ქარტია გადაცემა "პროფილის- წინააღმდეგ განცხადებას განიხილავს
19.04.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფლის" განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილის" წამყვანის, მაია ასათიანის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 14 აპრილს გასულ გადაცემაში, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაირღვა:

1 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, ასევე მე-3 პრინციპის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებლის აზრით, დარღვეულია მე-7 პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს, აგრეთვე, არა არის დაცული მე-10 პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

განმცხადებლის აზრით, "ჟურნალისტმა წინასწარგანზრახულობით გადაცემაში მიიყვანა, დასცინა და დისკრიმინაციულად მოექცა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოხუც ადამიანს (დადგენილება ყოფილი ეპისკოპოსის ილარიონ სამხარაძის სულიერი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ყოფილა თავად რუსთავი 2-ის განხილვის თემა), არ გადაამოწმა საპატრიარქოსთან სტალინის საკითხის ოფიციალურობა და სულიერი აშლილობის მქონე ადამიანი გამოიყენა, როგორც მხარე და ეკლესიის ოფიციალური პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.

მიღებულ განცხადებას ქარტიის საბჭო სხდომაზე განიხილავს.

იხილეთ

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.