ტრიბუნიდან კეთდება ეს განცხადება, როგორ იმოქმედებს მისი გამოსვლა ადრესატებზე, შეუწყობს თუ არა ხელს სტიგმების, სტერეოტიპების გაღრმავებას.
  • საჯარო ადგილებში ჩაწერილი პირადი საუბარის ანდა ე.წ. შუმის გამოქვეყნებისას ასევე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ ხომ არ ისმის სიძულვილის ენა და არ დაეხმაროთ მის გავრცლებას თქვენს აუდიტორიაში.
  • რესპონდენტის ნათქვამი უნდა რედაქტირდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეწყოს სიძულვილის ენის ტირაჟირებას. გამონაკლისი შემთხვევაა თუ მასალის ფოკუსი თავად სიძულვილის ენის გამოყენებაა, მაგალითად, საჯარო პირის მიერ.

პირდაპირი ეთერი

პირდაპირ ეთერში მუშაობა დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც შესაძლოა სიძულვილის ენა მოულოდნელად გამოიყენოს რესპონდენტმა და შესაბამისად მისი რედაქტირებაც ვერ მოხდება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა:
  • უნდა მოუწოდოს რესპონდენტს თავი შეიკავოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან.
  • აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს.
  • თუ კვლავაც გააგრძელებს რესპონდენტი ამგვარი გამოთქმების გამოყენებას, უმჯობესია შეწყვიტოთ მასთან საუბარი. 
განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა მედია Facebook Live-ის ფუნქციის დამატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელია ყველა ძალადობრივი აქცია უცვლელად შეუზღუდავი ქრონომეტრაჟით გადაიცეს სოციალური ქსელის მეშვეობით.. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტმა ამბავი იმავე წესებით უნდა გააშუქოს, როგორც ეს ტელემედიის მიერ გადაცემული პირდაპირი ეთერის დროს ხდება:

  • არ მისცეთ რესპონდენტებს საშუალება სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის უცვლელად ტირაჟირების. ამისათვის აუცილებელია, კადრში ისმოდეს ჟურნალისტის კომენტარი, რომელიც ახსნის თუ რა ტიპის აქცია იმართება. მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციას აქციის ლიდერების შესახებ.
  • ჟურნალისტმა ამბავი უნდა აღწეროს იმგვარად, რომ ჩანდეს რომ რედაქციისთვის მიუღებელია სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია.
  • თუ ტექნიკიურად შესაძლებელია, ჩაწერეთ დისკრიმინაციული მოთხოვნების მქონე პირთა მოწინააღმდეგეთა კომენტარები და პირდაპირი ეთერის დროს აჩევენეთ მათი კონტრარგუმენტები, მოსაზრებები, თუ რატომ არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი თუ ზოგადად დისკრიმინაცია. ამით თქვენ დააბალანსებთ თქვენს ეთერს.
  • ფრთხილად იყავით დისკრიმინაციული მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეთა აღწერისას. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები, რომლებიც დაფუძნებულია ფაქტებზე და ადვილად შეძლებთ მის დასაბუთებას. მაგალითად, თუკი აქციაზე ისმის სიძულვილის ენა ლგბტქ თემის მიმართ, შეგიძლიათ დემონსტრანტები მოიხსენიოთ ჰომოფობებად. თუ სხვა ერის დისკრიმინაციას ითხოვენ, ქსენოფობიურ აქციად შეგიძლიათ შეაფასოთ. მთავარია აუდიტორიისთვის ნათელი იყოს რატომ არიან ისინი ჰომოფობები, ქსენოფობები, ფაშისტები თუ ულტრანაციონალისტები. 

სოციალური მედია და კომენტარები

ხშირად არის შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხის გაშუქებისას როგორც ვებსაიტზე, ასევე სოციალური მედიის გვერდებზე იწერება სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები. რეალურ მომხმარებლებთან ერთად აქტიურობენ ტროლები და ბოტები, რამაც ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია.

