ქარტიამ ტელეკომპანია GDS-ის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა
12.11.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "არაკორექტული შოუს" გამო ამავე ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა მას შემდეგ, რაც უკან გამოითხოვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) გაგზავნილი განცხადება. განცხადებაში საბჭო უთითებდა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის იმ ნაწილის დარღვევაზე, რომელიც კრძალავს უხამსობის ეთერში გაშვებას.  ვინაიდან აღნიშნული მუხლის ერთ-ერთი  საფუძვლით კომისიისათვის მიმართვის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, ამიტომ განცხადება უკან იქნა გამოხმობილი. აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, ქარტიის ვებ გვერდიდან მოიხსნა 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია GNCC-სთვის მიმართვის შესახებ.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის შესწავლის მიზნით, მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მიმართოს თავად ტელეკომპანია GDS-ის თვითრეგულირების ორგანოს. GDS-ის თვითრეგულირების ორგანოსთვის გაგზავნილ წერილში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიუთითებს, რომ  "არაკორექტული შოუს" 2015 წლის 09 ნოემბრის გადაცემაში დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიერ დაწესებული მოთხოვნები: გადაცემა გაჯერებული იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკით. საბჭო უთითებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად "მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან". ზოგადად შეურაცხმყოფელი მასალის/ლექსიკის გამოყენება შესაძლებელია, თუ იგი გამართლებულია სარედაქციო კონტექსტით და ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს [მუხლი 55], ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს ტონალობა და სარედაქციო კონტექსტი [მუხლი 56]. "არაკორექტული შოუ"  იუმორისტული გადაცემაა და ლოგიკურია, რომ ზოგიერთი პირი თუ საზოგადოებრივი ჯგუფი ქილიკის/იუმორის საგანი გახდეს,  მაგრამ იუმორი თავისთავად არ გულისხმობს მიზანმიმართულ შეურაცხყოფას და მაუწყებელი უნდა ეცადოს ამგვარი შეურაცყოფის თავიდან აცილებას, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ   შინაარსობრივი კონტექსტისთვის აუცილებელი არ იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება და იგი არც საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებოდა", - აღნიშნავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო GDS-ისთვის გაგზავნილ წერილში და თვითრეგულირების ორგანოს სთხოვს, რომ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი წესით განიხილონ "არაკორექტული შოუს" 09 ნოემბრის გადაცემაში "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.