ქარტიის საბჭოს განცხადება "ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით
13.01.2016

კატეგორია : განცხადებები;

12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა,

მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქარტია ესაუბრა ჟურნალისტებს, ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ "ტაბულას" მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტზე თავდასხმა ან რაიმე ტიპის ძალადობა. მედიას აქვს უფლება, ეთიკური სტანდარტების დაცვით საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოამზადოს მასალა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა კი - დაუშვებელი.

დამნაშავე პირების სათანადოდ დაუსჯელობის პრეცენდენტმა შესაძლოა,  სხვა პირები მედიაზე თავდასხმისკენ წაახალისოს, ჟურნალისტებს კი გაუჩნდეთ თვითცენზურა - მოერიდნენ გარკვეული თემების კრიტიკულად გაშუქებას.

როგორც "ტაბულას" ჟურნალისტები ამბობენ, თავდამსხმელების მხრიდან იყო მუქარაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სამართალდამცავმა უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის გაასაჯაროვონ  და არ შეიქმნას დაუსჯელობის პრეცენდენტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.