ქარტიის პრაქტიკით, მედიასაშუალება არის პასუხისმგებელი მის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ყველა მასალასა და კომენტარზე. თუმცა, მედიასაშუალებების უმრავლესობას არ აქვს რესურსი, რომ ცალკე პირი გამოყოს კომენტარების კონტროლისა და მოდერაციისთვის, რაც, ცხადია, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როდესაც ფასდება მედიის ძალისხმევა სიძულვილის ენასთან ხელშეშლაში. მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ საკუთარი პლატფორმა ამგვარი გამოხატვის ტირაჟირებისთვის არ იყოს გამოყენებული. ამისათვის:

  • ეცადეთ ვებსაიტს ჰქონდეს კომენტარების მოდერაციის შესაძლებლობა, შეგეძლოთ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წაშლა ანდა კომენტარის წერის ფუნქციის შეზღუდვა.
  • თუკი აქვეყნებთ ისეთ სტატიას, რომლის ქვემოთაც მოსალოდნელია სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების გაჩენა, ანდა ამჩნევთ, რომ თქვენი კომენტარების ველი გამოყენებულია სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის და ამასთან, არ გაქვთ მისი მოდერაციის რესურსი, სჯობს გამორთოთ კომენტარების წერის ფუნქცია. ამგვარი ქმედება არ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, ვინაიდან სიძულვილის ენა არ არის დაცული იმავე სტანდარტით, რითიც გამოხატვის სხვა ფორმები. კომენტარების ველს მიუთითეთ რომ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები წაიშლება ადმინისტრაციის მიერ. ამით წინასწარ ეუბნებით მკითხველს რომ ამგვარი გამოხატვა მიუღებელია და მათ არ გაუჩნდებათ კითხვა, თუ რატომ წაიშალა მათი მოსაზრება. ისინი იმყოფებიან თქვენს პლატფორმაზე და ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენ მიერ შეთავაზებული წესები. 
გაცილებით რთული შემთხვევაა სოციალურ ქსელში კომენტარების მოდერაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტროლები ანდა ბოტები აქტიურობენ. ასეთ დროს სანამ თითოეულის მოდერაციას შეძლებთ, კარგი იქნება, მიუთითოთ კონკრეტული სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც თქვენს გვერდზე შეზღუდავთ. ამით აირიდებთ ყველაზე უხეშ დისკრიმინაციულ გამონათქვამს, დანარჩენი კომენტარებს კი მოგვიანებით შეგიძლიათ გადახედოთ.


ვიზუალური მხარე


  • ვიდეოები, ფოტოები, მონაცემები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ამბის თხრობისთვის. თუმცა, ცალკე აღებული, კონტექსტის გარეშე მიწოდებული ასეთი ინფორმაცია ინტერპრეტაციის და მანიპულაციის საგანი შეიძლება გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა სრულად გადმოსცემდეს ამბავს და არ აჩვენებდეს მხოლოდ ერთ მხარეს.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მონაცემებს. მხოლოდ ციფრები, განმარტების გარეშე, უმეტეს შემთხვევაში არასწორ აღქმებს იწვევს საზოგადოებაში.

კითხვები, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს:

  • არსებობს თუ არა ახალი ამბის მიმართ საჯარო ინტერესი?
  • ვინ იყენებს სიძულვილის ენას და რა განზრახვა აქვს მას? რესპონდენტის გამონათქვამი ეყრდნობა ფაქტებს?
  • აქვს თუ არა საკუთარი გამონათქვამების დამდასტურებელი მტკიცებულებები?
  • გაშუქებით ავირიდეთ თუ არა თავიდან სტერეოტიპების და სტიგმების გამყარება? დავსვით თუ არა ყველა რელევანტური კითხვა?
  • არის თუ არა რესპონდენტთა მრავალფეროვნება და საუბრობენ თუ არა თავად შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლები?
  • შევარჩიეთ თუ არა სწორი ენა ამბის თხრობისთვის?
  • გაშუქება შეესაბამება თუ არა აღიარებულ ეთიკურ სტანდარტებს?
გამოყენებული მასალები:

  • DW Akademie - Reporting hate speech – practical tips for journalists
  • Ethical Journalism Network - Hate speech A 5 point test for journalists
  • #MediaAgainstHate - Guidelines for countering online hate speech