"ბიზნეს კურიერის- ჟურნალისტებმა პირველი პრინციპი დაარღვიეს
15.06.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი პაატა ლაგვილავა მსადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს  გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს "ნეპოტიზმი სამეგრელოში" და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა "განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ". შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ პირველი პრინციპი დაირღვა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.