საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის პროფესიულ სტანდარტებზე საკანონმდებლო ზედამხედველობის დაწესებას არ ეთანხმება
28.02.2025

კატეგორია : განცხადებები;

„ქართული ოცნების“ ლიდერები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს. 

საქართველოში ქარტიის სახით გვაქვს ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.  ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით. 

ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი გვარწმუნებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა 

„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად. 

შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს 

საკითხები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოაქვს, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში მედიის თვითრეგულირების ორგანოებისა და სარედაქციო განსჯის საგანია. ქარტიისთვის მიუღებელია ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წლებია, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, და რომლის მიმართ სრულიად სამართლიანად, ბევრი პრეტენზია აქვთ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. 

ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ.   

განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები. 

შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს 

მიუღებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის იმგვარად ინტერპრეტაცია, როგორც ეს არის მოცემული შემოთავაზებულ ცვლილებებში. წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება - არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს.

შემოთავაზებული ცვლილებების ერთი ნაწილი უხეშად ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში და სარედაქციო გემოვნების საკითხებსაც არეგულირებს. 

შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს ართმევს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას

შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ. 

ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი.

შესაბამისად, ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს. 

განმარტებისთვის:

ქარტიის საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა, რომლის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. კოლეგა ჟურნალისტების მიერ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით არჩეული საბჭოს წევრები მოხალისეობრივ საწყისებზე, მხარეთა ჩართულობით, იხილავენ პროფესიული სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებულ განცხადებებს. ყოველი გადაწყვეტილება პროფესიონალთა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგია. 

ქარტიაში გაწევრება ნებისმიერ მოქმედ  ჟურნალისტს შეუძლია. შესაბამისად, ყველა მოქმედ ჟურნალისტს, ქარტიაში გაწევრებით, ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, და კოლეგებისგან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ჩაერთოს ქარტიის საბჭოს საქმიანობასა და განცხადებების განხილვაში. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობით ათეულობით ჟურნალისტმა ისარგებლა. 

ქარტია მრავალგვარი აქტივობით უწყობდა ხელს თვითრეგულირების იდეის პოპულარიზაციას როგორც ჟურნალისტურ წრეებში, ისე მედიის მომხმარებლებს შორის. ქარტია ამისთვის იყენებდა სატელევიზიო ეთერს, ატარებდა შეხვედრებს მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ჟურნალისტებთან და  ჟურნალისტური სკოლების სტუდენტებთან. 

პროფესიული სტანდარტების დანერგვაში ჟურნალისტების ხელშესაწყობად ქარტიას მომზადებული აქვს 30-მდე მეგზური და ჩატარებული აქვს ათობით ტრენინგი. მან ასევე უმასპინძლა არაერთ შეხვედრას ეთიკურ დილემებზე სამსჯელოდ. ქარტია 2012 წლიდან ატარებს მედია კონტენტის მონიტორინგს მედიაგაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და 2013 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს პრიზს პროფესიული სტანდარტების დაცვით მომუშავე ჟურნალისტების წასახალისებლად. 2014 წლიდან ქარტია მასალებს პროფესიული სტანდარტებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ აქვეყნებს ქარტიის მედია პლატფორმა “მედიაჩეკერზეც”. 

მოკლედ კონტექსტის შესახებ  

„ქართული ოცნების“ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება კრიტიკული მედიების მიმართ და მათი დისკრედიტაციის ორგანიზებული მცდელობები 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ჟურნალისტების მასობრივი დევნასა და მათზე ფიზიკური თავდასხმებში გამოიხატა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალოვნებმა და მათთან დაახლოებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 100-ზე მეტ ჟურნალისტს, რომელთაგანაც ბევრს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სერიოზული, და გაუნადგურეს და გასტაცეს ტექნიკა. საუკეთესო ონლაინ გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება და 39- დღიანი შიმშილობის შემდეგაც კი რეჟიმის ტყვედ რჩება. ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ პროტესტს აშუქებენ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკისრებენ 5 000 ლარიან ჯარიმებს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. გამოძიებამ დღემდე ვერ გამოავლინა ვერცერთი დამნაშავე. ჟურნალისტები ვერც სასამართლოში ახერხებენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, სადაც ცრუმოწმეებად თავად პოლიციელები გვევლინებიან. საჯარო უწყებები პრაქტიკულად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ინსტიტუციაში, რომელიც წესით ყველაზე გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტების ერთ ნაწილს შიდა რეგულაციებით საერთოდ უკრძალავენ შესვლას, ხოლო სხვებს - კითხვის დასმას პარლამენტის წევრებისა და სტუმრებისთვის მათი ნებართვის გარეშე. „ქართული ოცნება“ 2023 წლიდან ცდილობს ფინანსური საფუძვლის გამოცლას და განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვას დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც დასავლური ფონდების მხარდაჭერით სარგებლობს ხარისხიანი მედიაპროდუქტის შესაქმნელად. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მუშაობა აგენტების შესახებ კანონის ახალ ვარიანტზე, რომლის გამოყენებაც მას სურს, კანონის ორიგინალის კონცეფციის საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.